ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანალიტიკოსები წარმატებას ჯარის ერთიანობაში ხედავენ


ეთნიკური დაპირისპირება და პოლიტიკური ფრაქციები, შესაძლოა, ავღანეთის მშვიდობისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს

2014 წლისთვის ავღანეთში საერთაშორისო საბრძოლო შენაერთების მისიების დასასრულის მოახლოებასთან ერთად, ყურადღება დიდწილად ეთმობა იმას, თუ რამდენად შეუძლია ავღანეთის არმიას, უზრუნველყოს ქვეყნის დაცვა თალიბანის მსგავსი ექსტრემისტი მებრძოლი დაჯგუფებებისგან. როგორც მთავრობის ყოფილი წარმომადგენლები და სამხედრო პირები განმარტავენ „ამერიკის ხმის” კორესპონდენტთან, შერონ ბენთან საუბარში, ეთნიკური დაპირისპირება და პოლიტიკური ფრაქციები, შესაძლოა, ქვეყნის მშვიდობისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს.

ავღანეთის არმიაში ამჟამად 184,000 ჯარისკაცი, ხოლო პოლიციის შენაერთებში 146,000 ადამიანი მსახურობს.

პერსონალის მხოლოდ რიცხვოვნობაზე დაყრდნობით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ახლოს არის იმ პერსპექტივასთან, რომ შეძლოს ქვეყნის ექსრემისტული საფრთხეებისგან დაცვა.

თუმცა, ყოფილი სამხედრო და სამთავრობო წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თალიბანი და ტერორისტები ერთადერთ საფრთხეს არ წარმოადგენს, რის წინაშეც ავღანეთი 2014 წელს აღმოჩნდება. მათი თქმით, ზოგიერთი ეთნიკური ლიდერი შეიარაღების განახლებას იწყებს, რაც, შესაძლებელია ტერიტორიისა და გავლენისათვის საშიშ ბრძოლაში გადაიზარდოს.

ეს ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც ანალიტიკოსების აზრით არსებობს ხელისუფლებაში, ჯარსა და მთავარსარდლების მიერ კონტროლირებად პროვინციებშიც კი, შესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს. შირ ხოსტი ღაზნის პროვინციის ყოფილი გუბერნატორია.

„არის საშიშროება იმისა, რომ 2014 წლის შემდეგ, სხვადასხვა დანაყოფის არსებობის გამო, ჯარი ისევ დაიშლება, რადგან აქ მყოფ გენერალთა უმრავლესობა ჩრდილოეთიდან არის და როგორც ჩემთვის ცნობილია, მძიმე იარაღი ჩრდილოეთისკენ გადააქვთ. ეს კი მომავალში უამრავ სირთულეს შექმნის. ამ საკითხებს ყურადღება ახლა უნდა მივაქციოთ, სანამ [ვითარების] ესკალაცია მოხდება და პროცესების შეჩერებას ვეღარ შევძლებთ,” - ამბობს შირ ხოსტი.

თალიბანები ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე არიან, თუმცა, ყველაზე მძლავრად თავიანთ ეთნიკურ, სამხრეთით მდებარე პაშტუნის ბაზაზე არიან წარმოდგენილნი. ჩრდილოეთში მმართველობას ეთნიკური ტაჯიკების, უზბეკებისა და ჰაზარეებისგან შემდგარი ყოფილი ჩრდილო ალიანსის სარდლები ინარჩუნებენ.

როგორც ქაბულის სამხედრო სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, ბრიგადის გენერალი, ამინულა პატაიანი ამბობს, ჯარში ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი მსახურობს. მისი თქმით, ნებისმიერ ავღანელს, რომელი ნაციონალობის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს - იქნება ეს პუშტუნი, ტაჯიკი, უზბეკი, ჰაზარეი, ფაშაელი თუ ბელუჯი - ყველას შეუძლია ამ სასწავლო ცენტრში მოსვლა და წვრთნის გავლა.

როდესაც 1989 წელს საბჭოთა ჯარებმა ავღანეთი დატოვა, ქვეყანა სასტიკ სამოქალაქო ომში ჩაება, რომლის დროსაც ბრძოლა, უმეტესწილად, ეთნიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარეობდა.

თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 2014 წელს ანალოგიური ვითარება არ შეიქმნება. ისინი სამოქალაქო ინსტიტუტებზე მიანიშნებენ და ასევე იმ მოლოდინზე, რომ ამერიკა ქვეყანაში 10,000-იან სამხედრო კონტიგენტს შეინარჩუნებს. თუმცა, ამავე დროს, აღნიშნავენ, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ერთიანი იქნება ჯარი მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ღაზნის პროვინციის ყოფილი გუბერნატორის, შირ ხოსტის თქმით, პუშტუნები არასაკმარისად არიან წარმოდგენილნი ავღანეთის არმიაში და სარდლები, ძირითადად, ჩრდილოეთიდან არიან.

პოლიტიკური ანალიტიკოსის, ხალიდ მაფტონის განმარტებით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებში, ასევე, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში ძალიან ბევრი ადამიანი მათი კონკრეტულ პოლიტიკურ თუ ეთნიკურ ჯგუფებთან კავშირის საფუძველზე ინიშნება, რაც ეთნიკური კონფლიქტის საშიშროებას ქმნის მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ძალები ქვეყანას დატოვებენ. მაფტონის თქმით, იგი ყველაზე ცუდს მოელის.

„თუ შეერთებული შტატები ქვეყანას დატოვებს, ეს არმია, იმ მრავალი მიზეზის გამო, რაც აღვნიშნე, აუცილებლად დაიშლება - შესაძლოა არა რამდენიმე დღეში ან კვირაში, არამედ ერთ თვეში - და ვინ ჩაანაცვლებს შემდეგ მათ? თალბანი,” - ამბობს მაფტონი.

შეკითხვაზე, თუ რამდენად ხდება ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ჯგუფის იარაღით მომარაგება შესაძლო კონფლიქტის მოლოდინში, მაფტონი ცალსახად დადებით პასუხს იძლევა.

სამი ათწლეულის მანძილზე მიმდინარე ომის და ოპიუმის რეალიზაციით გამდიდრებული შავი ბაზრის შემდეგ, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში გასავრცელებლად საკმარისზე მეტი იარაღია.
XS
SM
MD
LG