ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ამბიციური გეგმა


ობამას ამბიციური გეგმა
ობამას ამბიციური გეგმა

პრეზიდენტის თქმით, ფედერალურ ორგანიზაციებში ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე მანქანების რაოდენობა უკვე გაორმაგდა.

"მსოფლიოში მიმდინარე არეულობამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს განვახორციელოთ ამერიკის ე. წ. „ენერგო-დამოუკიდებლობის“ გეგმა" - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ. განვითარებად ქვეყნებში საწვავზე მოხმარების მოთხოვნის სწრაფი ზრდა მის ასევე სწრაფ გაძვირებას იწვევს. ამერიკელი მომხმარებელი ვეღარ წვდება ბენზინთან დაკავშირებულ ხარჯებს. სწორედ ახლა უნდა ჩაეყაროს საფუძველი ქვეყნის ენერგო-პროგრამის მომავალს, აღნიშნა პრეზიდენტმა:

„მინდა დღეს ახალი გეგმის შესახებ გამოვაცხადო. გეგმის, რომელიც საკმაოდ მიღწევადი და მისაღებია, თან ყველაზე საჭიროც. როცა მე პრეზიდენტად ამირჩიეს, ამერიკას ყოველდღიურად 11 მილიონ ბარელზე მეტი საწვავი შემოჰქონდა. 10 წელიწადში ჩვენ ეს რაოდენობა ერთი მესამედით უნდა შევამციროთ. და ჩვენ ამას შევძლებთ.“

ამ მიზნის მისაღწევად ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი სტრატეგიაა საჭირო, აცხადებს ბატონი ობამა. გეგმა ადგილობრივი წარმოების მოცულობის მატებასთან ერთად, ალტერნატიული საწვავის გამოყენების გაზრდასაც ითვალისწინებს და ვინაიდან ტვირთის გადაზიდვა შეერთებული შტატების ენერგიის მოხმარების ორ მესამედს შეადგენს, ფედერალური მთავრობა ჩვეულებრივ ბენზინზე მომუშავე მანქანების ლიკვიდაციას 2015 წლამდე აპირებს.

პრეზიდენტის თქმით, ფედერალურ ორგანიზაციებში ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე მანქანების რაოდენობა უკვე გაორმაგდა. მომავალში კი ისინი ჰიბრიდულ და ელექტრო მანქანებთან ერთად სრულებით ჩაანაცვლებენ ჩვეულებრივ სატრანსპორტო საშუალებებს.იაპონიაში ფუკუშიმას ბირთვულ რეაქტორზე მომხდარი გაჟონვის გამო ამერიკა არ აპირებს ატომურ ელექტროსადგურებზე უარის თქმას . შეერთებულ შტატებში 100-ზე მეტი ბირთვული სადგურია და ისინი ქვეყანას ელექტროენერგიის ერთი მეხუთედით ამარაგებენ:

„ჩვენ გავითვალისწინებთ იმ დასკვნებს, რომლებსაც იაპონიაში მომხდარი კატასტროფიდან გამოვიტანთ, რათა მომავალში უფრო უსაფრთხო ელექტროსადგურების დაპროექტება და მშენებლობა უზრუნველვყოთ. მაგრამ ენერგიის ამ წყაროზე უარს ჯერჯერობით ვერ ვიტყვით“.

"იმის მიუხედავად, რომ მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, ეს გეგმა მაინც არ არის სრულყოფილი" - აღნიშნა პრეზიდენტმა:

"სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება საწვავის იმპორტის მოცულობის გაზრდა. ამჯერად ეს მეგობარი ქვეყნებიდან მოხდება. ესენია: კანადა, მექსიკა და ბრაზილია."

ანალიტიკოსების თქმით, ამ გეგმის წარმატებით განხორციელებისთვის პრეზიდენტმა სამეცნიერო კვლევების სუბსიდირება მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს. ამ საკითხის იგნორირება პრეზიდენტის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის სერიოზული ნაკლი იყო, აღნიშნავენ კრიტიკოსები.

XS
SM
MD
LG