ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ამნისტია გაეროს უშიშროების საბჭოს აკრიტიკებს


2011 წელი ძალზე მშფოთვარე იყო - აღნიშნავს ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტია. თუმცა, მისი აზრით ამ მშფოთვარებას დადებითი მხარეც გააჩნდა. მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში საკუთარი უფლებების დასაცავად. ზოგიერთ ქვეყანაში მათ გამარჯვებასაც მიაღწიეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ეს წელიწადი ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში. იქ „არაბული გაზაფხულის“ ამბოხებებმა ძლევამოსილ ხელისუფლებებს ზოგან საძირკველი მოურყია, ზოგან კი აიძულა ათწლეულობით გამყარებული ძალაუფლება დაეტოვებინა.

თუმცა, საერთაშორისო ამნისტიის აზრით ხალხის მონდომება და დიდი შრომა არ აღმოჩნდა საკმარისი. ლიდერების სიმტკიცე და სიძლიერე მათ ენთუზიაზმს არამარტო ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც ბევრად ჩამოუვარდებოდა.

საერთაშორისო ამნისტიის კანონმდებლობის და პოლიტიკის განყოფილების დირექტორი, უიდნი ბრაუნი აღნიშნავს, რომ ლოკალურად ხელისუფლება სახალხო პროტესტს ძალადობით და სისასტიკით პასუხობდა. საერთაშორისო დონეზე კი პოლიტიკის მთავარ მიმართულებას არა ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესი, არამედ ალიანსები და ფინანსური ინტერეს-ჯგუფები განსაზღვრავდნენ.

„მთავრობები ამ მხრივ მცდელობას არ აკლებენ, თუკი იმ ქვეყანას, რომელსაც აკრიტიკებენ, ან ძალაუფლება არ გააჩნია, ან მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არ არის. თუმცა, ამავე დროს, თუ დასჭირდათ, მზად არიან კანონი ისე მოირგონ, როგორც აწყობთ“ - აღნიშნავს ის.

ანგარიში მკაცრად აკრიტიკებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოსაც, რომელმაც 2011 წელს ერთგვარი უუნარობა, დაღლილობა და შეუსაბამობა აჩვენა. განსაკუთრებით კი - შრილანკაში და სირიაში მომხდარი უფლებების დარღვევის მიმართ - ნათქვამია ყოველწლიურ ანგარიშში.

„ჩვენი შეშფოთების მიზეზი ის გახლავთ, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვის მისია აკისრია. მაგრამ სირიასთან დაკავშირებით, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა აშკარად ძალადობის სამიზნე გახდა, საბჭომ ჯერ უმოქმედობა არჩია. მოგვიანებით, კი როდესაც ბოლოს და ბოლოს ჩარევა გადაწყვიტა, ძალზე სუსტი ნაბიჯები გადადგა“ - აცხადებს საერთაშორისო კანონმდებლობის და პოლიტიკის დირექტორი.

ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრები არიან. ქალბატონი/ბატონი ბრაუნი აღნიშნავს, რომ ისინი მსოფლიოს წამყვანი იარაღის ექსპორტიორებიც არიან. ანუ, იქმნება სიტუაცია, რომელშიც სავსებით დასაშვებია, რომ ფინანსური ინტერესების კონფლიქტთან გვქონდეს საქმე, ამბობს ის.

„წარმოიდგინეთ, რომ ექვსი მთავარი დილერიდან - ხუთი უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრია. გარკვეული ირონიაა ამაში: სწორედ იარაღით მოვაჭრე წამყვანი ქვეყნების მთავრობებს აბარიათ მსოფლიოში მშვიდობის და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვა და განმტკიცება,“- დასძენს ის.

საერთაშორისო ამნესტიამ ანგარიშს 2012 წლის იარაღით ვაჭრობის მონაცემებიც დაურთო, რათა იარაღით გლობალური ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებაზე გავლენა მოახდინოს. საბოლოო შეთანხმებაზე ხელმოწერა ამა წლის ივლისში, ნიუ იორკში უნდა მოხდეს.

ორგანიზაციის შეიარაღების კონტროლის მენეჯერი, ბრაიან ვუდსი ამბობს, რომ თუკი იარაღის ექსპორტი ადამიანის უფლებების დარღვევასთან უშუალო კავშირშია, მაშინ მისი შეწყვეტის მექანიზმები უნდა არსებობდეს. ამის ერთადერთი გზა საერთაშორისო შეთანხმება იქნება.

როდესაც რომელიმე მთავრობას ან კომპანიას ეუბნები, რომ იარაღი ამა თუ იმ ქვეყნისთვის არ უნდა მიეწოდებინა, პასუხი ასეთია: ჩვენ თუ არა, სხვა მაინც მიჰყიდის. ასე რომ ამ პრობლემას ჩვენ ვერ მოვუვლით, თუკი საქმეში ისეთი საერთაშორისო არბიტრაჟი არ ჩაერია, რომელსაც გავლენა ყველა ქვეყნის ნებისმიერ დონეზე ექნება“ - აღნიშნავს ბატონი ვუდსი.

საერთაშორისო ამინისტიის 2012 წლის ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას 155 ქვეყანასა და ტერიტორიაზე აჯამებს.

XS
SM
MD
LG