ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანალიზი: როგორი იქნება უკრაინის პოლიტიკა?


ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ უკრაინაში არსებული ვითარება და მისი ადგილი საერთაშორისოსისტემაში ანალიტიკოსების და მედიის ინტერესის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით გუშინ ვაშინგტონში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა. მომხსენებელი უკრაინელი ანალიტიკოსი, ტორონტოს უნივერისტეტის ასისტენტ-პროფესორი სერჰი კუდელია იყო. მისი გამოსვლის თემა გახლდათ „უკრაინის 2010 წლის არჩევნები: მიმართულებები და პერსპექტივები“. ბატონი კუდელიას აზრით, 2010 წლის არჩევნებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ უკრაინა წინა, 2004 წლის არჩევნებთან შედარებით ნაკლებად პოლარიზებულ გარემოში ცხოვრობს.

„ამის დამადასტურებლად მე მინდა რამდენიმე ფაქტი მოვიყვანო. თუკი შევხედავთ წინა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს დავინახვათ, რომ სხვაობამ იუშჩენკოსა და იანუკოვიჩს შორის 180 ათასი ხმა შეადგინა. ორივემ ერთად კი პირველ ტურში დაახლოებით 38 პროცენტი მიიღო.ხოლო თუ შევხედავთ სხვაობას 2010 წლის არჩევნებში იანუკოვიჩსა და ტიმოშენკოს შორის, დავინახავთ, რომ ეს განსხვავება უფრო შთამბეჭდავი იყო. მათ შორის განსხვავებამ 2,5 მილიონი ხმა შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ მესამე ხარისხის კანდიდატებმა 2004 წელს მიიღეს დაახლოებით 5, 82 პროცენტი, ხოლო 2010-ში კი 13 პროცენტი. “

განაცხადა კუდელიამ.

მისი თქმით, 2004 წლის არჩევნებისგან წლევანდელი არჩევნები ასევე გამოირჩეოდა შემდეგი ფაქტორებით:

დამარცხებულ კანდიდატს არ გამოუთქვამს დიდი პროტესტი შედეგებისადმი. მის მომხრეებშიც არ ყოფილა პროტესტის მზაობა.

მეორე. საერთაშორისო თანამეგობრობამ პირდაპირ აღიარა, რომ ეს არჩევნები იყო დემოკრატიული და შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.

და მესამე, მოლოდინები ახალი პრეზიდენტისადმი დაბალია. კუდელიას თქმით, წინა პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს მიმართ საზოგადოების მოლოდინები იყო განუზომლად მაღალი. ყველა ელოდებოდა,რომ იუშჩენკოს უნდა გადაედგა საგრძნობი და უაღრესად ეფექტური ნაბიჯები კორუფციის დასამარცხებლად და უკარინის ახალ, თანამედროვე რელსებზე გადასაყვანად. იუშჩენკოს წარუმატებლობამ ბევრ საკითხში კი, მოლოდინები და მოთხოვნები ხელისუფლებისადმი დაბლა დასწია და ამდენად იანუკოვიჩისადმი განწყობილი გარემო ძალზედ განსხვავებულია. გარდა ამისა, ყველამ იცის, რომ იანუკოვიჩი ოლიგარქიულ ფულზე დგას და სწორედ ამ ფინანსებმა გასაზღვრა მისი პოლიტიკური წონაც.

მისი თქმით, იანუკოვიჩს გამარჯვების შემდეგ ქონდა ორი არჩევანი - შეექმნა ახალი საპარლამენტო კოალიცია საკუთარი მთავრობის ფორმირებისთვის, ან დაენიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები. მან აირჩია პირველი გზა და ასევე მთავრობის ხელმძღვანელად საკუთარი კანდიდატურა გაიყვანა. იანუკოვიჩმა თავისი პოლიტიკურ კურსის სწორხაზოვნად გატარება გადაწყვიტა. ასეთ პრემიერად კი, მან მიკოლა აზაროვი მიიჩნია, რომელსაც ოლიგარქიული ჯგუფების მიმართ განსაკუთრებული ვალდებულებები არ გააჩნია.

ასევეიანუკუვიჩი შეეცადა ბალანსის დაცვას და მთავრობაში დანიშნა ოლიგარქიული წრეების წარმომადგენლები.

კერძოდ, პირველი ვიცე-პრემიერი გახდა ანდრეი კლუევი, რომელიც არის მეტალურგიოული და საბანკო სფეროდან და მისი ქონება 48 მილიონ დოლარს შეადგენს.

ასევე ვიცე-პრემიერის პოსტზე დაინიშნა ბორის კოლესნიკოვი - 80 მილიონიანი ქონებით. კიდევ ერთ საინტერესო კადრს წარმოადგენს ვალერი ხოროშკოვსკი - ტელეკომპანია „ინტერის“ მფლობელი და 223 მილიონიანი კაპიტალის მფლობელი. ის უკრაინის უშიშროების სამსახურს ჩაუდგა სათავეში. აღსანიშნავია, რომხოროშკოვსკი ცნობილია თავის მჭიდრო კავშირებით რუსეთის გავლენიან წრეებთან და კრემლისთვისაც ის ყოველთვის მისაღები ფიგურა იყო უკრაინულ პოლიტიკურ არენაზე. ენერგეტიკის მინისტრად კი „როსუკრენერგოს“ თანამფლობელი და 225 მილიონანი კაპიტალის პატრონი იური ბოიკო დაინიშნა.აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ვიცე-პრემიერის პოსტი იანუკოვიჩის ყოფილმა კონკურენტმა სერგეი ტიგიპკომ ჩაიბარა. ასევე იანუკოვიჩმა დაიცვა უკრაინაში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ოლიგარქის რინატ ახმეტოვის ინტერესებიც და მთავრობაში სამრეწველო და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრებისპოსტებზე სწორედ მისი კადრები დანიშნა. იანუკოვიჩმა არ დაივიწყა კიდევ ერთი ოლიგარქი - ხმელნიცკი და მის გარემოცვას ტრანსპორტის და გარემოსდაცვის სამინისტროების პორტფელები დაურიგა. კუდელიას აზრით, ასეთი გადანაწილება შეიცავს საკმაოდ დიდ რისკს, რომ მთავრიობა მოკლე ხანში დიდი ოლიგარქიული ინტერესების შეჯახების არეალად გადაიქცევა.

კუდელიამ იანუკოვიჩის პრიორიტეტებზეც გაამხვილა ყურადღება:

„პირველი პრიორიტეტი ეს არის მთავრობის ეფექტურობის დემონსტრირება და მსხვილი რეფორმების ინიციატივების ფორმულირება, რასაც ის პირველივე წელს განახორციელებს. ამით ის განხვავებული იქნება იუშჩენკოსგან, რომელმაც მისი პრეზიდენტობის პირველი წელიწადი, პრაქტიკულად გაფლანგა და ტიმოშენკოსთან ბრძოლას მოანდომა. ეს იანუკოვიჩისთვის კარგი მაგალითია. ასევე იანუკოვიჩის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საპარლამენტო კოალიციის გაძლიერება, რადგან ამ ეტაპზე მისი კოალიცია საკმაოდ სუსტია და მცირერიცხოვანი, რაც რისკებს შეიცავს. ერთერთი მთავარი გამოწვევა კი უკრაინის პრეზიდენტისთვის დასავლეთ უკრაინაში სიმპათიების მოპოვება და უკრაინის გამთლიანება იქნება.“

განაცხადა კუდელიამ.

მან უკრაინის საგარეო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება. კუდელიას თქმით, იანუკოვიჩი შეეცდება ბალანსის დაცვას დასავლეთსა და რუსეთს შორის. მისი საგარეო პოლიტიკური კურსი ორიენტირებული იქნება ნეიტრალიტეტზე.

საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია დაინტერესდა კუდელიას შეხედულებით, თუ როგორი იქნება საქართველო-უკრაინის ურთეირთობები, კერძოდ, როგორი ურთიერთობა ექნება პრეზიდენტ იანუკოვიჩს, პრეზიდენტ სააკააშვილთან. ამასთან დაკავშირებით კუდელიამ განაცხადა:

„ეს საკმაოდ რთული საკითხია, რადგან არსებობს პერსონალიზირებული ურთიერთობა სააკაშვილსა და იუშჩენკოს შორის,ასევე ეს ურთიერთობა ნათესაურიცაა. ასევე როგორც გვახსოვს იანუკოვიჩმა, როდესაც ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, განაცხადა რომ დაფიქრდებოდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობაზე. თუმცა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გახდა, ამ განცხადებისგან დისტანცირება მოახინა.

მე ვფიქრობ, რომ იანუკოვიჩი საქართველოს საკითხში არ შეეცდება ისეთტი პოლიტიკის გატარებას, რომელიც გააღიზიანებს რუსეთს. თუმცა, ამავდროულად ის არ იქნება აგრესიული საქართველოს ხელისუფებისმიმართ იმ დონეზე როგორც ეს მედვედევის და პუტინის შემთხვევაშია, და ამავდროულად არ იქნება ისეთი თბილი ურთიერთობა როგორც ეს ადრე იყო. “


XS
SM
MD
LG