ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„შეიარაღებათა კონტროლის ახალი ერა“


უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ სარედაქციო წერილით სათაურით „შეიარაღებათა კონტროლის ახალი ერა," რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის" 28 მარტის ნომერში გამოქვეყნდა. წერილში ვკითხულობთ:

„მოლაპარაკებებმა უფრო დიდი დრო დაიკავა და უფრო დამღლელი იყო ვიდრე ეს ყველას ეგონა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა როგორც იქნა მიაღწიეს ბირთვული შეიარაღების შეთანხმებას, რომელიც სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების ხელშეკრულებას შეცვლის. მართალია ახალი გარიგების შედეგად ორივე ქვეყნის ბირთვული არსენალი მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდება, პრეზიდენტი ობამა ქებას იმსახურებს იმის გამო, რომ მან გამოაცოცხლა შეიარაღებათა კონტროლი, რომელიც მის წინამორბედს ცივი ომის მოძველებულ გადმონაშთად მიაჩნდა. ახლა ობამა ბირთვული საფრთხის შემცირების სფეროში ლიდერობს.

ახალი ხელშეკრულება მნიშვნელოვნად გააძლიერებს პრეზიდენტ ობამას პოზიციას ბირთვულ მასალებზე კონტროლის დაწესების საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მომავალ თვეს დაგეგმილ ბირთვული უსაფრთხოების უმაღლესი დონის შეხვედრაზე განხილვის მთავარი საგანი იქნება. ამას გარდა, ეს მას აგრეთვე ხელს შეუწყობს მაისში დაგეგმილ გაუვრცელებლობის ხელშეკრულების გადასინჯვისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოითხოვოს უფრო მკაცრი სასჯელი ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის რეჟიმის ისეთი დამრღვევების წინააღმდეგ როგორიც არის ირანი და ჩრდილოეთი კორეა.

ამ ახალი ხელშეკრულების მოწონება ვაშინგტონოს უაღრესად დაძაბული პოლიტიკური კლიმატის ფონზე, როცა რესპუბლიკელები ყველანაირ თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, ადვილი როდი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების რატიფიცირება სენატის ორი მესამედის მხარდაჭერას გულისხმობს.

ობამას ადმინისტრაციას მოუხდება სენატორების დარწმუნება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოწმების რეჟიმი სანდოა და რომ თვით ხელშეკრულების ტექსტი არ ზღუდავს ამერიკის ანტი-სარაკეტო სისტემის გაშლას. ობამას ადმინისტრაციის ოფიციალური პირები დარწმუნებულები არიან, რომ მათ ამ ორივე საკითხთან დაკავშირებით სათანადო პასუხები გააჩნიათ, მაგრამ პრეზიდენტი ობამა მზად უნდა იყოს რათა თავად დაიცვას ხელშეკრულების რატიფიცირების აუცილებლობა."

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროსთან არსებული ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამთვიურ ჟურნალის ბოლო ნომერში გამოქვეყნდა მაიკლ მიჰალკასა და მარკ უილკოქსის ვრცელი ანალიტიკური ნაშრომი სახელწოდებით „სამხრეთ კავკასიაში უშიშროების სფეროში დახმარების აღმოჩენის გაუთვალისწინებელი სტრატეგიული შედეგები." ნაშრომის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ:

„აქ ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს არა დახმარების იმ მნიშვნელობაზე, როგორც ამას დონორი სახელმწიფო ანუ შეერთებული შტატები განსაზღვრავს, არამედ ამ სამხედრო დახმარების შედეგებზე რეგიონის სტაბილურობისთვის. ვაშინგტონი შესაძლოა საქართველოსთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას ვიწროდ განსაზღვრავდა, მაშინ როცა ქართველები ამ ნაბიჯს ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის სიმბოლოდ აღიქვამდნენ და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით უდგებოდნენ.

სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური რეალობა ამ რეგიონის მიმართ ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის ენთუზიაზმს ნამდვილად არ შეესაბამება. 1995 წელს ნატოს ალიანსის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა რეგიონში გაუარესდა რადგან რეგიონის ყველა ქვეყანა უფრო ავტორიტარული გახდა. არსებული კონფლიქტების ტოქსიკური გავლენა კვლავინდებურად ძალზედ ძლიერია.

შედეგად შეერთებული შტატები ძნელი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდა. რამდენად მიზანშეწონილია იმ სახელმწიფოების მიმართ სამხედრო დახმარების აღმოჩენა, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის მსგავსად რევანშისტური ამოცანებით არიან დაინტერესებულნი? შედეგად ხომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მსგავსად შეერთებული შტატების პრესტიჟი კიდევ ერთხელ შეილახება. შესძლებს თუ არა ვაშინგტონი იმ არგუმენტის გამართლებას, რომ სამხედრო დახმარების აღმოჩენა თითქოს არ გაზრდის საზღვრისპირა რაიონებში ძალადობას და რომ ადგილობრივი სამხედრო ძალების გაწვრთნა მხოლოდ ანტი-ტერორისტულ მიზნებს ემსახურება?

ლიბერალური დემოკრატიის გავრცელებას სამხრეთ კავკასიაში გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება, რაც უწინარეს ყოვლისა პოლიტიკური არასტაბილურობისა და შიდა და გარეშე ძალადობის შესაძლებლობაში გამოიხატება. ამ ტენდენციას ჩვენ უკვე ისედაც თვალნათლივ ვხედავთ რეგიონში. რეგიონში ხსენებული დემოკრატიული რეფორმების გატარების მომხრე გარეშე ძალებს სამწუხაროდ არ შეუძლიათ შეიმუშავონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მისაღები იქნება რეგიონის ქვეყნებისთვის და რომლებიც მათ შიდა და გარეშე პრობლემებს ბოლოს მოუღებს. ამდენად დემოკრატიის გავრცელება ამ რეგიონში კიდევ უფრო გაართულებს ისედაც მძიმე მდგომარეობას."


XS
SM
MD
LG