ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ


ეგვიპტეში თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

გაბრაზებულმა კოპტმა ქრისტიანებმა ეგვიპტის უმაღლესი რანგის მუსლიმი სასულიერო პირების ავტომანქანას ქვები დაუშინეს. აღსანიშნავია, რომ მუსლიმი სასულიერო პირები კოპტ ქრისტიანთა ლიდერს პატრიარქ შენუდა III-ს შეხვდნენ. მგლოვიარე კოპტი ქრისტიანები ალექსანდრიაში მდებარე წმინდანთა კოპტურ ეკლესიაში შეიკრიბნენ. გუშინ წირვის დროს მათ შაბათს დილით ეკლესიის გარეთ მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ეგვიპტის უმაღლესი რანგის სასულიერო პირები შეხვდნენ შემდგომი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, იუწყება ქაიროდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ედვარდ იერანიანი. ისინი შიშობენ, რომ საპორტო ქალაქ ალექსანდრიის ერთ-ერთი ეკლესიის გარეთ შაბათს მომხდარ აფეთქებას ქვეყანაში რელიგიური დაპირისპირება მოჰყვება.

თვითმხილველთა ცნობით, შეხვედრის შემდეგ მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, როცა კოპტ მამაკაცთა ჯგუფმა მუსლიმ ლიდერთა ავტომანქანების საპატიო კორტეჟს ქვები დაუშინა. გავრცელებული ცნობების თანახმად, ავტომანქანებში მსხდომი ეგვიპტის მთავარი მოლა და ალ აზჰარის უნივერსიტეტის შეიხი თავდასხმის შედეგად არ დაშავდნენ. ეგვიპტის მთავარი მოლას წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ხალხის რისხვა კარგად ესმის.

შაბათს წმინდანთა კოპტური ეკლესიის გარეთ მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა მოსახსენიებელი წირვის შემდეგ შავებში გამოწყობილი მოხუცი ქალები ტიროდნენ. ეგვიპტის ტელევიიზით კი აჩვენეს ის, თუ როგორ ასუფთავებდნენ ტერორისტული აქტის ადგილს მუშები.

წირვის შემდეგ ეკლესიის მოძღვარმა მამა მაქარ ფაუზიმ ეკლესიაში მყოფ მრევლსა და გარეთ მდგარ ხალხში ვნებათა განმუხტვა სცადა.

ჩვენ ყველანი ადამის ბავშვები ვართ და ამდენად ჩვენ ერთმანეთის ძმები ვართ. ხოლო ძმებს შორის მტრობა არ მოსულა, იმ შემთხევაშიც კი, როცა ჩემი ძმა ათეისტია. არცერთ ადამიანს მისი ძმის მიმართ სიძულვილი არ უნდა ამოძრავებდეს, აღნიშნა მამა ფაუზიმ.

ამასობაში ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროსა და ალექსანდრიაში პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მზარდი დაძაბულობის თავიდან აცილებას ცდილობდნენ. შეიხ აჰმედ თაები ეგვიპტეში ცნობილ ისლამურ უმაღლეს სასწავლებელ ალ აზჰარის უნივერსიტეტში ასწავლის.

შეიხ აჰმედ თაების მიაჩნია, რომ აუცილებელია, რომ ქრისტიან და მუსულმან ლიდერებს შორის დაგროვილი პრობლემების გადაჭრის მიზნით დიალოგი წარიმართოს.

ეგვიპტის პოლიტიკური ლიდერები რელიგიური დაძაბულობის განსახილველად ოპოზიციური ვაფდის პოლიტიკური პარტიის შტაბ-ბინაში შეიკრიბნენ. ისინი შიშობენ, რომ დაძაბულობა რელიგიურ დაპირისპირებაში გადაიზრდება. პოლიტიკური პარტია ვაფდის ლიდერმა საიდ ალ ბადავიმ აღნიშნა, რომ ძალადობის თავიდან აცილების მიზნით ხალხი და პოლიტიკოსები უნდა გაერთიანდნენ.

შეხვედრის მონაწილეები შეთახმდნენ, რომ აუცილებელია პოლიტიკური და სამოქალაქო დისკუსიის წამრართვა, რომელიც ეგვიპტელ ხალხს აშკარა გზავნილს მიაწვდის, რომ ჩვენ ყველანი თანაბარი უფლებებით ვსარგებლობთ და მიუხედავად ბოლოდროინდელი მოვლენებისა ჩვენ ერთი ხალხი ვართ, აღნიშნა ბადავიმ.

კვირას საღამოს ქაიროში გამართული სახალხო დემონსტრაციის მთავარი თემა ეროვნული ერთობა გახლდათ. მაგრამ ბევრად უფრო ხალხმრავალი დემონსტრაცია ეგვიპტის კოპტური ეკლესიის პატრიარქის შენუდა III-ის რეზიდენციის მახლობლად გაიმართა. გაბრაზებული ახალგაზრდა ეგვიპტელი ქრისტიანები მთავრობისგან ეკლესიებისა და ტაძრების გაძლიერებულ დაცვას ითხოვდნენ.

რომის პაპმა ბენედიქტემ ეგვიპტელი ქრისტიანების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა დაგმო. გავრცელებული ცნობების თანახმად, ეგვიპტელი კოპტების წინააღმდეგ შაბათს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებაში ეგვიპტესა და ერაყში განლაგებულ ალ ყაიდას მეამბოხეებს ადანაშაულებენ. რომის პაპმა განაცხადა, რომ მომხდარი თავდასხმა ღმერთისა და მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„რელიგიური თავისუფლება კანონიერების განუყოფელი ნაწილია, რომლის უარყოფა შეუძლებელია “ -განაცხადა რომის პაპმა.

XS
SM
MD
LG