ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მსვლელობისას გაირკვა, რომ მხარეებს შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიც არის ირანის ბირთვული ამბიციები და ანკარას ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი.

მერკელმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო იმით, რომ მან თურქეთის პრემიერ მინისტრს რეჯეპ ერდოღანს მშვიდობის თეთრი მტრედის მოდელი აჩუქა. ეს ცბიერი დიპლომატიური სვლა იყო რადგან ანკარაში ყოფნისას გაირკვა, რომ მხარეებს შორის ბევრი უთანხმოება არსებობს.

ბატონმა ერდოღანმა და გერმანიის კანცლერმა ირანის ბირთვულ ამბიციებზე იმსჯელეს.

თურქეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ანკარას მიაჩნია, რომ სანქციების დაწესება მიზანშეწონილი როდი იქნება. მისი აზრით, ირანთან მიმართებაში საუკეთესო გამოსავალი დიპლომატიაა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ რეგიონში უკვე არის განლაგებული ბირთვული შეიარაღება.

თურქეთი გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრია და ბატონმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის შესახებ დაუჭერს თუ არა მხარს თურქეთი შეერთებული შტატების რეზოლუციას ირანზე დამატებითი სანქციების დაწესების თაობაზე.

ქალბატონმა მერკელმა ნატოს წევრ თურქეთს მოუწოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირანი საერთაშორისო თანამეგობრობას არ დაუსაბუთებს იმას, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება, მაშინ ანკარა მზად უნდა იყოს დაუჭიროს მხარი სანქციების დაწესებას. მერკელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი კმაყოფილი იქნება, თუ აპრილში თურქეთი გაეროში ირანის საკითხზე მხარდაჭერას გამოხატავს.

ამას გარდა ორი ქვეყნის ლიდერმა თურქეთის ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივა განიხილა.

ქალბატონი მერკელი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, მაგრამ მან აღნიშნა, რომ გერმანია თურქეთის გაწევრიანების პროცესს მხარს დაუჭერს. კანცლერმა ანკარას რისხვა გამოიწვია, როცა მან გაწევრიანების მაგივრად თურქეთს ეგრედწოდებული პრივილიგირებული პარტნიორობა შესთავაზა. ბატონა ერდოღანმა ეს შემოთავაზება მყისვე უარყო.

ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპრაკებები ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო, მაგრამ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაყინულია იმის გამო, რომ ანკარა კვიპროსის გემებსა და თვითმფრინავებს საკუთარ პორტებსა და აეროპორტებში არ უშვებს. ევროკავშირის მოთხოვნის თანახმად ანკარამ საკუთარი საჰაერო სივრცე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს უნდა შესთავაზოს თუ მას გაწევრიანება სურს.

საპასუხოდ თურქეთი ითხოვს არაოფიციალური სავაჭრო ემბარგოს გაუქმებას, რომელიც კვიპროსის ჩრდილოეთის სეპარატისტულ ნაწილზეა დაწესებული მას შემდეგ რაც 1974 წლის თურქეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად კვიპროსი ბერძნულ სამხრეთ და თურქულ ჩრდილოეთ ნაწილებად დაიყო.

ქალბატონმა მერკელმა აღნიშნა, რომ იგი აპირებს თურქეთთან კვიპროსის საკითხის განხილვას, რადგან ამ პრობლემის გადაჭრა „ყველას ინტერესებში შედის."


XS
SM
MD
LG