ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალე დევნილების გამოსახლების პროცესი დაიწყება


მალე დევნილების გამოსახლების პროცესი დაიწყება

გორში 40 ოჯახი იქნება, ვისაც სახელმწიფოსგან ჯერ არანაირი თანხა არ მიუღია.

მიმდინარე თვეში დევნილების გამოსახლების პროცესის დაწყებას ელოდებიან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საგანგებო კომისია იმის დასადგენად, დევნილთაგან ვინაა კომპენსირებული და ვინ არა, უკვე კარგა ხანია მუშაობს.

კომპენსირებაში იგულისხმება არა ქონებისა და საკუთრების სანაცვლო თანხის მიცემა დევნილისთვის, არამედ, დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა. შესაბამისად, დევნილი ოჯახები, ვისაც 10 ათასი ლარი აქვს მიღებული, ან დევნილთა ჩასახლებაში კოტეჯი მიღებული, დაკმაყოფილებულად ითვლება. თუ ასეთი ოჯახი დღემდე რომელიმე სახელმწიფო ობიექტში არსებულ ფართს იკავებს, გამოსახლებას დაექვემდებარება.

2008 წლის აგვისტოს ომის გამო დევნილებად ქცეულ ადამიანებს დღეს გორში თითქმის ყველა საბავშვო ბაღი უკავიათ. ზოგიერთმა მათგანმა 2008 წლის სექტემბერში სახელმწიფოსგან მიღებული 10 ათასი ლარი უკვე დახარჯა ჯანმრთელობისა თუ სხვა პრობლემების გამო. ზოგმა ოჯახმა კი ამ თანხით საცხოვრებელი ფართის შეძენა მოახერხა. სამინისტროში აცხადებენ, რომ დევნილების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება კიდევ დამატებით უხერხულობებს შექმნის. ანუ, თუ ერთმა ოჯახმა აღებული თანხა საცხოვრებლის შესაძენად გახარჯა, მეორემ კი ეს სახსრები სხვა მხარეს მიმართა, რატომ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო მათ ორჯერ? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ დაიჩაგრება პატიოსანი მოქალაქე, ის ვინც სახელმწიფოსგან მიღებული ფულით თავშესაფარი მოიწყო. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჩაგრული ის კატეგორია გამოვა, რომელსაც კომპენსაცია უკვე აღებული და გახარჯული აქვს, მაგრამ საცხოვრებელი მაინც არ გააჩნია. სად უნდა იცხოვრონ ასეთმა ადამიანებმა გამოსახლების შემთხვევაში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ჯერ არავინ ჩქარობს.

პარლამენტის წევრი დიდი ლიახვისა და ფრონეს ხეობიდან ბადრი ბასიშვილი ამბობს, რომ გორში მხოლოდ 40 ოჯახი თუ იქნება, ვისაც სახელმწიფოსგან ჯერ არანაირი თანხა არ მიუღია.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა საბავშვო ბაღებიდან დევნილების სავარაუდო გამოსახლების შესახებ არაფერი იცის.

ერთ-ერთ საბავშვო ბაღში შესახებული ქალბატონი კი დღემდე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ელოდება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის თავმჯდომარე ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ კანონის მიხედვით, დევნილებს გამოსახლების თაობაზე წინასწარ წერილობით უნდა ეცნობოთ, თანაც ისე, რომ გასაჩივრების ვადები დაცული იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოსახლება უკანონოდ ჩაითვლება. ასეთი ფურცელი გორში ჯერ არც ერთი დევნილის ოჯახში არ მისულა.

გორის საბავშვო ბაღებში ამჟამად 200 დევნილ ოჯახზე მეტი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG