ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის , აშშ-სა და რუსეთის  ინტერესები ყირგიზეთში


ჩინეთის , აშშ-სა და რუსეთის  ინტერესები ყირგიზეთში
ჩინეთის , აშშ-სა და რუსეთის  ინტერესები ყირგიზეთში
<!-- IMAGE -->

ყირგიზეთში ცოტა ხნის წინ მომხდარმა არეულობამ, რომლის შედეგადაც პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის რეჟიმი დაემხო, ყურადღების ცენტრში მოაქცია ამ სტრატეგიულად განლაგებულ შუა აზიის სახელმწიფოში შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის ინტერესები. ამერიკის ხმის კორესპონდენტი პიტერ ფედინსკი ბიშკეკიდან იუწყება იმის შესახებ თუ როგორ აღიქვამს ხსენებულ ინტერესებს თვით ყირგიზეთი.

შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ყირგიზეთში სამხედრო ბაზები აქვთ გახსნილი. გასულ წელს პრეზიდენტმა ბაკიევმა რუსეთისგან ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი მიიღო და მოსკოვს დაპირდა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ბაზას დახურავს. როგორც ცნობილია ხსენებული ბაზა ავღანეთში განლაგებულ ნატოს სამხედრო ძალებს ამარაგებს. მაგრამ მოსკოვისთვის შეერთებული შტატების გავლენა შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში აუტანელია. ამდენად როცა ბატონმა ბაკიევმა ვაშინგტონთან სამხედრო ბაზის იჯარის ახალი ხელშეკრულება გააფორმა და წლიური იჯარის გადასახადი 17.4 მილიონი დოლარიდან 60 მილიონ დოლარამდე გაზარდა, მან მოსკოვს შეურაცხყოფა მიაყენა.

ყირგიზების ნაწილი შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს ბაკიევის რეჟიმის მიერ ჩადენილი დარღვევების უგულვებელყოფაში სამხედრო ბაზის შენარჩუნების გამო. ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილე ალმაზბეკ ატამბაეიევი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატებისგან განსხვავებით რუსეთი დემოკრატიული ფასეულობების გავრცელებას ყურადღებას არ ანიჭებს. მისი თქმით:

„ისინი ყოველთვის დემოკრატიის შესახებ გაჰყვიროდნენ, მაშინ როცა ყირგიზეთში შეერთებული შტატების ელჩმა მოხერხებულად მიჩქმალა ბაკიევის ოჯახის მიერ ჩადენილი დანაშაულები. ჩვენ, ოპოზიციის წევრებს, ამ სამხედრო ბაზის გულისთვის გვაპატიმრებდნენ და გვხოცავდნენ. ზესახელმწიფოს ამგვარი ქცევა არ შეჰფერის. მე მგონი ამერიკელ ლიდერებს ეს ესმით."

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ატამბაიევი მოსკოვში იმყოფებოდა. რუსეთის მთავრობა იყო პირველი, რომელმაც ყირგიზეთის დროებითი მთავრობა აღიარა. მისი თქმით, რუსეთის მთავრობამ ყირგიზეთს 150 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარება აღუთქვა.

დამოუკიდებელ პოლიტიკურ ანალიტიკოსს ტამერლან იბრაგიმოვს მიაჩნია, რომ ყირგიზეთის სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს ურჩევნიათ ამერიკის ღია დემოკრატია ვიდრე რუსეთის ავტორიტარული პოლიტიკური მოდელი. მაგრამ იგი აღიარებს, რომ ყირგიზეთის ეკონომიკური კეთილდღეობა დამოკიდებულია რუსეთზე. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა:

„ყირგიზეთის ბევრი მოქალაქე რუსეთშია გახიზნული შემოსავლის საშოვნელად და მათ მიერ ოჯახის წევრებისთვის მოწოდებული ფულადი გზავნილებები აქ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პრაქტიკულად ისინი საკუთარ ოჯახებს რუსეთიდან ინახავენ. მთელი სოფლების, ქალაქების და სხვა დასახლებების მოსახლეობა ამ ფულზე ცხოვრობს."

ამასობაში ყირგიზეთის ბაზრები ჩინური საქონლით არის გავსებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთ-ყირგიზეთის საზღვრის სიგრძე 858 კილომეტრს შეადგენს. ბიშკეკში არეულობის დროს ჩინეთის მთავრობამ გააფრთხილა ჩინელი მოქალაქეები, ვინც ყირგიზეთში აპირებდა ჩასვლას, და არსებული მდგომარეობის მშვიდობიანი გზებით გადაჭრის იმედი გამოთქვა. მაგრამ ყირგიზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს მურატ სიუმბაევს მიაჩნია, რომ ჩინეთის მთავარი სადარდებელია მუსლიმი ეთნიკური უმცირესობით უიღურებით დასახლებული სინჯიანგის რეგიონი, სადაც სეპარატისტული ტენდენციები შეინიშნება. მისი თქმით:

„ყირგიზეთში არასტაბილურობა უშუალოდ ან ირიბად სინჯიანგში არასტაბილურობას გამოიწვევს, რადგან როცა ყირგიზეთში არეულობაა უიღურ სეპარატისტებს სინჯიანგში სხვადასხვა მოქმედებების განხორციელება უადვილდებათ."

ტამერლან იბრაგიმოვი კი აღნიშნავს, რომ შუა აზიის რეგიონი მთლიანად საკმაოდ არასტაბილურია.

და ბოლოს: ბიშკეკის ამბებმა გამოააშკარავა ავღანეთში არსებული საფრთხეები ტერორიზმის, ნარკოტრაფიკინგისა და რელიგიური ექსტრემიზმის ჩათვლით. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხსენებული საფრთხეების თავიდან აცილების მხრივ ჩინეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების ინტერესები ერთმანეთს ემთხევა სწორედ ყირგიზეთში.


XS
SM
MD
LG