ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვა დაიწყო


რუსეთში ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვა დაიწყო

ეს ყოველივე იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მთავრობა 40 მილიონი ინტერნეტის მომხმარებელში ახალ პოლიტიკურ საფრთხეს ხედავს და მედიის შედარებით თავისუფალი სახის შეზღუდვაზე იწყებს ზრუნვას.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსი ჰაკერები შესამჩნევად გააქტიურდნენ. მათი არაერთჯერადი შეტევის შედეგად ოპოზიციური ვებ-გვერდები და პოპულარული ბლოგები ერთიმეორეს მიყოლებით რამდენიმე დღით მწყობრიდან გამოვიდა.

8 აპრილს მთელი დღე არ მუშაობდა რუსეთის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“, ვებ-გვერდი. იმავე კვირაში რამდენიმე დღის განმავლობაში არ იხსნებოდა რუსი ბლოგერების მთავარი პლატფორმა, „ლაივ ჯურნალ“, რომლის ხელმომწერებს და აქტიურ მომხმრებლებს შორის თავად პრეზიდენტი მედვედევია. პარალელურად კომუნიკაციების უსაფრთხოების ხელმძღვანელობამ ქვეყანაში „სკაიპის“, „ჰოთმეილის“ და „ჯიმეილის“ მოხმარების საფრთხეზე ისაუბრა და მათი აკრძალვა მოითხოვა.

ეს ყოველივე იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მთავრობა 40 მილიონი ინტერნეტის მომხმარებელში ახალ პოლიტიკურ საფრთხეს ხედავს და მედიის შედარებით თავისუფალი სახის შეზღუდვაზე იწყებს ზრუნვას.

უდავოა ინტერნეტის გადამწყვეტი როლი არაბულ სამყაროში ახალგაზრდა მოსახლეობის პოლიტიკურ გააქტიურებაში და ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილო აფრიკის უკანასკნელი პოლიტიკური მოვლენების განვითარებაში. ექსპერტები და პოლიტიკოსები ერთხმად აღიარებენ ინტერნეტის და კონკრეტულად - სოციალური ქსელების - მზარდ მნიშვნელობას თითქმის ყველა ქვეყნის პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებაში.

რუსეთში ინტერნეტის მოხმარება დრამატულად იზრდება. ყოველდღიურად მას 10 ათასი ახალი მომხმარებელი ემატება. ქვეყნის უშიშროებას, როგორც ჩანს, სერიოზული თავსატეხი გაუჩნდა - მედიის ძნელად კონტროლირებადი და თან საკმაოდ პოპულარული სახე. და ეს ყოველივე არჩევნების წინ: საპარლამენტო არჩევნები დეკემბერშია დაგეგმილი, საპრეზიდენტო კი - 2012 წლის მარტში.

ანდრეი სოლდატოვი, რომელმაც ახლახან ფეესბეს შესახებ წიგნი გამოსცა, ამბობს, რომ უშიშროების სამსახური სავარაუდოდ ჰაკერების თავდასხმებს გაახშირებს და დეკემბერში, ხმის დათვლის პერიოდში, ოპოზიციურ ვებ-გვერდებს სრულებით დახურავს.

„ეს ყოველივე ტექნოლოგიებში ვარჯიშად მეჩვენება: ფეესბე ამ გვერდების გამორთვისთვის ემზადება“, ამბობს ის.

იმავე აზრისაა ყოფილი პარლამენტარი ვლადიმერ რიჟკოვი. ის აცხადებს, რომ კრემლი ოპოზიციონერი ბლოგერების გააქტიურებით და მათი პოპულარობის ზრდით ძალზე შეშფოთებულია. თავად რიჟკოვი მოსკოვის ცენტრში კორუფციის საწინააღმდეგო აქციას გეგმავს. მარტის აქციაზე მათ ვებ-გვერდი „ლაივ ჯურნალი“ მთავრობის საწინააღმდეგო პროკლამაციების და ბროშურების გასავრცელებლად გამოიყენეს, რომელთა სათაური იყო: „პუტინი უდრის კორუფციას“.

„ლაივ ჯურნალი“ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბლოგერების ვებ-გვერდია. მას 5 მილიონი ბლოგერი ჰყავს და თვეში 13 მილიონზე მეტი მკითხველი. სწორედ ეს გვერდი გახდა ფეესბეს სამიზნე. კონკრეტულად კი - ალექსეი ნავალნის ბლოგი. ნავალნი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი ჟურნალისტია. მისი თვითეული პუბლიკაცია მთავრობაში არსებული კორუფციის მხილებას ეძღვნება და ბევრ მათგანზე გახმაურებული სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს. ნავალნი რუსეთის მმართველ პარტიას თავის ბლოგებში ქურდების და თაღლითების პარტიას უწოდებს. ვებ-გვერდის მენეჯერის, ილია დრონოვის, აზრით, შეტევა ერთ კონკრეტულ ჟურნალისტზე არ განხორციელებულა და მთავრობა მთელი „ლაივ ჯურნალის“ სრულ დახურვას შეეცდება.

ოპოზიციონერი ვლადიმერ რიჟკოვის თქმით, ფეესბეში ამ საკითხებს ცალკე განყოფილება კურირებს:

„ფეესბეს საიდუმლო განყოფილება აქვს, რომელშიც დაახლოებით 300 ტექნიკოსი მუშაობს. მათი მოვალეობა ინტერნეტის მონიტორინგი და მისი კონტროლია“.

გლებ პავლოვსკი, უმრავლესობის მომხრე პოლიტიკური ანალისტი კი ამაზე პასუხობს, რომ ოპოზიციის შიში უსაფუძვლოა. ინტერნეტის მომხმარებელი ახალგაზრდობა ძირითადად პოლიტიკურად აპათიური და პასიურია. ისინი არჩევნებზე ხმის მისაცემადაც კი არ დადიან.

საინტერესოა, რომ თავად რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი, „ლაივ ჯურნალზე“ არამარტო დარეგისტრირებულია, არამედ მისი ფართო მომხმარებელიც გახლავთ. ახალი ტექნოლოგიების და ინტერნეტის მოყვარულ რუს პრეზიდენტს თავადაც აქვს ბლოგი აღნიშნულ ვებ-გვერდზე. ბეჭდვით მედიაში ძალიან ხშირად ნახავთ მის ფოტოს განუყრელ „აიფედთან“ ერთად. ხუთშაბათს გვერდის აღდგენის შემდეგ პრეზიდენტმა თავის ბლოგზე განაცხადა: „როგორც ვებ-გვერდის აქტიური მომხმარებელი, ვაცხადებ, რომ ეს არალეგიტიმური და აღმაშფოთებელია. „ლაივ ჯურნალის“ სამი დღით დახურვის ფაქტი გამოძიებულ უნდა იქნას“.

თუმცა რიჟკოვი საკმაოდ სკეპტიკურად არის პრეზიდენტის პოზიციის მიმართ განწყობილი. მისი თქმით, მედვედევი მხოლოდ ბევრს ლაპარაკობს სიტყვის და ინტერნეტის თავისუფლებაზე, მაგრამ მას ქვეყნის უშიშროების სისტემაზე არანაირი კონტროლი არ აქვს. უწყება პრემიერ-მინისტრ, ვლადიმერ პუტინის, ერთპიროვნულ განკარგულებაშია, ისევე როგორც რუსეთის ყველა დანარჩენი ძალოვანი სტრუქტურა.

როგორც ჩანს რუსეთში ტრადიციული ორთაბრძოლა თავისუფლებას და კონტროლს შორის გრძელდება. ოღონდ ამჯერად მან ინტერნეტ-სივრცეში გადაინაცვლა.

XS
SM
MD
LG