ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროსაბჭოს საპარლამენტო სესია გაიხსნა


ევროსაბჭოს საპარლამენტო სესია გაიხსნა
<!-- IMAGE -->

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე რომელიც ორშაბათს, 26 აპრილს გაიხსნა, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე მომზადებული ანგარიშის განხილვა იყო დაგეგმილი თუმცა მონიტორინგის კომიტეტის გადაწყვეტილებით იგი ოთხშაბათის, 28 აპრილის დღის წესრიგიდან ამოიღეს. ევროპის საბჭოს სურს მეტი დრო დაუთმოს ამ საკითხის შესწავლას, ქართული მხარე კი მომხსენებლებისგან მეტ ობიექტურობას ითხოვს.

ოფიციალურმა თბილისმა და ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ დოკუმენტის ობიექტურობაში ეჭვი შეიტანეს და მისი თანამომხსენებელი დევი უილშირი „ მიკერძოებული პოზიციის“ გამო გააკრიტიკეს. ქართული დელეგაციის განცხადებით, დევი უილშირი 20 აპრილს მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საელჩოს ესტუმრა რითაც მან დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი და ევროსაბჭოს ფუნდამენტური პრინციპები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი პოზიცია გამოხატა საგარეო უწყების 22 აპრილის განცხადებაში სადაც იგი ევროსაბჭოს ხელმძღვანელობას ბატონი უილშირის მიერ გადადგმული ნაბიჯის დაგმობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს რომ ასეთი ქმედება „ხელყოფს ევროპის საბჭოს სტატუსს, ისევე როგორც საპარლამენტო ასამბლეის ყველა იმ რეზოლუციას, რომლის შესრულების შეფასებაც დავალებული ჰქონდა ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს“.

თუ რატომ არ განიხილება ზემოხსენებული ანგარიში საგაზაფხულო სესიაზე, ამის გასარკვევად ევროპის საბჭოს შესაბამის სამსახურს დავუკავშირდით საიდანაც შევიტყვეთ რომ მონიტორინგის კომიტეტი ამ პროექტზე მუშაობას უფრო მეტი დროს მოანდომებს ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო. რუსეთ-საქართველოს ომსა და მის შედეგებზე დებატები გაიმართება მაგრამ რეზოლუციის მიღება გამორიცხულია.

ევროსაბჭოში აღიარებენ რომ ამ დოკუმენტზე მუშაობა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მონიტორინგის კომიტეტი ანგარიშს სავარაუდოდ ივნისის თვეში წარმოადგენს. არ არის გამორიცხული რომ მისი განხილვა სექტემბრის სესიისთვის გადაიდოს.

რეზოლუციის პროექტის მომზადების მიზნით მომხსენებლები მატიას იორში და დევი უილშირი ცოტა ხნის წინ საქართველოსა და რუსეთს ესტუმრნენ.

რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს დღემდე სამი რეზოლუცია აქვს მიღებული: მათ შორის პირველი 2008 წლის ოქტომბერში, მეორე და მესამე კი 2009 წლის იანვარსა და სექტემბერში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია კონფლიქტში მონაწილე მხარეებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს და მათი შესრულებისკენ მოუწოდებს.

ვინაიდან ანგარიში აღარ განიხილება, შესაბამისად, საგაზაფხულო სესიაზე არ მიიღებენ მეოთხე რეზოლუციას.

28 აპრილის დღის წესრიგში რჩება ჰეიდი ტალიავინის გამოსვლა რომელიც ომის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე თავად ისაუბრებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 30 აპრილამდე გაგრძელდება.



XS
SM
MD
LG