ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში მალე ცხარე დებატები დაიწყება


კონგრესში მალე ცხარე დებატები დაიწყება
კონგრესში მალე ცხარე დებატები დაიწყება

გასული წლის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელთა რიცხვი ორივე პალატაში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სულ რამდენიმე დღეში შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ადგილების უმრალვესობას დაიკავებენ. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმანი ვაშინგტონიდან იუწყება, მოსალოდნელია, რომ ფისკალური პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებული დებატები ახალ კონგრესში საკმაოდ ცხარე იქნება.

გასული წლის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელთა რიცხვი ორივე პალატაში მნიშვნელოვნად გაიზრდება. ახალი მოწვევის კონგრესი მიმდინარე კვირის მანძილზე უნდა შეიკრიბოს და რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ მათ ამერიკელი კანონმდებლებისთვის ერთადერთი გზავნილი აქვთ, რომელიც ტელეარხ სი-ბი-ეს-ზე გასულ გადაცემაში რესპუბლიკელმა კანონმდებელმა მინესოტას შტატიდან მიშელ ბაკმანმა შემდეგნაირად შეაჯამა:

„ნუღარ ხარჯავთ იმ სახსრებს, რომელიც თქვენ ისედაც არ გაგაჩნიათ.“

ბაკმანმა აღნიშნა, რომ ამერიკის ფედერალური მთავრობის დეფიციტი ტრილიონ დოლარს აღწევს და შეერთებული შტატების ეროვნული დავალიანება განუხრელად იზრდება.

როგორც მოსალოდნელია, 2011 წლის ფედერალური მთავრობის ბიუჯეტის შედეგანსთან დაკავშირებული პირველი დებატების დროს კანონმდებლები განიხილავენ იმას თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნება ეროვნული დავალიანების ზღვრის გაზრდა ფედერალური სესხების დაფინანსების მიზნით.

რესპუბლიკელ კონგრესმენ პენსილვანიას შტატიდან მაიკ კელის მიაჩნია, რომ კონგრესმა უფრო მეტი ზომიერება უნდა გამოიჩინოს.

„ეროვნული დავალიანების ზღვრის გაზრდა, ჩემი აზრით, ყოვლად უპასუხისმგებლო ინიციატივა გახლავთ. ჩვენ ფულის ხარჯვას ამდენი ხნის მანძილზე ეტყობა ისე მივეჩვიეთ, რომ მზად ვართ გავზარდოთ გადასახადები და რამენაირად მოვძებნოთ შემოსავლის ახალი წყარო,“ აღნიშნა მაიკ კელიმ.

იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული დავალიანების ზღვარი არ გაიზარდა შეერთებული შტატების მთავრობას გამოელევა ფული, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკის ფედერალური მთავრობა საკუთარი ობლიგაციებით განსაზღვრულ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს. ეს კი ობამას ადმინისტრაციის ცნობით, შემზარავ გლობალურ ფინანსურ კრიზისს გამოიწვევს.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას მთავარი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში აუსტან გულსბი აღნიშნავს, რომ ფედერალური დეფიციტი აუცილებლად უნდა შემცირდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისეთნაირად, რომ შედეგად მყიფე ეკონომიკური გამოცოცხლება ან სამომავლო ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები არ დაზარალდეს.

„თუ ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო მნიშვნელოვან ინვესტიციებზე ჩვენ უარს ვიტყვით, ეს უთუოდ შეცდომა იქნება. ქვეყანა ხომ გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშნველოვანი ფისკალური გამოწვევის წინაშე დგას. მაგრამ ეს რადიკალურად განსხვავდება იმ არგუმენტისგან, რომლის თანახმადაც აუცილებელია დანახარჯების მკაცრი შემცირება მაშინ, როცა ჩვენ 1929 წლიდან მოყოლებული ყველაზე უარესი ეკონომიკური ჩავარდნიდან გამოსვლა დავიწყეთ,“ განაცხადა ტელეარხ ეი-ბი-სი-ზე გამოსვლისას გულსბიმ.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატები შეერთებული შტატების სენატში ადგილების უმრავლესობას ინარჩუნებენ. ამდენად კონგრესის ახალ რესპუბლიკელ წევრებს საარჩევნო კამპანიის დროს მიცემული დაპირებების შესრულება გაუჭირდებათ, განსაკუთრებით რაც შეეხება პრეზიდენტ ობამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუქმებას.

მაგრამ რესპუბლიკელებს შეუძლიათ დემოკრატების მიერ შემოთავაზებული ფედერალური დანახარჯების პროექტირებული დონე უარყონ. ხოლო თუ ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებული დაპირისპირება გაჭიანურდა, შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა დაიხურება, როგორც ეს 1995 წელს მოხდა, როცა დემოკრატი პრეზიდენტი ბილ კლინტონი თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს რესპუბლიკელთა კონტროლის ქვეშ მყოფ კონგრესს დაუპირისპირდა.

XS
SM
MD
LG