გრენლანდიაში მაისის შუა რიცხვებში გამართული არქტიკის საბჭოს შეხვედრა არქტიკის პრობლემებს მიეძღვნა. მას შეერთებული შტატების და რუსეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად გლობალური დათბობის შედეგები და არქტიკული ყინულის დნობის თემა განიხილებოდა.
საუბარი ამ პრობლემებზე ორი ქვეყნის უმაღლეს პირს შორის დიდი რვიანის სამიტზე საფრანგეთის ქალაქ დოვილშიც შედგა. ბარაკ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად ბერინგის სრუტეზეც ისაუბრეს. პრეზიდენტებმა ამ რეგიონში, რომელსაც ბერინგს უწოდებენ, ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის მომავალი პერსპექტივები განიხილეს.
ბერინგიას რუსეთის მხრიდან მდინარე ლენა ესაზღვრება, აღმოსავლეთით კი მაკენზის მდინარე, რომელიც კანადის ბრიტანულ კოლუმბიაში მდებარეობს. იგი 72-ე განედზე ჩუქჩის ზღვის ჩრდილოეთით მდებარეობს და სამხრეთიდან კამჩატკის ნახევარკუნძულის წვერი ესაზღვრება.
ამერიკულ-რუსული თანამშრომლობა ბერინგის თაობაზე 1991 წლიდან იღებს სათავეს. მაშინ პრეზიდენტებმა -ჯორჯ ბუშმა და მიხეილ გორბაჩოვმა- გლობალური ცვლილებების შესწავლის და გარემოს დაცვის საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მოილაპარაკეს.
ყოფილმა პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ ბერინგიის ბუნებრივი და კულტურული რესურსი საერთაშორისო მნიშვნელობის მატარებელია. არსებობს რეალური მტკიცებულება, რომ ჩრდილოეთ ამერიკის და ევრაზიის კონტინენტებს ოდესღაც ვრცელი სახმელეთო ზონა აკავშირებდათ. ამასთან დაკავშირებით, მათ ერთობლივი ბერინგის მემკვიდრეობის პროგრამის შექმნა გადაწყვიტეს.
ოცი წლის შემდეგ რუსეთმა ჩუკოტკაზე 1.8 მილიონ ჰექტარზე ეროვნული პარკის მშენებლობის გეგმა დასახა. გადაწყვეტილების შედეგად, შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დაიწყო. მიზანი ბერინგის სრუტის ორივე მხარეს საერთაშორისო დაცული ტერიტორიის დაწესება გახლავთ.
ობამა და მედვედევი არქტიკის ბერინგის უნიკალურ ეკოსისტემას ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. იგივე ითქმის რეგიონის ბუნებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ამიტომ საფრანგეთში დიდი რვიანის სამიტზე შემდგარ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ამერიკა-რუსეთს შორის ბერინგის საკითხზე ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ გაფართოებაზე მოილაპარაკეს.
თანამშრომლობა გაღრმავდება როგორც იმ ოფიციალურ პირებს შორის, რომელთაც ბერინგზე პასუხისმგებლობა ენიჭებათ, ასევე ორივე მხარეს მცხოვრებ მკვიდრ მოსახლეობას შორის, რათა უფრო კონკრეტული პრობლემები და თანამშრომლობის მეთოდები გამოიკვეთოს. ჩუკოტკის ნახევარკუნძულის მცხოვრებლებს და დასავლეთ ალასკელებს საერთო კულტურული მემკვიდრეობა აქვთ. ამიტომ ბერინგის გარემოს დაცვის ძალისხმევა ბერინგის სრუტის ორივე მხრიდან უნდა ხორციელდებოდეს.