ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა


ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა
<!-- IMAGE -->

ვაშინგტონის „ამერიკის პროგრესის ცენტრში“ ჩატარდა სპეციალური პრეზენტაცია თემაზე „შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობა “გადატვირთვის” გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ“.
პრეზენტაცია ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროებისა და საერთაშორისო პოლიტიკის დარგში რუდი დე ლიონმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მომხსენებელი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში უილიამ ბარნსი წარუდგინა. ბატონმა ბარნსმა აღნიშნა, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა ხშირად კონკურენციისა და თანამშრომლობის რთულ ნარევს წარმოადგენს:
„წარსულში წარმოქმნილი უნდობლობის გადალახვას დიდი დრო და ორივე მხარის დიდი მონდომება ესაჭიროება. ჩვენ დიდ პატივს მივაგებთ რუსეთის ისტორიას, კულტურას და ენას. გაცნობიერებული გვაქვს ის თუ რა დიდ წარმატებას შეიძლება მივაღწიოთ ჩვენს დროში არსებული სიძნეელის გადასალახავად ერთმანეთთან თანამშრომლობის შედეგად. ახლა, როგორც არასდროს მანამდე, ჩვენს ორ ქვეყანას და ორ საზოგადოებას შორის თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“. აღნიშნა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
„ცოტა შორიდან დავიწყებ. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის გამო, ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა ისე გაუარესდა, როგორც არასდროს ბოლო ოცი წლის განმავლობაში. საქმის ასეთი განვითარება არა მარტო ორივე მხარის არამედ მთელი დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ამერიკა დარწმუნებული იყო, რომ რუსეთმა დაუფიქრებლად გადაწყვიტა, რომ ამერიკელთა მოქმედებები მის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. თანაც კრემლის ხელში ძალაუფლების კონსოლიდაციის გასამართლებლად, რუსეთი ჩაგრავდა უახლოეს მეზობლებს და კრემლის პროპაგანდის მანქანა მათ მტრის იმიჯს უქმნიდა. რუსები კი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამერიკა მათ ქვეყანასთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტებს იყენებდა და შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებოდა რუსეთის აღორძინებას და კიდევ ერთხელ ზესახელმწიფოდ გადაქცევას. რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ ცივი ომის განახლების იდეოლოგიური საფუძველი აღარ არსებობს და ახლა ჩვენ დიპლომატიის გზით სვლა, ეკონომიკის განვითარება და პირველ რიგში ნდობის აღდგენა გვმართებს“
„პრეზიდენტი ობამა და სახელმწიფო მდივანი კლინტონი ქვეყნის სათავეში ილუზიების გარეშე მოვიდნენ. მათ გაცნობიერებული ჰქონდათ ის სიძნელეები რაც რუსეთთან მიმართებაში არსებობდა და ამიტომაც ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ჩამოყალიბებული გეგმა დაისახეს. გასაცნობიერებელია ის, რომ რუსეთი და ამერიკა მსოფლიოს ბირთვული არსენალის ოთხმოცდაათ პროცენტს ფლობენ. ამიტომაც ბირთვული გაუვრცელებლობის პრობლემის მოგვარებაც პირველ რიგში სწორედ ამ ქვეყნაბის მოსაგვარებელია. ჩვენ სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით პარტნიორობის დაწყება მხოლოდ იმის აღიარებით გვძალუძს რომ რუსეთს ზესახელმწიფოთა შორის ადგილი კანონიერად ეკუთვნის. ამერიკამ უნდა გააცნობიეროს ის დიდი წვლილი, რომელიც რუსეთმა შეიტანა მსოფლიო ცივილიზაციის, ლიტერატურის, მეცნიერებისა დასხვა სფეროების განვითარებაში. რუსეთმა კი უნდა გადახედოს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს და მეზობლებთან ურთიერთობას. მოსკოვმა ამ ქვეყნების მიერ დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების უფლება უნდა აღიაროს. შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მყარი ურთიერთობის დასამყარებლად თანამშრომლობა ყველა დონეზე უნდა დაიწყოს“განაცხადა ბატონმა ბარნსმა.

შემდეგ მან იმის შესახებ ისაუბრა თუ რა პროგრესი შეინიშნება “გადატვირთვის” გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ:

„გასულ წელთან შედარებით, 2010 წლის დასაწყისიდან ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა ბევრად უკეთესად წარიმართა. სირთულეები ჯერ კიდევ მრავლადაა, მაგრამ ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებსაც მივაღწიეთ. პრეზიდენტმა ობამამ და მდივანმა კლინტონმა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქციეს. გასულ კვირას პრაღაში პრეზიდენტი ობამა რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს შეხვდა. ლიდერებს შორის ერთი წლის განმავლობაში შვიდი პირადი შეხვედრა და თექვსმეტი სატელეფონიო საუბარი მოხდა. რუსეთმა და ამერიკამ საკუთარი ბირთვული არსენალების დაახლოებით ოცდაათი პროცენტით შემცირების ხელშეკრულება შეიმუშავეს, რომელიც ძველისგან განსხვავებით გამჭვირვალეობასაც მოიაზრებს, მაგრამ ჩვენი რაკეტსაწინაღო სისტემის ევროპაში განლაგებას არ მოიცავს. შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა აგრეთვე წარმატებას მიაღწიეს ბირთვული მასალის დაცვის უზრუნველყოფის სფეროშიც. მოსკოვმა სენატორ რიჩარდ ლუგარისა და ყოფილი სენატორის სემ ნანის შეხედულება გაიზიარა და ჩვენ რუსეთს ბირთვული მასალის დაცვაში დავეხმარეთ. ამერიკა და რუსეთი გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პარტნიორები არიან. სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ხელი მოაწერეს ჩვიდმეტი ათასი ბირთვული ქობინის დასამზადებლად ვარგისი პლუტონიუმის განადგურებას. ორივე ქვეყანა თანხმდება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებულზე მეტი ბვირთვული იარაღი აღარ შეიქმნას. ჩვენ პარტნიორები ვართ, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებულ ექვსმხრივ მოლაპარაკებებშიც“ აღნიშნა ბატონმა ბარნსმა.

„რაც შეეხება ირანს, აქ გასულ ოქტომბერს ჟენევაში, ამერიკისა და რუსეთის მიერ ერთობლივად შემუშავებულ წინადადებას ირანი თავიდან პოზიტიურად გამოეხმაურა, მაგრამ შემდეგ თეირანმა მხოლოდ ნეგატიური ნაბიჯები გადადგა. ჩვენ და რუსები ჩინელებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების საკითხს სერიოზულად განვიხილავთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ჩვენს ორ ქვეყანას საერთო ინტერესები ამოძრავებს და რუსეთი ავღანეთის სტაბილიზაციის საქმეშიც სულ უფრო და უფრო აქტიური პარტნიორი ხდება“. განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

„ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობაში სირთულეებიც ბევრია. ჩვენ არსებითად ვერ ვთანხმდებით საქართველოში არსებულ სიტუაციასთან და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით. ბუნებრივია ყოველ ჩვენთაგანს ჩვენს სამეზობლოში არსებული მდგომარეობა გვაღელვებს, მაგრამ დღეს ოცდამეერთე საუკუნეში მეცხრამეტე საუკუნის აზროვნება მიუღებელია. ჩვენ გავლენის სფეროებს არ ვაღიარებთ. მაგრამ ახლა მთავარი დამატებითი ძალადობის თავიდან აცილებაა“. სთქვა ბატონმა ბარნსმა. ზაქარია კიკნაზე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.



XS
SM
MD
LG