ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილება არაბული გაზაფხულის ქვეყნებში


„შარშან ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში დაწყებული პოლიტიკური ცვლილებების ტალღა თავისუფლების, ეკონომიკური შესაძლებლობისა და ადამიანური ღირსებისკენ სწრაფვამ წარმოშვა. ყველა ის ადამიანი, ვინც დღესაც აგრძელებს ამ პრინციპების დასამკვიდრებლად ბრძოლას ჩვენს კოლექტიურ მხარდაჭერას საჭიროებს,“- გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.

აღსანიშნავია, რომ ცვლილება თითოეულ არაბული გაზაფხულის ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ვითარდება. ლიბიაში, გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ხელშეწყობის მისია გახანგრძლივდა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მიუთითებს. ამერიკა ლიბიას ყოფილი მეამბოხეების რეინტეგრაციის პროცესში და პროფესიული ეროვნული გვარდიის შექმნაში ეხმარება. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ასევე აგრძელებს დახმარებას ლიბიის საზღვრების დაცვის, ტრეფიკინგისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

კლინტონის განცხადებით, საბოლოო ჯამში ლიბიის წარმატება არა მისი დიქტატორის დამარცხება, არამედ წარმატებული, სტაბილური და თავისუფალი ქვეყნის ჩამოყალიბებაა.

იემენში, თებერვალში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და ინაუგურაციის შედეგები იმედისმომცემი იყო. ამერიკის შეერთებული შტატები იემენის მხარდაჭერას გააგრძელებს პოლიტიკური ტრანზიციის გზაზე, ეროვნული დიალოგის წარმართვის, კონსტიტუციის რეფორმასა და პოლიტიკური პროცესის დახვეწის მიზნით.

სირიაში მთავრობა აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტას. საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჰილარი კლინტონის განცხადებით, ხმა უნდა აიმაღლოს ამ დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგ და გარდამავალი ეტაპის დაწყება მოითხოვოს. სირიელმა ხალხმა ტუნისელი, ეგვიპტელი, ლიბიელი და იემენელი მოქალაქეების მსგავსად, საკუთარი მომავალი თვითონვე უნდა განსაზღვრონ.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მოვალეობაა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა გააგრძელოს. გაერომ მხარი უნდა დაუჭიროს სტაბილური, განვითარებადი ქვეყნების ფუნდამენტის შექმნას, რაც ანგარიშვალდებული, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე და დინამიურ სამოქალაქო საზოგადოებაზე ორიენტაციას გულისხმობს. უფრო მეტიც, საზოგადოების ცხოვრების ყველა ასპეტში ქალების ჩართულობის როლი უნდა გაიზარდოს.

კლინტონმა დასძინა, რომ მსოფლიოს უფრო მეტმა სახელმწიფომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს მხარი უნდა დაუჭროს და ამ ქვეყნების მოსახლეობას საშუალება მისცეს პოტენციალის რეალიზაცია მოახდინონ.

XS
SM
MD
LG