ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოეზია და სუპერთასი - ამანდა გორმანი ამერიკის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა


ამანდა გორმანი, 22 წლის პოეტი, რომელიც ამერიკელთა წინაშე ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე წარდგა, ქვეყნის ყურადღების ცენტრში კვირასაც მოექცა. მან ამერიკის ისტორიაში პირველად, პოეზია
სუპერთასის გათამაშების ცერემონიის ნაწილად აქცია.

გორმანმა კვირას, ტამპაში, ფლორიდის შტატში თამაშის წინა სადღესასწაულო ცერემონიაზე საკუთარი ლექსი წაიკითხა: "კაპიტნების გუნდი". ეს ლექსი პანდემიისას გაწეული საქმიანობისთვის სამ ადამიანს ეძღვნებოდა: განმანათლებელ ტრიმაინ დევისს, ექთან-მენეჯერ სუზი დორნერსა და საზღვაო ძალების ვეტერანს, ჯეიმს მარტინს.

გორმანს ლექსი მოედანზე არ შეუსრულებია, მაგრამ მისი ვიდეო-ჩანაწერი - მიმართვა, რომლის შემდეგაც მან ლექსი წაიკითხა, თამაშის წინ გავიდა ეთერში. მისი ლექსის სიტყვებით, ამ ადამიანების საქმიანობა გმირობაა, ისინი მებრძოლები და ჩემპიონები არიან, კაპიტნები და მათი წვლილი ამერიკელებმა თავადაც მართებული და სამართლიანი მოქმედებით, სიმამაცითა და თანაგრძნობით უნდა აღნიშნონ.

სუპერთასზე პოეზია ბევრისთვის ამ საღამომდე წარმოუდგენელი რამ იყო. თუმცა ინაუგურაციის შემდეგ, ახალგაზრდა პოეტი ნამდვილად არნახული ყურადღების ცენტრშია და ამერიკელებზე მისი შთაბეჭდილებაც საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. ტელეკომპანია CBS-ს ეთერში წარმოდგენას 100-მილიონამდე ადამიანი უყურებდა. შესაბამისად ეს პოეზიისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფართო აუდიტორია იყო.

გორმანი, რომელიც ქვეყნის ახალგაზრდა პოეტთა ეროვნული კონკურსის ლაურეატი იყო, 20 იანვარს ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ლექსი წაიკითხა. მისი პოეზიის წიგნი მალევე დაწინაურდა ბესტსელერთა სიებში. ის ამ კვირის ჟურნალ "ტაიმის" გარეკანზეც იქნება. ინტერვიუ მისგან მიშელ ობამამ აიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG