ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ ირჩევს ამერიკა?


უზენაესი სასამართლოს დადგენილებამ გააუქმა კანონმდებლობა, რომელიც კერძო კომპანიებს, გაერთიანებებს, თუ მდიდარ ადამიანებს დიდძალი თანხებით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენაში აქამდე ხელს უშლიდა.

თეთრი სახლის კონტროლისთვის ბრძოლა მხოლოდ პრეზიდენტობის კანდიდატთა პირადი კამპანიებით აღარ შემოიფარგლება. საარჩევნო მარათონის მსვლელობაში ინტერესთა ჯგუფების როლი თანდათან იზრდება. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, ისინი არსებული ბარიერებისგან გათავისუფლდნენ და შესაბამისად წლევანდელი არჩევნების მიმდინარეობაზე მათი გავლენაც გაიზარდა.

საუბარია 2010 წელს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე ორ პროცესზე, რომლებმაც შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ ძალთა განლაგების ლანდშაფტი შეცვალა. სასამართლომ ორი ჯგუფის: „სითიზენს იუნაითიდ“ (Citizens United) და „სფიჩ ნაუ“ (Speech Now) მოთხოვნა დააკმაყოფილა. ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ ფედერალური საარჩევნო კომისია მათთვის კონსტიტუციის პირველი დამატების მიერ მინიჭებული სიტყვის თავისუფლების უფლებას ზღუდავს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებაში ფართო დავის საგნად იქცა. ფედერალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სინტია ბაურლის თქმით სასამართლოს დადგენილებამ კარი მხოლოდ სიტყვის თავისუფლებას როდი გაუღო:

ამ გადაწყვეტილებამ კორპორაციებს შეზღუდვები მოუხსნა და ისინი ახლა კანდიდატის სახელით დამოუკიდებლად ახდენენ საკამპანიო კომუნიკაციას, თუ თანხების განკარგვას“.

უზენაესი სასამართლოს დადგენილებამ გააუქმა კანონმდებლობა, რომელიც კერძო კომპანიებს, გაერთიანებებს, თუ მდიდარ ადამიანებს დიდძალი თანხებით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენაში აქამდე ხელს უშლიდა. ახალი რეგულაციის მეშვეობით შეიქმნა დიდი გავლენის მქონე დამოუკიდებელი პოლიტიკური კომიტეტები, რომელთაც შეერთებულ შტატებში სუპერ-პაკებს უწოდებენ.

განსხვავება იმაშია, რომ ახლა კორპორაციებს, გაერთიანებებს, თუ სპეციალური ინტერესების მქონე შეძლებულ ადამიანებს უფლება მიეცათ პოლიტიკურ პროცესებში ინვესტიციები განუსაზღვრელი რაოდენობით, ყოველგვარი ლიმიტის და შეზღუდვის გარეშე ჩადონ“- ამბობს გაზეთ „პოლიტიკოს“ ანალიტიკოსი, დევიდ ლევინტალი.

აპრილის თვის მონაცემებით, საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე რესპუბლიკელი კანდიდატის, მიტ რომნის მიერ დახარჯულმა თანხამ 86 მილიონი დოლარი შეადგინა. პარალელურად რომნის მხარდამჭერმა სუპერ-პაკმა სახელწოდებით „აღვადგინოთ ჩვენი მომავალი“ (Restore Our Future) მის კამპანიაზე უკვე 52 მილიონი დახარჯა. პრეზიდენტი ობამა საარჩევნო კამპანიაში სულ ახლახან ჩაერთო. მისი კამპანიისთვის შეგროვილმა ფონდებმა 200 მილიონს მიაღწია.

ოფიციალურად სუპერ-პაკებს საპრეზიდენტო კანდიდატებთან მოქმედების გეგმის კოორდინირების უფლება არ აქვთ. მაგრამ როგორც დემოკრატთა პოლიტიკური კონსულტანტი, პიტერ ფენი ამტკიცებს, რეალობა სულ სხვაგვარად გამოიყურება:

„ეს ე.წ. დამოუკიდებელი ჯგუფები სინამდვილეში დამოუკიდებლად არ მოქმედებენ. შესაძლოა კანდიდატებისგან ან პარტიისგან პირდაპირ მითითებებს არ ღებულობდნენ, მაგრამ აშკარად საქმის კურსში არიან და კამპანიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად გვევლინებიან“.

სუპერ-პაკების აღზევების გამო უზენაეს სასამართლოს ხშირად აკრიტიკებენ. დადგენილების დამცველები ამბობენ, რომ საგანგაშო არაფერია, რადგან ორივე პარტიას თანხების მოზიდვის თანაბარი საშუალება ეძლევა. ამომრჩეველზე კი გარეშე ჯგუფები უშუალო გავლენას ვერ მოახდენენ, ამბობს ჟურნალისტი დევიდ დრაკერი:

საბოლოო ჯამში ამომრჩეველი, რომელიც რეკლამას უყურებს, ის შინაარსს უწევს ანგარიშს და არა იმას, თუ ვინ აფინანსებს მას. თამაშის წესები ყველამ იცის, ამიტომ რეკლამის კონტექსტსაც ყველა ხვდება“.

ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ სუპერ-პაკები ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კანდიდატების კამპანიებზე ბევრად მეტ თანხას დახარჯავენ და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG