ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ახალი სარდალი ჯონ ალენი კოალიციის კურსს გააგრძელებს

გენერალმა დევიდ პეტრეუსმა ავღანეთში შეერთებული შტატების და ნატოს კოალიციის სარდლობა გენერალ ჯონ ალენს გადააბარა. თავად პეტრეუსი შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ჩაუდგება სათავეში. სარდლის შეცვლა იმ დროს განხორციელდა, როდესაც ავღანეთში თალიბანის აქტიურობა გრძელდება, ხოლო ავღანეთში უშიშროების ძალები თანდათანობით იღებენ პასუხისმგებლობას ზოგიერთი პროვინციის კონტროლზე. გენერალ პეტრეუსს ავღანეთში კოალიციის სარდლის თანამდებობაზე ყოფნამ ურთულეს პერიოდში მოუწია. მან ორშაბათს სარდლობის გადაბარების ცერემონიალის დროს ავღანეთში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისგან მედალი მიიღო.

იმავე დღეს ჰამიდ კარზაის ერთერთი უფროსი მრჩევლის მოჰამედ ხანის დაკრძალვა გაიმართა, რომელიც ქაბულში კვირას საკუთარ სახლში თალიბებმა მოკლეს. ეს ერთი კვირის მანძილზე უკვე მეორე მასშტაბური მკვლელობა გახდა. პირველი მსხვერპლი კი კვირის დასაწყისში ჰამიდ კარზაის ნახევარძმა - ყანდაარის გუბერნატორი აჰმად ვალი კარზაი იყო, რომელიც სამხრეთ ავღანეთში ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. ისიც საკუთარ სახლში საკუთარმა მცველმა მოკლა. ორივე შემთხვევაში მკვლელები ადგილზევე იქნენ ლიკვდირებულები უშიშროების ძალების მიერ. ამ მკველობებამდე კი ქაბულში სასტუმრო ინტეკონტინეტალზე განხორციელდა შეტევა, რითაც თალიბანმა თავისი სიცოცხლისუნარიანობის დემონსტრირება მოახდინა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გენერალმა პეტრეუსმა თავისი სარდლობის პერიოდში თალიბანის შევიწროვება და ზოგიერთ რაიონში მათი გავლენის აღკვეთა მოახერხა. პეტრეუსის მემკვიდრემ გენერალმა ჯონ ალენმა განაცხადა, რომ ის თალიბებზე ზეწოლის გაგრძელებას აპირებს.

„მე განზახული მაქვს შევინარჩუნო კამპანიის მთავარი სულისკვეთება. მე გავაგრძლებ ავღანეთის არმიისთვის ყველა სახის მხარდაჭერას, რეკრუტს, წვრთნას, აღჭუღვას და საველე მომზადებას,“ - განაცხადა გენერალმა ალენმა.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთის ძალების გაწვრთნა ნატოს კოალიციის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს პროგრამა 2014 წლისთვის უნდა დასრულდეს, როდესაც ავღანეთის არმია სრულად გადაიბარებს ქვეყანაზე კონტროლს, ხოლო კოალიციის ძალები კი სახლებში დაბრუნდებიან.

ამ კვირაში ქვეყნის რამდენიმე რაიონში სადაც თალიბების აქტიურობა დაბალია, ავღანეთის ძალებმა უკვე გადაიბარეს ვითარებაზე კონტროლი.

ავღანეთის პარლამენტის წევრი ქალბატონი ფავზია კუფი ამბობს, რომ კოალიციის ძალების გაყვანა ავღანეთში წარმატების მიღწევის შედეგი უნდა იყოს და არა ნატოს წევრ ქვეყნებში სახალხო ზეწოლის გაძლიერების. თუმცა, მისივე თქმით, არ არსებობს იმის საზომი თუ რა მოხდება 2014 წლამდე.

კუფი ამბობს, რომ კოალიციის ძალების გაყვანის პროცესი უნდა იყოს ზუსტად დაგეგმილი და ამან ვითარების გაუარესება არ უნდა გამოიწვიოს. ამავდროლად ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თალიბანის ზოგიერთ წევრთან უკვე დაწყებულია მოლაპარაკება ქვეყანაში არსებული ვითარების პოლიტიკური გადაჭრის მიზნით. თუ რამდენად შეუწყობს ამ პროცეს ხელს ახალი სარდლის დანიშვნა, ამას დრო გვიჩვენებს.

XS
SM
MD
LG