ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციის აღლუმს კონფლიქტის ზონაში აფასებენ 


პოლიციის აღლუმს კონფლიქტის ზონაში აფასებენ 

<!-- IMAGE -->

საქართველოს ხელისუფლებამ 6 მაისი პოლიციის პროფესიულ დღედ გამოცხადდა.

ეს თარიღი ახლადაშენებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ აღლუმით აღნიშნა. ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა აღლუმი გააპროტესტა, რასაც სპეცდანიშნულების რაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტი მოჰყვა. დაშავდნენ ადამიანები, რამდენიმე მათგანი საავადმყოფოშიც მოხვდა.

იქ, სადაც წელიწადნახევრის წინ ომი იყო, ქართულ–ოსური კონფლიაქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ მათ პოლიციის ძლიერება ძალიან ახარებთ. კიდევ იმასაც ამბობენ, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და კიდევ რამე რომ იყოს, ვიცით, ჩვენზე წინ მაინც ეგენი გაიქცევიანო. „რამე“–ში, რა თქმა უნდა, ომი იგულისხმება. ომგამოვლილი ადამიანები აღლუმის გამართვა–არ გამართვას დიდი სიდინჯითა და წინადახედულებით აფასებენ. ისინი არ აპროტესტებენ არც მასზე დიდი ოდენობით გახარჯულ თანხებს და არც პოლიციის პროფესიული დღის გიორგობას დამთხვევის მიზანშეწონილობის საკითხს იხილავენ. არამედ ამბობენ,

„მტრებს გააღიზიანებს ჩვენი ძალების დემონსტრირება. თუ კარგი შეიარაღება გვაქვს, ხელისუფლებამ იცოდეს, რა საჭიროა მტერს დაანახვოს რა გვაქვს და რა გვაკლია, ამით ხომ მათ უარესად გადავიმტერებთო.“

სოფელ ერგნეთის ერთ–ერთი მკვიდრი ამბობს, ტელევიზორს არ ვუყურებ, რადგან იქ გადმოცემულ ინფორმაციას არ ვენდობიო. საუბრისას მოდელირებულ ქრონიკას გვერდს ვერ აუვლი, იხსენებენ იმ დროსაც, როდესაც 2008 წლის აგვისტოში ტელევიზიით მათ ეუბნებოდნენ ბრძოლაში ვიმარჯვებთო. ადგილობრივმა მოსახლეობამ მაშინ სახლების დატოვება საჭიროდ არ ჩათვალა, არადა ზოგს სწორედ მაშინ მიუკაკუნეს კარზე რუსმა ჯარისკაცებმა, როდესაც ისინი ტელევიზიით სწორედ ამ ოფიციალურ ინფორმაციას ისმენდნენ გამარჯვების შესახებ. ცხინვალის პირა სოფლებში ხალხი მაინც პოლიციის მადლიერია. ამბობენ, დიდ იმედს გვაძლევს საზღვართან რომ დგანანო. თუმცა აქვე იმასაც დასძენენ, სოფელს ჩვენ ვამაგრებთ, თორემ ერთი დღითაც რომ წავიდეთ, მაშინვე რუსები აქ იქნებიანო.

ყველაზე მეტად კონფლიქტისპირა სოფლებში სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ამბობენ, არჩევნებზე თუ წავედით, ყველას გადავხაზავთ, რადგან ჩვენთან მოსასვლელად არც ოპოზიცია იცლის და არც ხელისუფლებაო. აქ თითქმის ყველა სოფელს სარწყავი წლის პრობლემა ჯერაც მოსაგვარებელი აქვს.

XS
SM
MD
LG