<!-- IMAGE -->
ცხინვალის ციხეს თავი სამმა ქართველმა დააღწია. მათ იქ თითქმის 9 თვე გაატარეს. დაკავებულები ევროკომისრის, თომას ჰამარბერგის ძალისხმევით განთავისუფლედნენ, რომელიც საქართველოში ჩამოსვლისთანავე ცხინვალში გაემგზავრა და დე–ფაქტო სახალხო დამცველთან, დავით სანაკოევთან მოლაპარაკებების შემდეგ ყოფილ ტყვეებთან ერთად დაბრუნდა ერგნეთის საგუშაგოზე.
კასპის რაიონის სოფლების ლამისყანისა და თვაურების მკვიდრნი, ჯამლეტ ჯამრიშვილი, გენადი წიკლაური და ლექსო ბიგანიშვილი ცხინვალის ციხიდან კვირას გამოვიდნენ. ამ დრომდე საპყრობილეში რჩება მათი 3 თანასოფლელი, რომლებიც ასევე 31 აგვისტოს, შეშის ჭრის დროს დააკავეს რუსმა ჯარისკაცებმა. განთავისუფლებულები ამბობენ, რომ მათთვის მოულოდნელი იყო ციხიდან გამოსვლა.
ჯამლეტ ჯამრიშვილი, რომელსაც მეოთხე შვილი ტყვეობის დროს შეეძინა, ამბობს, რომ ცხინვალის ციხეში გატარებული პერიოდის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემა გაუჩნდა. მისი თქმით, ამჟამად იქ 11 ქართველი კიდევ იხდის სასჯელს, თუმცა რისთვის, ამის დადგენა რთულია. თითქმის ყველას საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდება აქვს წაყენებული. ჯამლეტ ჯამრიშვილის განცხადებით, მათ საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა, რა დროსაც მოსამართლემ განაცხადა, „დამნაშავეები არ ხართ, მაგრამ ზემოდან მაქვს მითითებული არ გაგიშვათო“. მისივე განცხადებით, კასპის რაიონის მკვიდრნი ტყეში მიზანმიმართულად დააკავეს იმ მიზნით, რომ ქართული მხარის მიერ ერთი დღით ადრე დაკავებულ ოს ტრაქტორისტში გადაეცვალათ.
ჯამრიშვილი იმის შესახებაც საუბრობს, რომ ცხინვალის ციხეში სასჯელს ასევე იხდის 77 წლის ქალბატონი მარო პატარაშვილი, რომელის განთავისუფლებაც ცხინვალის ციხის ტყვეებმა ჰამარბერგს უკვე სთხოვეს. რაც შეეხება საკვებს და სამედიცინო მომსახურებას, ჯამლეტ ჯამრიშვილი ამბობს, რომ ციხეში ისინი ვალიდოლსა და ვალერიანის წვეთებს იღებდნენ, თუმცა ერთ–ერთი პატიმარი, რომელსაც ღვიძლი აწუხებს და მძიმე მდგომარეობაშია, კვალავაც ციხის საკანში რჩება. პატიმრები საკვებს ნათესავების დახმარებით იღებდნენ.
თემურ გოგიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის რწმუნებული ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სოფლის მიმდებარე ტყიდან 6 ადამიანი გაიტაცეს, შეშის მოსატანად წასვლას ვერავინ ბედავს. გარდა ამისა, ოსური მხარის მიერ კონტრილირებად სოფლებს ესაზღვრება საძოვრები და სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რომელთა დამუშავებასაც ლამისყანისა და თვაურების მოსახლეობა, ფაქტობრივად ვერ ახერხებს, რადგან მათთვის უსაფრთხეობის გარანტიის მიცემა არავის შეუძლია.
კვირისთვის ცხივალის ციხეში დარჩენილი სამი ლამისყანელის განთავისუფლებას ელოდებიან იმ შეთანხმების თანახმად, რასაც ევროკომისარმა თომას ჰამარჰერგმა ოსურ მხარესთან მიაღწია. ორიოდე თვის წინ ქართულმა პოლიციამ 6 დაკავებული არაღიარებული რესპუბლიკის მოქალაქე გაათავისუფლა და განაცხადა, „ჩვენს ხელთ არც ერთი ცხინვალის მკვიდრი აღარ არისო“. მაშინ ოსური მხრიდან ანალოგიურ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ჰამარბერგი მიღწეულ შედეგს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მოხარულია, რადგან „პროცესი ადგილიდან დაიძრა“.