ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზიური ინტერვიუ „ფრიდომ ჰაუსის“ აღმასრულებელ დირექტორთან


ექსკლუზიური ინტერვიუ „ფრიდომ ჰაუსის“ აღმასრულებელ დირექტორთან
ექსკლუზიური ინტერვიუ „ფრიდომ ჰაუსის“ აღმასრულებელ დირექტორთან

ოთხშაბათს ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა თემაზე „რუსეთში ადამიანის უფლებების მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეფასება,“ რომელზეც სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრემერი. შეხვედრის შემდეგ ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ბატონ კრემერს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა.

კითხვაზე თუ როგორ დაახასიათებდა იგი ობამას ადმინისტრაციის ინიციატივით 2009 წლის ივლისში დაარსებული რუსეთ-ამერიკული საპრეზიდენტო კომისიის ფარგლებში არსებული სამოქალაქო საზოგადოების სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რომელსაც ამერიკის მხრიდან პრეზიდენტის მრჩეველი მაიკლ მაკფოლი უძღვება, ხოლო რუსეთის მხრიდან პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის აღმასრულებელი აპარატის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ვლადისლავ სურკოვი, კრემერმა შემდეგი პასუხი გასცა:

„სამოქალაქო საზოგადოების სამუშაო ჯგუფის საქმიანობა დიდი ეფექტურობით არ გამოირჩევა. სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრით, ეს ჯგუფი საერთოდ არ უნდა დაარსებულიყო რუსი თანათავჯდომარის სურკოვის გამო. თავის დროზე მე ხსენებული ჯგუფის დაარსების ამბავს საკმაოდ კრიტიკულად გამოვეხმაურე. ეგრეთწოდენული ‘სუვერენული დემოკრატიის’ ცნება ხომ სწორედ სურკოვმა მოიგონა. ამას გარდა მან ახალგაზრდული ორგანიზაცია ‘ნაში’ დაარსა და სხვა სახის საქმიანობაშია ჩართული, რაც სერიოზულ კითხვებს ბადებს იმის შესახებ თუ რამდენად შეესაბამება ამგვარი ფიგურა იმ სამუშაო ჯგუფის თანათავჯდომარის თანამდებობას, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხების განხილვა ევალება. აღსანიშნავია ისიც, რომ 70-ზე მეტმა რუსმა ადამიანის უფლებების დამცველმა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტმა პრეზიდენტებს მედვედევსა და ობამას ღია წერილით მიმართეს, რომელშიც ისინი კომისიიდან სურკოვის მოხსნას ითხოვდნენ. რამდენადაც საქმის კურსში ვარ სამუშაო ჯგუფმა დღემდე მხოლოდ ორი ფორმალური შეხვედრა გამართა და ისიც ყოველგვარი შედეგის გარეშე.“

კრემერს მიაჩნია, რომ ობამას ადმინისტრაცია რუსეთში ადამიანის უფლებების პრობლემებს დუმილით ხვდება, რაც უწინარეს ყოვლისა ოფიციალურ განცხადებებში გამოიხატება.

„ჩემი აზრით პრეზიდენტი ობამა რუსეთში ადამიანის უფლებების პრობელემებს დუმილით ხვდება. ამბობენ, რომ კერძოდ იგი ამ საკითხებს წინა პლანზე წევს, მაგრამ გარკვეულ მომენტებში ამ თემების საჯაროდ ხსნენება მიზანშეწონილად მიმაჩნია. ჩემს შეშფოთებას იწვევს აგრეთვე ისიც, რომ რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობას განგებ აზვიადებენ. იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა უფრო გვსურს ვიდრე პირიქით. ამის ერთ უცნაურ დადასტურებას წარმოადგენს თუნდაც ის გარემოება, რომ პრეზიდენტი ობამა პრეზიდენტ მედვედევს უფრო ხშირად ესაუბრება ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის ლიდერს,“ აღნიშნა კრემერმა.

რუსეთში შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ახლახან დასრულებულ ვიზიტთან დაკავშირებით კრემერმა აღნიშნა:

„ვფიქრობ ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის შედეგად ადამიანის უფლებების სფეროში რაიმე მნიშვნელოვანი მიღწევა არ არის მოსალოდნელი. მოხარული ვარ, რომ იგი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.“

ინტერვიუს დასასრულს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით კრემერმა დასძინა:

„ვფიქრობ ადმინისტრაციამ სწორი გეზი აიღო. ეს საკითხი მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს ეხება და ამდენად შეერთბეულმა შტატებმა ქართველებზე ზეწოლა არ უნდა მოახდინოს იმ მიზნით, რომ მათ საკუთარი პოზიციები დათმონ. საქართველოს პოზიცია ხომ სავსებით კეთილგონივრულია და იმაში გამოიხატება, რომ სახელმწიფო საზღვრის გაყოლებაზე დაწესდეს სასაზღვრო დაცვისა და საბაჟო კონტროლის რეჟიმი. აქ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პირდაპირი შედარება ევროკავშირთან, რომელსაც იგივე სასაზღვრო რეჟიმი აქვს როგორც მოლდოვასა და უკრაინასთან ისე დნესტრისპირეთთან. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ქართველებს უფრო მეტი საჩივრების წარდგენა შეუძლიათ. ამდენად ხსენებული მოთხოვნა საკმაოდ საზრიანად მეჩვენება. რუსებმა თავი უნდა დაანებონ ფანტაზიებს, რომ შეერთებული შტატები მათ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე დახმარებას გაუწევს. ეს საკითხი მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს ეხება.“

XS
SM
MD
LG