ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანამ 2013 წლის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება


სანამ 2013 წლის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება
სანამ 2013 წლის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება

რა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე დგანან ოპოზიციური პარტიები საქართველოში?

მაინც რას საქმიანობენ პოლიტიკური პარტიები არაწინასაარჩევნო პერიოდში, რა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე დგანან? იმ ფონზე, როდესაც თბილისში მოკლე დიაპაზონზე მომუშავე ტელევიზიების დახმარებით საზოგადოებას შეუძლია შეიტყოს ოპოზიციური პარტიების საქმიანობისა და გეგმების შესახებ, საქართველოს რეგიონებში ამ მხრივ სრული ინფორმაციული ვაკუუმია. ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას აქ მუდმივი წარმომადგენლები ჰყავს და ცდილობს გარკვეული აქტივობების განხორციელებას.

რამდენადაც ჩვენ გავარკვიეთ, პოლიტიკური პარტიები, უმეტესწილად, იდენტური სირთულეების წინაშე დგანან. არაწინასაარჩევნო პერიოდში მათი საქმიანობა, ძირითადად პარტიის მხარდამჭერების რაოდენობის გაზრდისკენაა მიმართული, თუმცა როგორც ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ გორში, ეს პროცესი, გარკვეულწილად, კონსპირაციულ ხასიათს ატარებს.

„ბევრი ადამიანი გვიკავშირდება, ზოგი მოდის ჩვენთან ოფისში, ზოგიც ხმას სხვაგვარად გვაწვდის და გვეუბნებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ჩვენს გვერდით დადგნენ. გვერდით დადგომაში იგულისხმება მოსვლა დიდ შეკრებაზე, რომლის თარიღსაც ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა მოკლე ხანში დაასახელებს. ჩვენი მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში მოსვლა, პრობლემებს არ შეუქმნით, რადგან მიტინგზე მათი ინდენტიფიცირების შანსი ნაკლებია. რეალურად, ყველა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ერიდება, შიშობენ, რომ ჩვენთან ურთიერთობისას თუ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი დააფიქსირებს, სამუშაო ადგილს დაკარგავენ თვითონ, ან მათი ოჯახის რომელიმე წევრი. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენს აქტივისტებს აკავებენ, შემდეგ კი საპროცესო შეთანხმების დადების აუცილებლობის წინაშე აყენებენ,“– ამბობს თამუნა კოდოშვილი წახალხო კრების წარმომადგენელი გორში.

თემურ აფხაზაშვილი, ქართული პარტიის ლიდერი გორში ამბობს, რომ მათ ორგანიზაციაში გაწევრიანებას ღიად ადამიანები ერიდებიან. პირად საუბრებში კი დახმარებასა და მხარდაჭერას აღუთქვამენ. „ბოლო პერიოდში არ ყოფილა ჩვენი პარტიის წევრზე ზეწოლის ფაქტი, განსხვავებით ადრინდელისგან. გვეუბნებიან, როდესაც საჭირო იქნება, ჩვენს მხარდაჭერას გამოვხატავთ, მაგრამ მანამდე ატივობისგან თავს შევიკავებთო. ჩვენ გვესმის მათი, არავის არ სურს სამსახურის დაკარგვა" – ამბობს თემურ აფხაზაშვილი.

სახალხო კრების წარმომადგენელი თამუნა კოდოშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზეყველაზე სერიოზული პრობლემა ბიზნესის წარმომადგენლებს, პედაგოგებსა და დევნილებს აქვთ. ხელისუფლებას ნებისმიერ წუთს შეუძლია ბიზნესმენს ქონება და საწარმო დაუყადაღოს, პედაგოგი კი გაათავისუფლოს სამსახურიდან და ეს ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ მათ გასაჩივრების მექანიზმიც კი არ დაუტოვოს. რაც შეეხება დევნილებს, მათ ხელისუფლება შემწეობების გაუცემლობით აშინებს. თამუნა კოდოშვილი დასძენს, რომ მათ აქტივისტებზე ზემოქმედებას, უმეტესწილად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახდენენ.

ჩვენ ერთ–ერთი ასეთი ზეწოლის ფაქტის გადამოწმება ვცადეთ და დავუკავშირდით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საკრებულოს რწმუნებულს ივანე გაბროშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ თავს მოვალედ მიიჩნევს იყოს იქ, სადაც მისი თანასოფლელები არიან, სწორედ ამიტომაც ყოველთვის ესწრება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრებს, თუკი ასეთი სოფელში იმართება. რაც შეეხება ზეწოლის შემთხვევებს მისი მხრიდან, ბატონმა ივანემ ასეთი ფაქტის არსებობა უარყო.

მიმართავენ თუ არა ოპოზიციური პარტიის წევრები პოლიციას მათ მიმართ განხორციელებული უკანონობის შემთხვევაში? წარმომადგენლობითი სახალხო კრების ოფისში აცხადებენ, რომ პოლიციისთვის მიმართვას ხშირად, თავად დაზარალებული ერიდება, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ენერგიის ფუჭად ხარჯვაა. ქართულ პარტიაში კი ამბობენ, რომ დარღვევების დროს რამდენჯერმე მიმართეს პოლიციას, თუმცა დღემდე არც ერთი შემთხვევა არ გამოძიებულა.

XS
SM
MD
LG