ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მიმართ დაპირისპირება იზრდება


ირანის მიმართ დაპირისპირება იზრდება
ირანის მიმართ დაპირისპირება იზრდება

არაბები ამერიკელთა წაქეზებას ცდილობენ, რათა ირანის ბირთვული ამბიციები შეაჩერონ.

ირანის ბირთვულ პროგრამასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, გრძელდება ამ ქვეყნის დაპირისპირება ამერიკასა და დასავლეთის ქვეყნებთან.

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, ირანის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, დიპლომატიური დაპირისპირება დასავლეთსა და ისლამურ რესპუბლიკას შორის მომავალ წელსაც გაგრძელდება.

ირანი უარყოფს დასავლეთის ბრალდებას, ატომური ბომბის შექმნის განზრახვასთან დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

დეკემბრის დასაწყისში, ჟენევაში ირანის წარმომადგენელი საიდ ჯალილი ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების, რუსეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის და გერმანიის წარმომადგენლებს შეხვდა. მომავალი შეხვედრა სტამბოლში იანვარში გაიმართება, მაგრამ ამ დროის მანძილზე ირანი არ აპირებს ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერებას.

საიდ ჯალილის განცხადებით:

“ ჩვენი აზრით ის მოლაპარაკებები არ შეიძლება შედეგიანი იყოს, სადაც მოწინააღმდეგე მხარე უხეში ზეწოლით ცდილობს მიზნის მიღწევას. ჩვენ არასოდეს დავემორჩილებით ამ დიქტატს.“

შეერთებული შტატები, ევროკავშირი და გაეროს უშიშროების საბჭო, მთელი წლის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ ახალახალი სანქციების შემოღებას უჭერდნენ მხარს.

ივლისში პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც ირანის ენერგო და საბანკო სექტორების წინააღმდეგ იყო მიმართული. ახალი სანქციები ირანთან უცხოური კერძო კომპანიების საქმიანობასაც უშლის ხელს.

როგორც ამერიკელი ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში როზმარი ჰოლისი აღნიშნავს:

“ ირანზე დიდი ზეწოლა ხორციელდება ამ სანქციების მეშვეობით, რომლებიც გასაოცარი ერთსულოვნებით მიიღეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, მაგრამ ეკონომიკური ეფექტის მიუხედავად ისიც აშკარაა, რომ ირანის პოლიტიკაზე ამ ღონისძიებამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა.“

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ომის დაწყების საფრთხე დღეს გაცილებით შემცირდა, რადგან ირანი გარკვეულ ტექნოლოგიურ პრობლემებს განიცდის ამ სანქციების გამო და როგორც ნაწილობრივ თავად ირანელებმაც აღიარეს, კომპიუტერულმა ვირუსებმა ამ პროგრამაზე პასუხისმგებელი მათი სისტემების დაზინება შეძლეს.

ახლახანს "ვიკილიკსის" მიერ გამოქვეყნებულმა დიპლომატიურმა მიმოწერამ დაადასტურა რეგიონში არსებული შეშფოთება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მარტო საუდის არაბეთის მეფის აბდულას პოზიცია რად ღირს, როდესაც ის ამერიკელებს ირანის ბირთვული პროგრამის განადგურებისკენ მოუწოდებდა.

როგორც პოლიტილოგი ბობ აუერსი ამბობს, გასაგებია რატომაც იწვევს შეშფოთებას ირანის ბირთვული პროგრამა. თუ ირანი ამ რეგიონის ატომური სახელმწიფო გახდება, არაბულ სამყაროს მასთან გამკლავების არანაირი საშუალება არ ექნება. ამიტომაც არაბები ამერიკელთა წაქეზებას ცდილობენ, რათა როგორმე შეაჩერონ ირანის ბირთვული ამბიციები.

ირან-ამერიკის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ართულებს თეირანის მიერ ორი ამერიკელის, შეინ ბაუერის და ჯოშ ფათალის დაპატიმრება 2009 წელს, საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო. მათი მესამე მეგობარი სარა შოურდი სექტემბერში გაანთავისუფლეს გარკვეული ჯარიმის გადახდის შემდეგ.

საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს ასევე ორი შვილის დედის, ირანელი ქვრივის საქინე მოჰამადი აშთიანის საქმეც, რომელსაც მრუშობისა და მეუღლის სიკვდილთან კავშირის გამო ჩაქოლვა აქვს მისჯილი, თუმცა ამ სასჯელის აღსრულება რამდენჯერმე გადაიდო.

როგორც ევროპაში აშთიანის საქმესთან დაკავშირებით აგორებული საპორტესტო კამპანიის ხელმძღვანელი ბაჰრამ სოროუში ამბობს, თუ საქინე კიდევ ცოცხალია, სწორედ ამ კამპანიას უნდა ვუმადლოდეთ. რადგან უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ირანში უამრავი ქალი და მამაკაცია ანალოგიურ საქმეებთან დაკავშირებით ბრალდებული, რომელთა ვინაობა და შემდგომი ბედი ჩვენთვის უცნობია.

უკვე წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ირანის მთვარობამ სასტიკად ჩაახშო 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო წამოწყებული საპროტესტო მოძრაობა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხალხში საპროტესტო განწყობა ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ ფაქტია, რომ ირანის დღევანდელი რეჟიმი ძალაუფლების სადავეების ხელიდან გაშვებას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG