ინტერნეტისა და ციფრული ეპოქის სამყაროში თეატრს კვლავინდებურად უამრავი თაყვანისმეცემელი ჰყავს. ნიუ იორკში, ბრუკლინის კლასიკური თეატრის სცენაზე გაცოცხლებული კლასიკოსი დრამატურგების გმირები 21 საუკუნის მაყურებელს ძალზე ნაცნობ ემოციებსა და პრობლემებზე ესაუბრებიან.
ბრუკლინში მუსიკის აკადემიის თეატრის სპექტაკლებზე: „შეშლილის წერილები“ და "იუნ გაბრიელ ბორკმანი" -ბილეთების შოვნა არცთუ ისე იოლია. თეატრის აღამსრულებელი პროდიუსერი ჯო მელილო ამბობს, რომ ამ სპექტაკლებზე ბილეთები ყველაზე სწარაფად იყიდება.
არადა გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან ჰენრი იბსენის ცნობილ პიესაზე დადგმულ სპექტქკლში "იუნ გაბრიელ ბორკმანი" მთავარ როლს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი მსახიობი - ალან რიკმანი ასრულებს. რეჟისორის გადაწყვეტილებით, რიკმანმა - გაბრიელ ბორკმანის გმირის საშუალებით, თანამედროვეობის ყველაზე სკანდალური ფინანსისტის - ბერნი მედოფის ცხოვრება გააცოცხლა. მსახიობი ფიონა შოუ, სპექტაკლში ალან რიკმანის პარტიორია:
„ჩვენ სპექტაკლში მკაფიოდ ჩანს ადამიანებისა და თაობების ბრძოლა ფულისა და ძალაუფლების მოპოვებისთვის. ამ ბრძოლაში ინგრევა ოჯახები, იჩაგრებიან სუსტები, ნადგურდებიან ფინანსური კორპორაციები.“
მსახიობი ალან რიკმანის თქმით, იბსენის პიესის სამივე მთავარი გმირი თაღლითობისა და ფინანსური მახინაციების გამო ერთ საკანში ხვდება :
„მათი გზები წლების განმავლობაში არ გადაკვეთილა და ცხოვრების ამ ყველაზე ურთულეს მომენტში, ისინი დახურულ სივრცეში ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან."
ბრუკლინის მუსიკის აკადემიის თეატრის სპექტაკლი „შეშლილის წერილები“, ამერიკელმა რეჟისორმა ნიკოლოზ გოგოლის ცნობილ მოთხრობაზე დადგა. მიუხედავად იმისა, რომ გოგოლმა საკუთარ ნაწარმოებში ორი საუკუნის წინ მცხოვრები ადამიანის შინაგანი სულიერი მდგომარეობა ასახა, ბრუკლინის სცენაზე გაცოცხლებული გოგოლის გმირს თანამედროვეობისთვის ძალზე ნაცნობი და მტკივნეული პრობლემები აწუხებს:
„ჩემს გმირს საზოგადოებამ სახეში სილა გააწნა. მარტოსული და გაწბილებული სიგიჟისა და რეალობის ზღვარზე დგას და ცხოვრების მწარე გამოცდილებასთან შეგუებას თავის მოსულელებით ცდილობს " - ამბობს მთავარი როლის შემსრულებელი ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯეფრი რაში.
ჯეფრი რაშის გმირი ზმანებებსა და ილუზიებში იძირება.მას ისევე როგორც შექსპირის ცნობილ გმირს- მეფე ლირს- შეშლილი ზმანებებისა და ფიქრებისგან თავის დაღწევა არ ძალულს.
შექსპირის ცნობილი პიესა „მეფე ლირი“ ბრუკლინის თეატრის სცენაზე ინგლისელმა რეჟისირმა მაიკლ გრენდეიჯმა გააცოცხლა. როგორც მეფე ლირის როლის შემსრულებელი დერეკ ჯეიკობი აღნიშნავს:
„პიესაში ძალზე თანამედროვე დრამა თამაშდება. ძლევამოსილი ოჯახის უფროსი ასაკის მატებასთან ერთად უდიდესი პრობლებს აწყდება.“
როგორც თანამედროვე კრიტიკოსები აღნიშნავენ, კლასიკური ლიტერატურა იმით არის უკვდავი და მარადიული, რომ პრობლემები, რომლებიც მასშია გადმოცემული, კაცობრიობისთვის მუდმივი განსჯისა და ფიქრის საგანს წარმოადგენს. ამიტომაცაა, რომ თეატრისა და კინოს რეჟისორები კლასიკურ ნაწარმოებებსა და ცნობილ ავტორებს ასე ხშირად უბრუნდებიან.