ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანმა ნატოს მომარაგების გზები გაუხსნა


ჩრდილოეთის გზებით ავღანეთში ჯარების მომარაგება ამერიკას ორჯერ ძვირი უჯდება

პაკისტანმა გახსნა სტრატეგიული მნიშვნელობის ავტომაგისტრალი, საიდანაც ავღანეთში მყოფი ნატოს ჯარები მარაგდებიან.
სამხრეთის გზის გადაკეტვის შემდეგ ნატო იძულებული იყო ჩრდილოეთის გზით განეხორციელებინა მომარაგება.
შუა აზიის ექსპერტის ალექსანდერ ქულის განცხადებით:“ ჩრდილოეთის გზიდან მომარაგება ზღვით, ბალტიის ქვეყნებიდან იწყება, შემდეგ ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი რკინგზის გამოყენებით რუსეთის და ყაზახეთის ტერიტორიაზე გადის და უზბეკეთის ქალაქ თერმეზამდე მიდის. ამ მიმართულებით ავტომაგისტრალები და საჰაერო ტრასაც მოქმედებს.“
თერმეზიდან გზატკეცილი ავღანეთში მეგობრობის ხიდის საშუალებით გადადის. როგორც ავღანეთის საკითხების ექსპერტი პოლიტოლოგი სეთ ჯონსი აცხადებს, არა აქვს მნიშვნელობა რა სატრანსპორტო საშუალებებს იყენებს შეერთებული შტატები და ნატო, მთავარია მათ ფული გადაუხადონ იმ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც გადის აღნიშნული გზები.
ექსპერტების განცხადებით ჩრდილოეთის გზა ორჯერ ძვირი ჯდება ვიდრე სამხრეთის მაგისტრალი. არადა უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში პაკისტანს გადაკეტილი ჰქონდა ნატოს ჯარების მომარაგების გზები. რაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ პაკისტანის არმიის პოზიციების დაბომბვამ გამოიწვია, რამაც 24 ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.
ისლამაბადმა მხოლოდ მას შემდეგ გახსნა ეს გზა, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბოდიში მოიხადა პაკისტანელი სამხედროების დაღუპვის გამო.
ორივე გზას მომარაგების გარდა ჯარების გადაყვანისთვისაც იყენებენ. ალექსანდერ ქულის განცხადებით:“ ახლა, როდესაც ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაზე მიდგა საქმე, ამ ქვეყნებმა შესაძლოა ტრანზიტის ფასი გაზარდონ და ნატო და შეერთებული შტატები იძულებული იქნებიან გადაიხადონ ეს ფული, რადგან სხვანაირად ვერ შეძლებენ საკუთარი ხალხის გამოყვანას ავღანეთიდან.“
ადამიანის უფლებათა დამცავები შეერთებულ შტატებს ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. როგორც ბატონი ქული ამბობს:“ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ვაშინგტონი და ბრიუსელი ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ადამიანის უფლებებს და უსაფრთხოების პრობლემებზე ჰქონდათ ყურადღება გამახვილებული. შუა აზია მთელი ამ წლების მანძილზე ფაქტიურად ავღანეთზე იყო მიბმული და ამის გამო დემოკრატიის განვითარებას და ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემებს ამ რეგიონში დასავლეთი იგნორირებას უკეთებდა.“
როგორც ამერიკელი ექსპერტი სეთ ჯონსი აცხადებს, შუა აზიაში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით ბევრი არაფერი გაკეთებულა და არც მომავალშია მოსალოდნელი რაიმე პროგრესი ამ თვალსაზრისით.
XS
SM
MD
LG