ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარტის ბოლოს ვაშინგტონში სარკოზის ვიზიტია დაგეგმილი


მარტის ბოლოს ვაშინგტონში საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვიზიტია დაგეგმილი, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა შეერთებულ შტატებში არსებული პროტექციონიზმი იქნება.

საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის ლიდერები პენტაგონს 40 მილიარდიანი კონტრაქტის ამერიკული ბოინგისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ ევროპელი პარტნიორების ინტერესების საზიანოდ.

როდესაც შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა მოძველებული საავიაციო ტანკერების გამოცვლის შესახებ ვერავინ წარმოიდგენდა რომ ამას საერთაშორისო სკანდალი მოჰყვებოდა.

ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ რომ უკანსკნელი 25 წლის მანძილზე მსგავსი არაფერი მომხდარა. ვირჯინიის შტატში მდებარე თილ გრუპ კორპორეიშენის კონსულტანტი რიჩარდ აბულაფია აცხადებს რომ სამხედრო გამანადგურებლებისთვის ფრენის დროს საწვავის მიმწოდებელი თვითმფრინავების უმეტესობა მოძველებულია და 50-ზე მეტი წლის არის. მისი თქმით:" დღესვე რომ დავიწყოთ ამ თვითმფრინავების შეცვლა უკანასკნელ მათგანს მაშინ გამოვცლით როდესაც ის უკვე 75 წლის იქნება."

ტენდერში მონაწილეობის მიღება თავდაპირველად ევროპულმა კომპანიებმაც გადაწყვიტეს, მაგრამ მას შემდეგ რაც პენტაგონმა ტენდერის პირობები შეცვალა ბოინგი ამ კონტრაქტის მოპოვების ერთადერთი კანდიდატი გახდა, რომელიც შესაძლოა 50 მილიარდი დოლარი დაჯდეს.

ბრიტანეთში თავისი ამასწინდელი ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ შეერთებული შტატები პროტექციონიზმში დაადანაშაულა. მისი თქმით:" შეერთებული შტატები ასე არ უნდა ექცეოდეს თავის ევროპელ მოკავშირეებს, რადგან ის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა და ლიდერობის პრეტენზია გააჩნია."

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით სარკოზი ამ საკითხზე პრეზიდენტ ობამას პირადად ესაუბრება. საფრანგეთის პრეზიდენტს მხარს უჭერენ სხვა ევროპელი ლიდერები, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი. მისი თქმით:" მეც გული დამწყვიტა ამერიკელების გადაწყვეტილებამ, რადგან ჩვენ ყოველთვის ღია საბაზრო ეკონომიკას და თავისუფალ ვაჭრობას ვუჭერდით მხარს. კონკურენცია თავისუფალი უნდა იყოს."

მაშინ როდესაც ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს რომ ბატონი სარკოზის არგუმენტები სამართლიანია რიჩარდ აბოულაფია თვლის რომ პენტაგონის ამ გადაწყვეტილებაზე უფრო ამერიკის საშინაო პრობლემებმა იმოქმედა ვიდრე პროტექციონისტულმა მიდგომამ საქმისადმი.

ზოგიერთები იმასაც ამბობენ რომ ევროპელთა პოზიციებს საფრანგეთის მთავრობის საქციელიც ასუსტებს, რომელიც ყოველთვის ევროპულ სამხედრო პროდუქციას ანიჭებდა უპირატესობას ამერიკულის სანაცვლოდ.

ამერიკელი ექსპერტი შიშობს რომ პენტაგონის ამ გადაწყვეტილებამ მომავალში შესაძლოა ამერიკული წარმოება დააზარალოს. რიჩარდ აბულაფიას განცხადებით:" არ არის გამორიცხული რომ ევროპელებმა ეს საბაბი გამოიყენონ და ამერიკული სამხედრო ნაწარმისთვის საკუთარი ბაზრები დაკეტონ."

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ უახლოეს მომავალში როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო ავიაციაში კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნილება დიდ თვითმფრინავებზე, რაც ევროპელ და ამერიკელ ავიაკონსტრუქტორებს დამატებითი კონკურენციის საშუალებას შეუქმნის.

XS
SM
MD
LG