ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი იარაღის ექსპორტის კონტროლს შეამსუბუქებს


თეთრი სახლი იარაღის ექსპორტის კონტროლს შეამსუბუქებს
თეთრი სახლი იარაღის ექსპორტის კონტროლს შეამსუბუქებს

<!-- IMAGE -->

თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ამბობს, რომ იარაღის კონტროლის სისტემა ბოლოს 20 წლის წინ შეიცვალა და ახლა ამერიკის მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვანი იარაღის გადაცემას აფერხებს. მისი თქმით, რეგულაცია თავდაცვის ინდუსტრიას ვნებს და ბევრ სპეციალისტს სამსახურის უცხოეთში ძებნისკენ უბიძგებს:

„ჩვენ ისეთი სისტემის არსებობა გვესაჭიროება, რომელიც იარაღის 95 პროცენტზე კონტროლს გაგვიადვილებს და დარჩენილ ხუთზე გაამახვილებს ყურადრებას. ეს მონიტორინგს გაგვიადვილებს და ტექნოლოგიების ექსპორტს უსაფრთხოს გახდის. ჩვენ მოკავშირეებისთვის იარაღის მიწოდებას დროის მოკლე მონაკვეთში შევძლებთ.“. აღნიშნა მდივანმა.

ამჟამად მოქმედი რეგულირების სისტემა აკრძალული იარაღის გრძელს სიას მოიცავს და ექსპორტი კი ორი სხვადასხვა დეპარტამენტის მიერ უნდა იქნას ნებადართული.

მდივანი გეითსი ამბობს, რომ ხშირად თვითმფრინავების და სხვა მძიმე ტექნიკის შესაკეთებელი დეტალების გაგზავნაც კი რთულდება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ამერიკული იარაღი უკვე შეძენილი აქვთ. მისი თქმით, ადმინისტრაციამ მალე რეგულირების ახალი მექანიზმი უნდა შექმნას და კონგრესისგან მომავალი ნაბიჯების გადასადგმელად ნებართვა უნდა მიიღოს.

„რეფორმირებული სისტემის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს სია, რომელშიც ის ტერორისტული ორგანიზაციები და არასანდო ქვეყნები იქნება შეტანილი, რომლებისთვისაც იარაღის გადაცემა აკრძალულია. ეს მათ ახალი ტექნოლოგიების შეძენას გაურთულებს“. ამბობს ბატონი გეითსი.

მან აღნიშნა, რომ ახალი სისტემა რამდენიმე სახეობის ძალზე კრიტიკული იარაღის გაკონტროლებას უნდა ემსახურებოდეს. გეითსმა აღიარა ისიც, რომ ახალი სისტემა კომერციულ ასპექტსაც ითვალისწინებს:

„ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენსავით დაბრკოლებებით არ არიან შეზღუდულნი, იარაღს ადვილად ყიდიან, ურთიერთობებს ამყარებენ, სტრატეგიულ პოზიციებს იმაგრებენ და ეკონომიკურ სარგებელსაც ნახულობენ“. აღნიშნა თავდაცვის მდივანმა.

მიუხედავად ზემოთქმულისა, გეითსი აცხადებს, რომ რეფორმა პირველ რიგში ამერიკის ეროვნული უშიშროების გამყარებას ემსახურება. პენტაგონის წარმომადგენლები, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ მოისურვეს ამბობენ, რომ ასეთი მცდელობები წინათაც იყო, მაგრამ მათ შედეგი არ გამოუღიათ. მდივანი გეითსი თვლის, რომ გეგმას მთავრობის ბიუროკრატია და კონგრესის ნაწილი დაუპირისპირდება.



XS
SM
MD
LG