ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სურსათის ვარგისიანობის პრობლემა მსოფლიოში


სურსათის ვარგისიანობის პრობლემა მსოფლიოში
სურსათის ვარგისიანობის პრობლემა მსოფლიოში

შეერთებული შტატების მთავრობის ინფორმაციით, ამერიკაში ყოველწლიურად 50 მილიონი ადამიანი იწამლება სურსათით, ხოლო ათასობით მათგანი კი იღუპება საკვებში არსებული პარაზიტების მიერ გამოწვეული დაავადებებით.

ამერიკის ოფიციალურმა პირებმა, საერთაშორისო კორპორაციების ხელმძღვანელებმა და მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა შრი მულიანი ინდრავატიმ თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ისინი წყნარი ოკეანის აუზის ეკონომიკური თანამშრომლობის - იგივე აპეკის - წევრ ქვეყნებს სურსათის უვნებლობის მექანიზმების დახვეწაში დაეხმარებიან. შრი მულიანის განცხადებით, საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული ერთ რეგიონში დაწყებული პრობლემა ძალიან სწრაფად ვრცელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით:

„სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კრიზისი ერთი ქვეყნიდან მეორეს კატასტროფული სისწრაფით გადაეცემა.“

შეერთებულ შტატებში სურსათის უვნებლობის სტანდარტები შარშან იანვარში გაამკაცრეს, როცა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სურსათის უვნებლობის მოდერნიზაციის კანონს მოაწერა ხელი. ეს კანონი პრევენციული ზომების დანერგვას ისახავს მიზნად. სურსათის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდეტი პამელა ბეილი აცხადებს, რომ კრიზისის თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ინციდენტების პრევენციაა:

„სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყფად პრევენციული ზომების დანერგვას კრიტიული მნიშვნელობა აქვს.“

ახალი შეთანხმება, რომელიც აპეკის ქვეყნებს შორის დაიდო, მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვას გულისხმობს. განვითარებული ეკონომიკის მქონე ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიც შეერთებული შტატებია, ახალ რეჟიმში მონაწილეობას რუსეთი, ჩინეთი და ვიეტნამიც მიიღებენ.

ვოთერზ კორპორეიშენის წარმომადგენელი როჰით ხანა ამბობს, რომ სტრატეგია მოიცავს სურსათის მწარმოებლებისა და გადასამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელების ახალი სტანდარტების შესახებ განათლებას. გარდა ამისა, ყველა ქვეყანაში, რომელიც სურსათის ექსპორტს ეწევა, უნდა დაინერგოს სამეცნიერო თანამედროვე ტესტირების სისტემა:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ საექსპორტოდ განკუთვნილი საკვები პროდუქცია შესაბამისი სტანდარტების დაცვით არის გასინჯული. განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ამ ბოლო დროს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შიდა ბაზრისთვის განკუთვნილ საქონელზე მომხმარებელი ისეთივე მაღალი ხარისხის სურსათს ითხოვს, როგორიც მაგალითად შეერთებულ შტატებში იგზავნება.“

ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყანაში გაყიდული სურსათის 20 პროცენტი იმპორტირებულია. გარდა ამისა, თევზეულის 80 პროცენტი მთლიანად აზიიდან შემოდის ამერიკულ ბაზრებზე. გამომდინარე აქედან, ვაშინგტონი სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარების შემუშავების მომხრეა.

პამელა ბეილის თქმით, გასულ კვირას შექმნილი ახალი ფონდი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ფონდი ფუნქციონირებას მოკრძალებული თანხით - 1 მილიონი დოლარით დაიწყებს.

ბეილის განცხადებით, სურსათის უვნებლობის გლობალური მოძრაობა საწყის ეტაპზეა:

„ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი თანამშრომლობაა. ამჟამად კვების ინდუსტრიის არაერთი წარმომადგენელი და შეერთებული შტატების მთავრობა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ცდილობს სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მე დარწმუნებული ვარ მალე სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან და ეს ნამდვილად გლობალური მოძრაობა გახდება.“

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად დაწყებული ეს პროცესი გლობალური მასშტაბით სურსათის უსაფრთხოების პრობლემის დაძლევასაც ეცდება.


XS
SM
MD
LG