ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაი აშშ-ის  „სანდო პარტნიორია“


კარზაი აშშ-ის  „სანდო პარტნიორია“
კარზაი აშშ-ის  „სანდო პარტნიორია“
<!-- IMAGE -->

ობამას ადმინისტრაცია ავღანეთის პრეზიდენტთან ხამიდ კარზაისთან წარმოქმნილი დაძაბულობის შემცირებას ცდილობს. ადმინისტრაციის ოფიციალური პირების თქმით ბატონი კარზაი შეერთებული შტატების „სანდო პარტნიორია.“ ამერიკის ტელევიზიით გუშინ გამოსვლისას სახელმწიფო მდივნამა ჰილარი კლინტონმა და თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ყურადღება ავღანეთზე, ირანსა და ვაშინგტონში ბირთვული უშიშროებისადმი მიძღვნილ უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე გაამახვილეს.
კლინტონმა და გეიტსმა აღნიშნეს, რომ მათ კარგად ესმით ის ზეწოლა, რომელსაც ხამიდ კარზაი განიცდის როგორც იმ ქვეყნის მეთაური, რომელმაც ათწლეულების მანძილზე გაუთავებელი ომები გამოიარა.
ისინი აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ავღანეთის ლიდერი ვაშინგტონს მომავალ თვეს ესტუმრება მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო ხანს კარზაიმ ქვეყანაში მზარდი გარეშე გავლენის შესახებ რამდენიმე გამომწვევი განცხადება გააკეთა.
გეიტსის თქმით პრეზიდენტ კარზაის განცხადებები ავღანეთის სუვერენიტეტით შეშფოთებული სახელმწიფო მეთაურის განწყობას ასახავს.
„მე ვფიქრობ, რომ ის საკუთარ თავს ავღანეთის სუვერენიტეტის განსახიერებად აღიქვამს. ამდენად იგი საკმაოდ მგრძნობიარეა ისეთი საჯარო განცხადებების მიმართ, რომელიც, მისი აზრით, არა მხოლოდ მის წინააღმდეგ არის მიმართული არამედ ავღანეთის მიმართ,“ აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა.
კვირას ტელეკომპანია სი-ბი-ესით გასულ ინტერვიუში გეიტსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კარზაის მთავრობა ავღანეთში განლაგებულ შეერთებული შტატების სამხედრო ძალებთან თანამშრომლობს.
თავდაცვის მინისტრის გვერდით მჯდომმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი მოუწოდა ამერიკულ მედიას ნაკლები ყურადღება დაუთმოს კარზაის გამომწვევ განცხადებებს, რომელიც ამერიკულ პრესაში ავღანეთის მთავრობაში ოფიციალური კორუფციის შესახებ გამოქვეყნებულ მასალებს უკავშირდება. მისი თქმით:
„ჩვენ ვიცით, რომ ზოგჯერ უცხოეთის ლიდერები არა მხოლოდ ავღანეთში არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვერ ანსხვავებენ სახელმწიფო პოლიტიკას იმ მასალებისგან, რომელიც იბეჭდეაბ ჩვენს თავისუფალ პრესაში.“

კლინტონისა და გეიტსის ერთობლივი ინტერვიუ რამდენიმე სატელევიზიო არხით გადაიცა და მასში განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო ვაშინგტონში დღეს გახსნილი ბირთვული უსაფრთხოების უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც მსოფლიოს 40 ქვეყნის დელეგაცია ესწრება. კლინტონმა სი-ბი-ესის ტელეარხს მოახსენა, რომ კონფერენციის მთავარი მიზანია საერთაშორისო კონსენსუსის მიღწევა რათა ტერორისტებმა და ეგრედწოდებულმა „განკიცხულმა სახელმწიფოებმა“ ბირთვული შეიარაღება ხელში არ ჩაიგდონ. ამასთან დაკავშირებით კლინტონმა აღნიშნა:
„ჩვენ ვცდილობთ შევიმუშავოთ შეთანხმება და მოქმედების გეგმა, რომლის მიხედვითაც თითოეული ქვეყანა საკუთარ წვლილს შეიტანს რათა ბირთვული მასალა სახელმწიფო საზღვრებს შიგნით საიმედოდ იყოს დაცვული და არ გახდეს ტრანზიტის საგანი.“

გეიტსმა და კლინტონმა აგრეთვე იმსჯელეს ირანის ბირთვული ამბიციებით გამოწვეული გლობალური საფრთხის შესახებ. ტელეკომპანია ენ-ბი-სი-ზე გამოსვლისას კითხვაზე თუ რამდენად გარდაუვალი იქნება ირანის მიერ ბირთვული შეიარაღების შეძენა, ბატონმა გეიტსმა აღნიშნა:
„ჩვენ ამგვარი დასკვნა საერთოდ არ გამოგვიტანია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რათა ირანმა ბირთვული შეიარაღება არ შეიძინოს.“

გეიტსა და კლინტონს ინტერვიუ გასულ პარასკევს პენტაგონში ჩამოართვეს. ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთთან ბირთვული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
გეიტსმა და კლინტონმა შეაქეს ხელშეკრულება, რომელიც შეერთებული შტატების სენატის რატიფიცირებას ელის.
მაგრამ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა კვირას გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხსენებული ხელშეკრულების რატიფიცირება წელს შეიძლება ვერ მოხერხდეს.
რესპუბლიკელმა სენატორმა ტენესის შტატიდან ლამარ ალექსანდერმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების საფუძვლიანი შესწავლის მიზნით მიმდინარე წლის ბოლომდე დარჩენილი დრო საკმარისი როდი იქნება. მისი თქმით:
„სენატის განრიგის პრიორიტეტებად უზენაეს სასამართლოში მოსამართლის შეცვლა, სამუშაო ადგილების შექმნა, ტერორიზმი და ეროვნული დავალიანება მესახება. ამდენად მე მგონი ამ ხელშეკრულების რატიფიცირება მომავალ წლამდე გადაიდება ალბათ.“



XS
SM
MD
LG