ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბულ სახელმწიფოთა ლიგა სირიის მთავრობას აკრიტიკებს


არაბულ სახელმწიფოთა ლიგა სირიის მთავრობას აკრიტიკებს
არაბულ სახელმწიფოთა ლიგა სირიის მთავრობას აკრიტიკებს

სირიის მთავრობამ ქვეყანაში რეპრესიული ზომების ჩატარების გამო არაბულ სახელმწიფოთა ლიგის კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა ორგანიზაციის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება იმასთან დაკავშირებით იმსახურებს თუ არა დამასკო არაბულ სახელმწიფოთა ლიგიდან დროებით გარიცხვას იმის გამო, რომ სირიის მთავრობა საკუთარ ხალხს სასტიკად უსწორდება. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელიზაბეთ აროტი ქაიროდან იუწყება, რომ სირიასა და რეგიონის სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებმა, რომლებსაც „არაბული გაზაფხული“ უწოდეს, არაბულ სახელმწიფოთა ლიგის არსებობაში ეჭვი შეიტანა.

არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში სირიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დამასკოს კრიტიკა მიკერძოებულია და ასახავს იმას, რომ ლიგის წევრებს არ ესმით ის, რომ სირიაში მიმდინარე არეულობა „უცხოურ გეგმებს“ ეფუძნება.

არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ მიმდინარე კვირის მანძილზე განაცხადა, რომ ორგანიზაციას სირიაში შექმნილი მდგომარეობა ძალიან აშფოთებს. თუმცა მას არ დაუდასტურებია ის, რომ ლიგის ზოგიერთ წევრს სირიის წევრობის დროებითი გაუქმება სურთ.

„ჩვენ სირიაში მიმდინარე მოვლენებს დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალ-ყურს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრ კონსულტაციას ვატარებთ. არაბული ქვეყნების ოფიციალური პირები მუდმივ სატელეფონო კავშირში არიან ერთმანეთთან, მაგრამ საგანგებო შეხვედრის ოფიციალური მოთხოვნა ჩვენ ჯერ არ მიგვიღია,“ აღნიშნა არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ.

სირიის ოფიციალური პირები ლიგიდან გარიცხვას უსაფუძვლოდ არ შიშობენ. მარტში ლიგამ ლიბია ჯერ დიპლომატიურ იზოლაციაში მოაქცია, ხოლო შემდეგ კი გაეროს ლიბიაზე არასაფრენი ზონის დაწესების რეკომენდაცია მისცა. თუმცა შემდგომში ლიგამ ეს ნაბიჯი ინანა იმის გამო, რომ არაბულ სახელმწიფოთა აზრით ნატომ თავდაპირველი მანდატით მინიჭებულ უფლებებს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ იანვარში 22 წევრისგან შემდგარ ორგანიზაციას დაშლა ემუქრებოდა. ქაიროს თაჰრირის მოედნის მახლობლად მდებარე არაბულ სახელმწიფოთა ლიგის შტაბ-ბინა ეგვიპტეში სახალხო აჯანყების ეპიცენტრში აღმოჩნდა. მაშინ ლიგა ეგვიპტელი ხალხის მოთხოვნებს საკმაოდ გულგრილად მოეკიდა. ეგვიპტის ქუჩებში გამოსულ დემონსტრანტებს ორგანიზაციაში მომუშავე ოფიციალური პირები უმოქმედო და კორუმპირებულ მთავრობებს აგონებდნენ.

ეგვიპტელი მიმომხილველი ფაჰმი ჰოუეიდი აღნიშნავს, რომ უმთავრესი შეუსაბამობა თვით ორგანიზაციის სახელში ჩანს ვინაიდან არაბულ სახელმწიფოთა ლიგა არაბი ხალხის მისწრაფებებისგან გათიშულია.

„მათ ბაჰრეინში შექმნილი მდგომარეობა არც განიხილეს. ამდენად ადვილი წარმოსადგენია ის, რომ ვიდრე არაბულ სახელმწიფოთა ლიგა მხოლოდ არაბული ქვეყნების მთავრობებსა და არაბ ლიდერებს ემსახურება, ამ ორგანიზაციის მიდგომა რეგიონში მიმდინარე მოვლენებისადმი ყოველთვის ძალიან ფრთხილი იქნება, რაც დადებით ან უარყოფით ირიბ გზავნილებში ნახავს გამოხატულებას,“ აღნიშნა ეგვიპტელმა მიმომხილველმა.

იმის გამო, რომ ლიგას გადაწყვეტილებების მიღება უჭირს, ორგანიზაციას მეტოქეები გაუჩნდა. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო იემენში, რომელიც არაბულ სახელმწიფოთა ლიგის წევრი გახლავთ, აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა. საბჭოს წარმომადგენლები იემენის მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობენ.

XS
SM
MD
LG