ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთი პრეზიდენტის მიმართვას გამოეხმაურა


ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არმიის ქვედანაყოფების თითქმის ნახევარი შინ მომავალ წლამდე დაბრუნდება

ავღანეთის მთავრობა მიესალმა პრეზიდენტ ობამას განცხადებას იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები ავღანეთიდან ერთი წლის მანძილზე 34 ათას ჯარისკაცს გამოიყვანს. სამშაბათს, კონგრესის წინაშე გაკეთებულ ყოველწლიურ მიმართვაში ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არმიის ქვედანაყოფების თითქმის ნახევარი შინ მომავალ წლამდე დაბრუნდება.

პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ამ ნაბიჯს ავღანეთი უკვე დიდი ხანია ელის“ და რომ „ავღანეთის სოფლებიდან უცხოელთა ქვედანაყოფების გაყვანა ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების დამყარებას შეუწყობს ხელს“. ამ საკითხებზე შეთანხმება ორი ქვეყნის ლიდერებს შორის გასულ თვეში მოხდა, როცა ბატონებმა ობამამ და კარზაიმ უსაფრთხოების პასუხისმგებლობის გადაცემა დამდეგ გაზაფხულზე დაგეგმეს. ადრინდელი მოლაპარაკების მიხედვით, პროცესი ზაფხულის ბოლოს უნდა დაწყებულიყო.

შეერთებულ შტატებს ავღანეთში 100 ათასი ჯარისკაცი ჰყავდა დისლოცირებული. კრიტიკოსები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ნატოს საერთაშორისო წარმომადგენლობის მასშტაბური შემცირება ქვეყნის დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG