ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იორდანელი ხალხი სამართლიანი არჩევნების დანიშვნას ითხოვს


იორდანელი ხალხი სამართლიანი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

საპროტესტო აქცია მალევე დაიშალა და ქუჩებს სტაფილოსფერ ქურთუკებიანი დამლაგებლები მოედნენ.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამბოხი გრძელდება. იორდანიის ქუჩებში უკვე რვა კვირაა გამოსვლები არ შენელებულა.

პარასკევს ათასობით პოლიციელის ალყაში დემონსტრაციამ კიდევ ერთხელ მარშით ჩაიარა იორდანიის დედაქალაქის ცენტრში. ხალხი ხელმწიფის მიერ დანიშნული პრემიერ მინისტრის გადადგომას და არჩევნების დანიშვნას მოითხოვდა. არაბული სამყაროს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, იორდანიაში დემონსტრაციამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა. წინა კვირაში იქ მხოლოდ 8 ადამიანი დაშავდა.

პოლიცია საკმაოდ კეთილგანწყობილი ჩანდა. სამართალდამცავები დემონსტრანტებს ხილის წვენს და წყალს ურიგებდნენ. საპროტესტო აქცია მალევე დაიშალა და ქუჩებს სტაფილოსფერ ქურთუკებიანი დამლაგებლები მოედნენ.

ერთი შეხედვით უშფოთველ დემონსტრაციებზე აქტივისტები აცხადებენ, რომ მათი პოზიციები ურყევია და ისინი უკან არ დაიხევენ მანამ, სანამ საბოლოო მიზანს არ მიაღწევენ. ერთ-ერთი ორგანიზატორი, ომარ აბუ რასა, ახცადებს, რომ ის თავის ხალხთან ერთად მზად არის დარჩეს ქუჩაში, სანამ არ მიიღებს რაიმე სახის გარანტიას, რომ იორდანელებს ბოლოს და ბოლოს მიეცემათ არჩევნების ჩატარების უფლება. ხალხი სამეფოს შენარჩუნების წინააღდეგი არ არის, მაგრამ უნდა, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს და მეფის ძალაუფლება გარკვეულწილად შეიზღუდოს.

“ჩვენ არჩევნებს მოვითხოვთ, ხალხის მიერ არჩეული მთავრობა გვინდა. იორდანიის მოქალაქეებს მეტი თავისუფლებები უნდა ჰქონდეთ. ისეთივე რეფორმა უნდა გავატაროთ, როგორც დიდ ბრიტანეთში, სადაც თავის დროზე თავისუფლების ქარტია მიიღეს. გვყავდეს მეფე და გვქონდეს სამეფო, მაგრამ იორდანელ ხალხსაც მეტი ძალაუფლება უნდა მივანიჭოთ“.

დემონსტრანტები ასევე მოითხოვენ ყოვლისმომცველ გამოძიებას, რომელიც ეკონომიკურ რეფორმას და მისი გატარებისას დაფიქსირებულ კორუფციას გამოავლენს და აღმოფხვრის.

იორდანელი ჟურნალისტი, ტარიკ ალ ხმედი, ამბობს, რომ ის უკვე ორი თვეა საპროტესტო აქციებზე აქვეყნებს მასალებს, მათი დაწყების პირველივე დღიდან. მისი თქმით, დემონსტრანტების უმრავლესობას მუშათა კლასი შეადგენს. მათი თვიური ხელფასი საშუალოდ 350 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია. და ეს ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ძვირ ქალაქში.

წინა კვირისგან განსხვავებით, ბოლო დემონსტრაციაზე კიდევ უფრო მეტი ხალხმრავლობა აღინიშნებოდა და მას პროვინციებიდან ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. „ხალხს უკვე აღარ უნდა უყუროს, თუ როგორ პარავენ მას ფულს და მასთან ერთად თავისუფლებას. თან აღარავის სურს გაუთავებლად ითმინოს ეს განუკითხაობა“ - ამბობს ჟურნალისტი.

დემონსტრანტები ასევე მოითხოვენ პროდუქტზე ფასების კონტროლის დაწესებას, გადასახადებზე მეტ კონტროლს და ხელისუფლებაში ნეპოტიზმის აღმოფხვრას.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დემონსტრაციები დაიწყო, იორდანიის მეფემ, აბდულა მეორემ, მინისტრთა კაბინეტი გამოცვალა, ახალი პრემიერ მინისტრი დანიშნა და მოსახლეობას სერიოზული რეფორმების გატარებასაც შეპირდა. თუმცა დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ცვლილებები საკმარისი ტემპებით არ ხორციელდება.

მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა,

XS
SM
MD
LG