ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის არჩევნების შედეგები


ყოფილი პრემიერ მინისტრის აიად ალავის კოალიციამ ხმების უმრავლესობა მოიპოვა.

ერაყის საარჩევნო კომისიამ დაადასტურა მარტში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყოფილი პრემიერ მინისტრის აიად ალავის კოალიციის სასარგებლოდ. კომისიამ ბაღდადში ამომრჩეველთა ხმების გადათვლის შედეგები 16 მაისს გამოაქვეყნა.

კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაღდადში ამომრჩეველთა ხმების გადათვლისას რაიმე გაყალბების მცდელობა ან მნიშვნელოვანი დარღვევები არ იქნა დაფიქსირებული. როგორც ცნობილია ამომრჩეველთა ხმების გადათვლას პრემიერ მინისტრი ნური ალ-მალიკი ითხოვდა, მაგრამ ერაყის საარჩევნო კომისიის ოფიციალურმა პირებმა მხოლოდ ბაღდადის ამომრჩეველთა ხმების გადათვლა დაუშვეს. ბატონ ალავის კოალიციამ, რომელსაც ემხრობიან სუნიტები, პრემიერ მინისტრის ნური ალ-მალიკის შიიტურ კოალიციას პარლამენტში მხოლოდ ორი ადგილით გაუსწრო.

სანამ ამომრჩეველთა ხმების გადათვლა დაიწყებოდა, ერაყის პრემიერ მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ მისი კანონიერების კოალიცია უფრო მეტ ხმებს მოიპოვებს, ვიდრე აიად ალავის ერაყიის ბლოკი. მაგრამ, როგორც ირკვევა, ბაღდადის 2.5 მილიონი ამომრჩევლის ხმების 11-დღიანი გადათვლის შედეგად დადგინდა, რომ ალავის ერაყიის ბლოკმა პარლამენტში 91 ადგილი მოიპოვა მაშინ, როცა მალიკის კანონიერების კოალიციამ 89 ადგილი.

მანალ ომარი ვაშინგტონში განლაგებულ შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში ერაყის პროგრამის დირექტორია. მისი თქმით:

„ცხადია, რომ გადათვლის შედეგად არაფერი შეიცვალა. სტატუს კვო იგივეა, მაგრამ ხმების გადათვლამ დაგვანახა, რომ საჩივრების შემთხვევაში გადაიდგმევა გარკვეული საპროცედურო ნაბიჯები.“

არც ბატონ ალავის და არც ბატონ მალიკის კოალიციებს არ გააჩნია უმრავლესობა ერაყის 325-წევრიან პარლამენტში. შედეგად მათ დღემდე ვერ შექმნეს ახალი მთავრობა.

მაგრამ პრემიერ მინისტრის ნური ალ-მალიკის კანონიერების კოალიცია და სხვა მნიშვნელოვანი შიიტური კოალიცია ერაყის ნაციონალური ალიანსი გაერთიანდნენ და შედეგად ერაყის პარლამენტში ყველაზე მსხვილი ბლოკი შეიქმნა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ ბლოკში 159 წევრი შედის, მას პარლამენტში უმრავლესობის გაკონტროლებისთვის მაინც ოთხი დამატებითი ადგილი სჭირდება.

ბატონი ალავი, როგორც ერაყის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული, აცხადებს, რომ მას პირველს ეკუთვნის ახალი მთავრობის შექმნის უფლება. მაგრამ მანალ ომარი აღნიშნავს, რომ ორი შიიტური კოალიციის შერწყმის ფონზე პრემიერ მინისტრი ნური ალ-მალიკი ბევრად უფრო მყარ პოლიტიკურ პოზიციას იკავებს. ამასთან დაკავშირებით მანალ ომარი აღნიშნავს:

„მალიკიმ ხმების გადათვლის ხარჯზე მოიგო დრო კონსულტაციებისთვის და შექმნა ალიანსი და ამდენად მან უდავოდ უპირატესობა მოიპოვა. სულ სხვა კითხვაა თუ რამდენად მყარი იქნება ეს ალიანსი. თუ ალიანსი მყარი აღმოჩნდა, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ალავის შანსები ახალი მთავრობის შექმნის მხრივ ძალზედ უმნიშვნელო აღმოჩნდება.“

ომარი აღნიშნავს, რომ ბატონ მალიკის ალბათ აღარ გაუგრძელებენ პრემიერ მინისტრობას ოთხი წლით,რადგან იგი ცნობილია, რომ ძალზედ დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურაა.

„რაც შეეხება მალიკის მიერ შიიტური ალიანსის ინტერესების დაცვას, ამ მხრივ ბევრს ეჭვი ეპარება, რომ იგი ამ ამოცანას შესაბამისად გაუძღვება, რადგან გავრცელებული მოსაზრების თანახმად იგი მისი პოლიტიკური პარტიის ინტერესების დაცვით იქნება უფრო დაკავებული ვიდრე ალიანსის,“ აღნიშნავს ომარი.

ვაშინგტონში მდებარე კარნეგის ფონდის ახლო აღმოსავლეთის პროგრამის ხელმძღვანელი მარინა ოტავაი კი აღნიშნავს, რომ ერაყის მთავრობაში სხვა ჯგუფებიც შევლენ. მისი თქმით:

„მე ეჭვი არ მეპარება, რომ ქურთებს კოალიციაში მნიშვნელოვან პარტნიორებად მიიღებენ. მე აგრეთვე ვფიქრობ, რომ მმართველი კოალიციის გარკვეულ ნაწილს სუნიტები დაიკავებენ. მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია ის, თუ რა ფორმით შევლენ ისინი მთავრობაში.“

ამომრჩეველთა ხმების გადათვლის გამო ახალი მთავრობის შექმნის პროცესი შეფერხდა, რაც შემაშფოთებელია, რადგან ერაყში ამ ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა ისლამისტი სუნიტი მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმები. მანალ ომარი აღნიშნავს, რომ სანამ ახალი მთავრობა შეიქმნება ქვეყანაში ძალადობა გაგრძელდება. ომარი დასძენს:

„რაც უფრო დიდ ხანს გაჭიანურდება მთავრობის შექმნა, მით უფრო გაიზრდება ძალადობის დონე განსაკუთრებით კი პოლიტიკურ პარტიებს შორის მზარდი პაექრობის ფონზე რადგან ისინი ძლიერი ალიანსების შექმნას შეეცდებიან.“

ძალადობის მიუხედავად შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ 40,000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი ერაყს აგვისტოში დატოვებს. ერაყში 50,000 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება, მაგრამ მათი გაყვანა უნდა დასრულდეს 2011 წლის მიწურულს.

XS
SM
MD
LG