ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი უკრაინაში


უილიამ ბარნსი უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს და პრემიერ-მინისტრს მიკოლა აზაროვს შეხვდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უილიამ ბარნსი უკრაინაში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, რომლის დროსაც იგი უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს და პრემიერ-მინისტრს მიკოლა აზაროვს შეხვდა. ამერიკელმა დიპლომატმა ოპოზიციის ლიდერებთან, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც გამართა შეხვედრები.

უილიამ ბარნსის განცხადებით, შეერთებული შტატები დაინტერესებულია უკრაინასთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელებით და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით.

უკრაინის ეკონომიკური რეფორმა უფრო გამჭვირვალეს გახდის ამ სფეროს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, უკრაინის ახალი საგადასახადო კოდექსი დადებით ეფექტს მოახდენს უცხოური ინვესტიციების წახალისების საქმეში.

უილიამ ბარნსის განცხადებით, უკრაინაში ძალზე მნიშვნელოვანია დემოკრატიის პრინციპების დაცვა. ამ თვალსაზრისით, აუცილებელია ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა.

პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა არა ერთხელ განაცხადა, რომ მედიის თავისუფლება და რეფორმების გაგრძელება გარანტირებული იქნება უკრაინაში. კიევში შარშან ზაფხულს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ოფიციალური ვიზიტისას ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მიესალმება უკრაინის ხელისუფლების ამგვარ პოზიციას, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია ამ რეფორმების ცხოვრებაში გატარება.

უკრაინელებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის დაცვა, იურიდიული სისტემის რეფორმირება, კორუფციასთან ბრძოლა და თავისუფალი პრესის წახალისება. უილიამ ბარნსის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა შეუძლებელია დამოუკიდებელი მედიის გარეშე, რომელმაც უნდა გამოავლინოს კიდეც სამართალდამცავებთან ერთად ამგვარი მოვლენები.

შეერთებული შტატები მიესალმება უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელმაც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების შესაბამისად, გამდიდრებული ურანის მარაგისგან განთავისუფლება გადაწყვიტა.

ვაშინგტონი მზადაა ითანამშრომლოს კიევთან უკრაინის მშვიდობიანი ბირთვული ობიექტების მოდერნიზაციის საქმეში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად. ეს ორივე ქვეყნის ინტერესებშია, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უილიამ ბარნსმა.

"ამერიკა უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გვერდით ედგა უკრაინელ ხალხს და მის ხელისუფლებას. შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს უკრაინასთან თანამშრომლობას დემოკრატიის განვითარების საქმეში და ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში" - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უილიამ ბარნსმა.

XS
SM
MD
LG