ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაუვალია თუ არა საქართველოსა და აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნა?


თბილისში მსჯელობენ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონფედერაციული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ.

ამ თემაზე პირველად მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში მიმდინარე წლის 18 ივლისს ვიზიტისას გააკეთა განცხადება.

"კონფედერაცია სულაც არ ნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხის შესუსტებას. კონფედერაციის სუბიექტი სუვერენიტეტს ინარჩუნებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ კონფედერაცია და ფედერაცია კარგი ცხოვრების შედეგი არ არის" - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პირიქით მიიჩნევს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის კონფედერაციული ურთიერთობების დამყარება საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის.

აზერბაიჯანსა და საქართველოს კონფედერაციის შექმნას მხარს უჭერს ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია”. ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ერთიანი ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება გახდება წინამძღვარი ეთნოკონფლიქტების დარეგულირების გზაზე. მისივე თქმით:

”სამხრეთ კავკასიის ქვეყნების - საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ერთ კონფედერაციულ სახელმწიფოდ გაერთიანება გარდაუვალია. ისევე, როგორც გარდაუვალი და აუცილებელია უახლოეს მომავალში სამხრეთ კავკასიის ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა. თუ ასე არ მოხდება ,რეგიონის ქვეყნებს უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევა გაუჭირდებათ”.

თუ ხელისუფლება სერიოზულად ფიქრობს კონფედერაციის შესახებ, მაშინ ახალი ურთიერთობები აზერბაიჯანთან საქართველოს დიდი ხიფათით ემუქრება, თვლის კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი :

”კონფედერაციის იდეა აქტუალური იყო რამდენიმე წლის წინ, მაგრამ მაშინ მისი რეალიზაცია ვერ მოხერხდა. საერთოდ ისტორიულად სამხრეთ კავკასიის კონფედერაციული მოწყობა ყოველთვის იყო ნაკარნახევი და გარედან თავს მოხვეული, სპარსეთიდან, თურქეთიდან ან რუსეთიდან.. მეტროპოლიისთვის ასე უფრო მოხერხებული იყო.. როგორც კი გარედან ზემოქმედება სუსტდებოდა, კონფედერაცია იშლებოდა, მათ შორის ურთიერთობათა გარკვევამდეც კი".

XS
SM
MD
LG