ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ფიქრობენ ამერიკელები არაბ ხალხებზე?


რას ფიქრობენ ამერიკელები არაბ ხალხებზე?
რას ფიქრობენ ამერიკელები არაბ ხალხებზე?

პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ჯეიმს ზოგბიმ ახალი წიგნი სახელწოდებით „არაბთა ხმები“ გამოსცა.

ბოლო დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში დიდი ოდენობის თანხები, სამხედრო ძალა და აღჭურვილობა გადააგზავნა. გასული საუკუნის 60 -იანი წლების შემდეგ, მსგავსი მაშტაბების ოპერაციებში ამერიკის შეერთებულ შტატებს მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა ამერიკელებმა ძალზე ცოტა რამ იციან არაბული სამყაროსა და არაბი ხალხების ცხოვრების შესახებ.

უახლესმა ისტორიამ და მიმდინარე მოვლენებმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს, უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე არაბ ხალხებზე უარყოფითი და ბუნდოვანი წარმოდგენა შეუქმნა.

პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ჯეიმს ზოგბიმ ამ თემასთან დაკავშირებით ახალი წიგნი „არაბთა ხმები“ გამოსცა. ავტორი წიგნში იმ ხუთი შეთხზული მითის შესახებ საუბრობს, რის გამოც ამერიკელ მოსახლეობას არაბ ხალხებზე დღემდე მცდარი წარმოდგენა აქვს.

პროფესორი ზოგბი მთავარ მითად არაბი ხალხის ერთი ნიშნის ქვეშ გაერთიანებაში ხედავს. მეორე მითს იგი არაბული სამყაროს მცნებაში აღიქვამს. ზოგბის საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ ექვს არაბულ ქვეყანაში ჩაატარა გამოკითხვა. გამოკითხვაში მონაწილეობა, მაროკოდან დაწყებული არაბთა გაერთიანებული ემირატებით დამთავრებული, 6 არაბული ქვეყნის მოქალაქეებმა მიიღეს. კვლევებმა გამოავლინა, რომ მდიდარი და განსხვავებული კულტურების მქონე არაბული ქვეყნების მოსახლეობა, მიუხედავად ბევრი საერთო თვისებებისა, ერთამანეთისგან მკვეთრად განსხვავდება:

„მაროკოს, ლიბანის, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის ქვეყნებში მცხოვრები არაბები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. კვლევებმა აჩვენეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ქვეყანის ყოველდღიური ცხოვრება და ტრადიციები ერთმანეთს არ ჰგავს, საერთო ენისა და ფასეულობების გამო, ეს ქვეყნები ერთმანეთთან მაინც უხილავი ძაფებით არიან დაკავშირებული. არაბებს შორის სხვაობები მაშინვე იშლება, როცა რომელიმე ქვეყანას უჭირს და სხვისი დახმარება სჭირდება. სწორედ მაშინ ჩანს არაბული სამყაროს ერთიანობა. ამის დასტურია ერაყის ომი და პალესტინელთა ტერიტორიული პრობლემები. სწორედ ამ დროს გამოვლინდა არაბთა ერთიანობა. ერთ ენაზე მოლაპარაკე არაბული სამყაროს ლიდერები დასხდნენ და პრობლემები საერთო ჭრილში განიხილეს“

ჯეიმს ზოგბი არაბული სამყაროს შესახებ მესამე მითის შექმნაში ამერიკულ მედიას ადანაშაულებს. ამერიკელების ცრუ შეხედულება იმის შესახებ, რომ არაბებს ამერიკელები სძულთ, არაბი ხალხის ფასეულობებსა და ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება:

„აზრი იმის შესახებ ,რომ თითქოს ყველა არაბს ამერიკა სძულს და დღენიადაგ მისი დამხობაზე ოცნებობს, კვლევების შედეგად არ დადასტურდა. როგორც ირკვევა, არაბულ ქვეყნებში მცხოვრების მოსახლეობისთვის მთავარი - ოჯახზე ზრუნვა, საკუთარი ჯანმრთელობა და კარგი განათლების მიღებაა. ისინიც, როგორც ჩვეულებრივი ამერიკელები, საკუთარ სამსახურზე ფიქრობენ, ოჯახურ საქმაინაობაში არიან ჩაფლული, ტელევიზორს უსხედან და საპნის ოპერები და ღამის შოუები მოსწონთ.“

რაც შეეხება მეოთხე მითს, იგი არაბი ხალხის "რელიგიურ ფანატიზმს" ეხება. გამოკითხვების თანახმად, არაბები სამლოცველოებში ზუსტად იმ სიხშირით დადიან, როგორც დედამიწაზე მცხოვრები სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანები.

მეხუთე მითი, რომელსაც ჯეიმს ზოგბი საკუთარ წიგნში აღწერს, არაბების რეფორმების მიმართ "ანტაგონიზმი" გახლავთ. ზოგბის საერთაშორისო გამოკითხვამ გამოავლინა, რომ არაბულ ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების განხორციელდება სურს. მათ სურთ გლობალურ წინსვლას ფეხი აუწყონ და პროგრესული და განვითარებული ქვეყნების სიაში ჩაეწერონ.

ჯეიმს ზოგბი საკუთარ წიგნში ამერიკელ ბიზნემსენებს მოუწოდებს, არაბული სამყაროს ქვეყნებში საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე იფიქრონ:

„არაბი ბიზნესმენები მზად არიან თქვენთან ითანამშრომლონ. ისინი თქვენთან ერთად მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას და გულისყურით მოგისმენენ. მათ კარგად ესმით საკუთარი საქმის და ბევრ პოლიტიკოსზე უკეთ შესწევთ ძალა მშვიდობასა და მეგობრობაზე იზრუნონ“

ჯეიმს ზოგბი წიგნში „არაბთა ხმები“ ასევე აღნიშნავს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც არაბ ხალხს ამერიკაში კარგად არ იცნობენ - ამერიკული განათლების სისტემაა. ამერიკული სკოლები და უნივერსიტეტები არ ცდილობენ ახალგაზრდა თაობებს მსოფლიო ხალხების ისტორია ასწავლონ და არაბი ხალხის კულტურა და ტრადიციები გულთან ახლოს მიიტანონ.

XS
SM
MD
LG