ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალის ციხე ქართველი ტყვეებით კვლავ შეივსო


ცხინვალის ციხე ქართველი ტყვეებით კვლავ შეივსო
ცხინვალის ციხე ქართველი ტყვეებით კვლავ შეივსო

9 ქართველის დაკავების შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

ცხინვალის ციხეში ამჟამად 12 ქართველი ტუსაღი იმყოფება. მას შემდეგ, რაც საყოველთაოდ ცნობილი გაცვლის ფაქტი შედგა და ორივე მხრიდან 14 დაკავებული დაუბრუნდა საკუთარ საცხოვრებელს, ყველა პროცესის დათბობას ელოდა, თუმცა მოულოდნელად, სოფელ თვაურებიდან, რომელიც ოსურ სოფელ ახმაჯს ესაზღვრება ერთდროულად 8 ქართველი დააკავეს. ისინი ახმაჯში ნათესავის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ და უშუალოდ ჭირისუფლის ოჯახის დატოვების შემდეგ დააპატიმრეს. ერთერთი მათგანი გულის პრობლემების გამო მალევე გაუშვეს სხვები კი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კიდევ ორი ადამიანი დააკავეს.

მეგი ბიბილური, რომელიც ქართულ-ოსური ურთიერთობების საკითხებზე მუშაობს და ორგანიზაცია „ქართლოსის“ ხელმძღვანელია ამბობს, რომ ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მდებარე სოფლებში უმეტესობა ოჯახებისა შერეულია, სახლებში ყველას ჰყავს ეთნიკურად ოსი და ქართველი წევრი. ამიტომაც, მათთვის ნათესავებთან კონტაქტების აკრძალვა იგივეა, რაც ადამიანისთვის წყლის დალევაზე თავის შეკავების მოთხოვნა.

მეგი ბიბილური ამბობს, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები ყველანაირი გზით ცდილობენ შეინარჩუნონ ურთიერთობა სისხლით ნათესავებთან და მათთან ერთად გაიზიარონ გასაჭირიცა და სიხარულიც. ამ სურვილის რეალიზებას წინ მხოლოდ პოლიტიკური ნების არარსებობა ეღობება.

9 ქართველის დაკავების შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართულ და ოსურ მხარეებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ მათი მოთხოვნა დაკავებულების განთავისუფლების თაობაზე რეაგირების გარეშე დარჩა. შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ ურთიერთობების პროცესში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, იგი უფრო მეტი ბერკეტის ამუშავებას ელოდა ამ მიმართულებით:

„თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი შეხვედრები აზრს დაკარგავს“- ამბობს იგი.

გულიკო ოდიშვილი ნიკა რაზმაძის მეუღლეა, რომელიც ცხინვალის ციხეში გასული წლის ნოემბერში მოხვდა:

„ჩემი მეუღლე ნასვამ მდგომარეობაში იყო და ისე აღმოჩნდა არაკონტროლირებად მხარეს, თავადაც ვერ მიხვდა. როდესაც 7 ქართველი გაათავისუფლეს, მეგონა ჩემს ქმარსაც გამოუშვებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა აღარ ვიცი რა ვქნა, ყველას უკვე მივმართე თხოვნით, რომ მეუღლის განთავისულების საკითხში ჩართულიყვნენ “- ამბობს გულიკო ოდიშვილი და დასძენს, რომ მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

ამ ეტაპზე პროგნოზს იმის თაობაზე, შედგება თუ არა დაკავებულთა მორიგი გაცვლა, არავინ აკეთებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ოსური მხარე ქართველებისგან ორი დაკავებულის გადაცემას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG