ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსები საზღვრის დემარკაციას თვითნებურად ახდენენ


რუსები საზღვრის დემარკაციას თვითნებურად ახდენენ
რუსები საზღვრის დემარკაციას თვითნებურად ახდენენ

რამდენიმე დღეა ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის თვითნებური დემარკაცია დაიწყეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მათ ამჟამად არსებული პირობითი საზღვრის გასწვრივ თხრილების გაკეთება დაიწყეს. რუსი მესაზღვრეები ამასაც არ დასჯერდნენ: მთელ რიგ შემთხვევებში ეგრეთ წოდებული პირობითი საზღვარიც ირღვევა.

თხრილები ისეთ ადგილებზე კეთდება, რომელსაც, ქართული მხარე ჯერ კიდევ ორი კვირის წინ აკონტროლებდა.

შიდა ქართლის შსს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯუღელი ჩვენთან საუბრისას ასეთი ფაქტების არსებობას ადასტურებს და პერსპექტივაში, ამ ტენდენციის გაძლიერებას მომავალისთვის არ გამორიცხავს. იგი ამბობს, რომ „რუსებმა 1924 წლის რუკა მოიტანეს და ამ რუკის მიხედვით დაიწყეს საზღვრის დემარკაცია“. იგი საუბრობს იმის შესახებაც, რომ შიდა ქართლში ასეთი ფაქტები არა ერთსა და ორ ადგილას მოხდა.

ჩვენი ერთ–ერთი რესპოდენტი სოფელ ახალ ხურვალეთში ცხოვრობს, რომელიც გორის რაიონს ეკუთვნის. 2008 წლის ომის შემდეგ სოფელს ქართული მხარე აკონტოლებდა, თუმცა მოგვიანებით, იქიდან გამომდინარე, რომ იქ უსაფრთხოების უზრუნველყოფა სტაბილურად ვერ ხერხდებოდა, ქართულმა მხარემ სოფელზე კონტროლი დაკარგა. ჩვენი რესპოდენტის სახლი რუსი მესაზღვრეების მიერ გაკეთებული დემარკაციის შედეგად, ეგრეთ წოდებულ, ოსურ ტერიტორიაზე მოხვდა, რის გამოც, იგი საკუთარ სახლში შესვლას ვეღარ ახერხებს. ამჟამად მისი ოჯახი გორში, ერთ–ერთი საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობს. ჩვენმა რესპოდენტმა საკუთარი პრობლემის გამო წერილობით ლტლვილთა და განსახლების სამინისტროსაც მიმართა, თუმცა იქიდან პასუხი ჯერ არ ჩანს. მსგავსი კატეგორიის მოქალაქეებისთვის, საქართველოს სახელმწიფოს, ხშირ შემთხვევაში დევნილის სტატუსი „არ ემეტება“ და საქმეები ჭიანურდება.

რუსი მესაზღვრეების მიერ საზღვრის დემარკაციის თვითნებური პროცესის წამოწყების შესახებ ქართულ მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


XS
SM
MD
LG