აღსანიშნავია, რომ ამ სამი გამომსვლელის შენიშვნები ძირითადად ეხებოდა მათი ავტორობით ახლახან გამოცემულ კვლევით მოხსენებას სათაურით „ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებათა ხელშეკრულების გადარჩენა: ვაშინგტონის სტრატეგიის არჩევანი.“თავის გამოსვლაში ენ ვიტკოვსკიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებათა ხელშეკრულების შესრულება. ვიტკოვკსიმ აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეების აზრით ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებათა შესწორებული ხელშეკრულების შესრულება უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს რუსეთის მიერ საქართველოსა და მოლდოვეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას, რასაც რუსეთმა ჯერ კიდევ 1999 წელს ეუთოს სტამბოლის შეხვედრაზე დათანხმდა.
2007 წლის დეკემბერში რუსეთმა ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებათა ხელშეკრულების პირობების შესრულება შეაჩერა. მართალია შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ხელშეკრულების პირობებს დღესაც არსულებენ, რუსეთთან ამ საკითხთან დაკავშირებული მოლაპრაკებები ჩიხშია მოქცეული. შედეგად არ არის გამორიცხული, რომ ევროპაში ამჟამად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ხსენებულმა ხელშეკრულებამ შეიძლება დაკარგოს აზრი და გაუქმდეს. აქვე აღსანიშნავია, რომ არცთუ შორეულ წარსულში ხელშეკრულება წარმატებულად ითვლებოდა იმის გამო, რომ ხელშეკრულებით დაწესებული შეზღუდვების შესრულების შედეგად 69,000 სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობის ერთეული განადგურდა და 5,500-ზე მეტი სადამკვირებლო ინსპექცია ჩატარდა. რაც შეეხება რუსეთის მიერ 1999 წელს სტამბოლში მიღწეული პოლიტიკური დაპირებების შესრულებას საქართველოს მიმართ, ენ ვიტკოვსკიმ აღნიშნა:
„2008 წლის საქართველო-რუსეთის კონფლიქტამდე რუსეთმა საქართველოში ოთხიდან სამი სამხედრო ბაზა დახურა და გაიყვანა სამხედრო ძალები, მაგრამ 2001 წლის ივლისამდე გუდაუთის სამხედრო ბაზის დახურვის დაპირების მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ძალები კვლავინდებურად იქ არიან დისლოცირებულები. ხოლო რაც შეეხება მოლდოვეთს, მართალია რუსეთმა დნესტრისპირეთიდან სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიყვანა, 2004 წლიდან მოყოლებული დამატებითი გაყვანა არ მომხდარა და რუსეთის სამხედრო ძალები კვლავინდებურად იქ იმყოფებიან.“-ციტატის დასასრული-შერმან გარნეტმა ისაუბრა იმაზე თუ რამდენად შესაძლებელია ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებათა ხელშეკრულების გადარჩენა დღევანდელ გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ კონტექსტში. მისი აზრით ევროპაში ამჟამად შექმნილი სამხედრო რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ რეალობისგან, რომელიც ხელშეკრულების დადებისას შეინიშნებოდა. გარნეტს მიაჩნია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო იერიშის საშიშროება ორივე მხრიდან უბრალოდ აღარ არსებობს. მაგრამ სამხედრო რეალობის რადიკალური გარდაქმნის მიუხედავად რუსეთის ყოველდღიური რიტორიკული რეაქცია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, ანტი-სარაკეტო სისტემის ელემენტების განლაგება რუმინეთში და მის საპასუხოდ ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განლაგება ევროპის საზღვრებთან, მიუთითებს იმას, რომ მოსკოვისთვის ეს უკიდურესად მგრძნობიარე სფეროდ რჩება. ამასთან დაკავშირებით გარნეტმა აღნიშნა:
„მე ვფიქრობ, რომ რუსეთის პოზიცია არის რევიზიონისტური სახელმწიფოს პოზიცა და ეს შეინიშნება არა მხოლოდ მის დამოკიდებულებაში ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების მიმართ, თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთმა ხელშეკრულების პირობების შესრულება შეაჩერა, მაგრამ ხელშეკრულებიდან არ გამოსულა, არამედ ისეთ სფეროებშიც როგორიც არის რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობა ანდა ნატო-რუსეთის საბჭო. ყოველივე ეს იმის მანიშნებელია, რომ რუსეთს ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მთელი რიგი დოკუმენტების გადახედვა სურს. პუტინის რეჟიმს სჯერა, რომ 90-იან წლებში რუსეთის დიპლომატია საკმაოდ სუსტი იყო, და ახლა მოსკოვს მაშინდელი შეცდომების შესწორება მოუნდა. საერთოდ როცა ჩვენ დავუკვირდებით აღმოსავლეთ ზონას, იქ მთელი რიგი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. აქ მე უპირველეს ყოვლისა საქართველოში მომხდარ ომს ვგულისხმობ და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს უდავოდ ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებათა ხელშეკრულებას დიდ საფრთხეს უქმნის და არ არის გამორიცხული, რომ შედეგად ევროპის ეს მესამედი შეიძლება რუსეთის საგანგებო პასუხისმგებლობის სფეროდ გადაიქცეს.“-
ჯეფ მაკკაუსლანდს მიაჩნია, რომ ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებათა ხელშეკრულების გადარჩენაში ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები ზოგადად უფრო დაინტერესებულები უნდა იყვნენ ვიდრე შეერთებული შტატები. ამას გარდა რუსეთის მიმართ შეერთებული შტატების ეგრედწოდებული „გადატვირთვის“ პოლიტიკის კონტექსტში ვაშინგტონს ნამდვილად არ სურს, რომ ხსენებული ხელშეკრულების გამო წარმოიქმნას დამატებითი დაძაბულობა. შეხვედრის ბოლოს ამერიკის ხმის ქართული რედაქციის კითხვაზე იქნება თუ არა მიზანშეწონილი დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ ისეთ დათმობებზე წასვლა, რომელიც მოსკოვის ეგრედწოდებული პრივილეგირებული ინტერესების სფეროს ირიბ აღიარებას ითვალისწინებს, ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებათა ხელშეკრულების გადარჩენის მიზნით, ბატონმა გარნეტმა დასძინა:„მე ყურადღება გავამხვილე ევროპის აღმოსავლეთ მესამედზე რადგან მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ რეგიონშია დაინტერესებული რუსეთი. ამდენად თუ ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებათა ხელშეკრულება გაუქმდა, მაშინ ევროპა კიდევ ერთხელ დანაწევრებული აღმოჩნდება, რაც გრძელვადიან პრობლემას შეგვიქმნის.
რუსეთი დიდი სახელმწიფოა და მას მცირე ქვეყნები ესაზღვრებიან და ჩემის აზრით ეს მთელი რეგიონი მაქსიმალურად დემილიტარიზებული უნდა იყოს. რასაკვირველია 2008 წლის აგვისტოს ამბების შემდეგ ჩვენი სტრატეგიის არჩევანი მნიშვნელოვნად გართულდა და შემცირდა. აქ ისიც უნდა ავღნიშნო, რომ არის იმის საშიშროებაც, რომ 2008 წლის მოველენბმა პოსტ-საბჭოური სისტემა ფუნდამენტურად შეცვალა.“