ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთში ისლამური პარტიები პოზიციებს იმაგრებენ


ახლო აღმოსავლეთში ისლამური პარტიები პოზიციებს იმაგრებენ
ახლო აღმოსავლეთში ისლამური პარტიები პოზიციებს იმაგრებენ

მუსლიმთა საძმო, როგორც პოლიტიკური პარტია, ეგვიპტეში კანონით აკრძალულია.

ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ისლამისტური მოძრაობები, რომელთა უმრავლესობა პოლიტიკურ ასპარეზზე პარტიის სახით არ დაიშვება, წლის მიწურულს დანიშნულ არჩევნებამდე საკუთარი პოზიციების გამაგრებას ცდილობენ- იუწყება "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ნიკო კოლომბანტი ვაშინგტონიდან.

რობერტ დანინი შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საკითხების ექსპერტია. დანინის თქმით, ტუნისში მომხდარი მოვლენების მსგავსად, ეგვიპტეში ამჟამად მიმდინარე პროცესებში ისლამისტურ ჯგუფებს რაიმე მნიშვნელოვანი წვლილი არ შეუტანიათ.

„ეს არ არის ისლამისტური აჯანყება. სახალხო გამოსვლები მუსლიმთა საძმოს არ დაუგეგმავს. უფრო მეტიც, ეგვიპტეში ბოლო ხუთი წლის მანძილზე საზოგადოებრივი განსჯის მთავარ საგანს ლიბერალური ფასეულობები და პრინციპები წარმოადგენდა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მუსლიმთა საძმო რეფორმების ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებულ ლიბერალურ დებატებს ითვისებს. ეგვიპტეში განსაცვიფრებელი ის არის, რომ ლიბერალების მარგინალიზაციის ფონზე ეგვიპტური პოლიტიკური დებატების მთავარი თემა სწორედ ლიბერალურ იდეებს უკავშირდება “ - აღნიშნა რობერტ დანინმა.

აღსანიშნავია, რომ მუსლიმთა საძმო ეგვიპტეში მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს. მუსლიმთა საძმოს წარმომადგენლები ანტი-სამთავრობო მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად, ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მუსლიმთა საძმო, როგორც პოლიტიკური პარტია, ეგვიპტეში კანონით აკრძალულია. ეგვიპტის მთავრობა საძმოს წლების მანძილზე დევნის. თუმცა საძმოს მომხრეები ცოტა ხნის წინ ჩატარებულ არჩევნებში დამოუკიდებელ კანიდატებად იყრიდნენ კენჭს.

აბდელ მაუნუნ აბდელ ფუთჰუჰი მუსლიმთა საძმოს ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. წლების მანძილზე რეგიონის ლიდერები, ეგვიპტეს პრეზიდტის ჰოსნი მუბარაკის მსგავსად, პოლიტიკურ ასპრეზზე ისლამისტური დაჯგუფებების შეღწევას ხელს უშლიდნენ, აღნიშნავს ფუთჰუჰი.

მას მიაჩნია, რომ რეგიონის ლიდერებმა დაარწმუნეს საკუთარი ქვეყნების ელიტა, ისევე როგორც დასავლელი მოკავშირეები, რომ ისლამისტური ჯგუფები ექსტრემისტულ საერთაშორისო ქსელებს შექმნიან და ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას გამოიწვევენ.

„ამგვარი შეხედულება მცდარია, რადგან ისლამური ჯგუფები, ისლამური მოძრაობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე და მშვიდობისმოყვარე მოძრაობებს წარმოადგენენ. საკმაოდ წინდაუხედავია ის, რომ დასავლეთის რეჟიმებს და განსაკუთრებით კი ამერიკის მთავრობას ისლამისტების ეშინია. რასაკვირველია, ისლამურ მოძრაობებში ექსტრემისტებიც გვხდება ხოლმე, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით ისლამური მოძრაობების უმრავლესობა ეროვნული, მშვიდობისმოყვარე და ზომიერი მოძრაობებისგან შედგება“ - აღნიშნა ფუთჰუჰმა.

ფუთჰუჰმა "ამერიკის ხმასთან" მიცემულ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ წელს დაგეგმილი არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს.

აღსანიშნავია, რომ ვადამდელი არჩევნები წელს ტუნისშიც დაინიშნა მას შემდეგ, რაც სახალხო აჯანყების შედეგად, პრეზიდენტი ზინე ელ აბიდინ ბენ ალი, რომელიც ქვეყანას ორ ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე მართავდა, ტუნისიდან გააძევეს.

შეერთებულ შტატებში მდებარე ისლამისა და დემოკრატიის შესწავლის ცენტრის დამაარსებელი ტუნისელი რადვან მასმუდი აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისლამისტურ მოძრაობა ენაჰდას, რომელიც აკრძალული პოლიტიკური პარტია იყო, ტუნისში დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.

„ტუნისისთვის ეს ნამდვილი გამოცდა იქნება, გამოცდა იმისა შევძლებთ თუ არა ჩვენ საერო და ისლამურ პარტიებს შორის არსებული სხვაობის მიუხედავად ისეთ კომპრომისს მივაღწიოთ, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. მე ძალიან ოპტიმისტურად ვგრძნობ თავს რადგან ვიცი, რომ ენაჰდას პარტია ძალიან ზომიერი ძალაა და მას ზომიერი პოზიცია უკავია. მას შემდეგ რაც პარტია დაარსდა 1981 წელს, პარტიის წევრები დემოკრატიას ემხრობიან“ - დასძინა მასმუდიმ.

ნიშანდობლივია, რომ საზღვარგარეთ გატარებული 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ენაჰდას ლიდერი რაშიდ განუჩი გუშინ ტუნისში დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ენაჰდას პარტია ტუნისის სახალხო აჯანყებას სათავეში არ ედგა. თუმცა პარტიის წევრები იმედოვნებენ, რომ წელს დანიშნულ საყოველთაო არჩევნებში ენაჰდა ხმების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს.

ისლამური მოძრაობების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იდეოლოგიური თვალსაზრისით, ტუნისის ენაჰდა ეგვიპტის მუსლიმთა საძმოზე ბევრად უფრო ზომიერია.

XS
SM
MD
LG