ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მიმართ აშშ-ის დამოკიდებულება უდრეკია


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისრაელის უსაფრთხოების მიმართ შეერთებული შტატების პასუხისმგებლობა უდრეკია. მან ისრაელის მთავრობას მშვიდობის დამყარებისთვის რთული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. გუშინ კლინტონმა ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივი ურთიერთობების კომიტეტს სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამჟამად შექმნილი მდგომარეობა დიდ ხანს ვერ გასტანს.

სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გამოსვლა ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივი ურთიერთობების კომიტეტში შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის უკანონო ებრაული დასახლებების მშენებლობით გამოწვეული დავის ფონზე მოხდა.

ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივი ურთიერთობების კომიტეტის ყრილობის გარეთ ისრაელის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ხმაურიანი საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყვეს.

მაგრამ სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა ისრაელს ნუგეშის სიტყვებით მიმართა ისრაელის მიმართ ამერიკის მხარდაჭერის შესახებ.

მისი თქმით შეერთებული შტატების მხარდაჭერა ისრაელის მიმართ „მყარია.“ ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა განაცხადა:

„პრეზიდენტ ობამასთვის, ჩემთვის და მთელი ჩვენი ადმინისტრაციისთვის ისრაელის უსაფრთხოებისთვის და მომავლისთვის ჩვენი პასუხისმგებლობა ურყევი, უდრეკი, გამძლე და სამარადისოა.“

მაგრამ კლინტონმა აგრეთვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ისრაელსა და პალესტინელებისგან მოქნილობას ელის მაშინ როცა ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი ჯორჯ მიტჩელი სამშვიდობო პროცესის ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყებას ცდილობს.

ისრაელსა და მეზობელ არაბ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი, კლინტონის თქმით, ისრაელის, როგორც უსაფრთხო და დემოკრატიული ებრაული სახელმწიფოს მომავალს საფრთხეს უქმნის. მისი თქმით არსებული მდგომარეობა დიდ ხანს ვერ გასტანს.

ჰილარი კლინტონმა აღნიშნა:

„არსებოს სხვა გზაც, გზა რომელიც ისრაელის, პალესტინელებისა და რეგიონის მთელი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და აყვავებისკენ არის მიმართული. მაგრამ ამ გზის გასავლელად ისრაელმა და ყველა მხარემ რთული მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.“

კლინტონის გამოსვლამდე ორი კვირით ადრე ისრაელის მთავრობამ გააკეთა განცხადება აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი ებრაული დასახლებების მშენებლობის შესახებ. როგორც ცნობილია, ხსენებული განცხადება დაემთხვა ისრაელში შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ოფიციალურ ვიზიტს. შედეგად კი ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობა წამოიქმნა.

მას შემდეგ ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაარწმუნა შეერთებული შტატები, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის ეგრედწოდებული არაპიდაპირი მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელსაც ამერიკა მხარს უჭერს, მნიშვნელოვანი საკითხები, იერუსალიმის სტატუსის ჩათვლით, განხილული იქნება.

მაგრამ ბატონმა ნეთანიაჰუმ აგრეთვე აღნიშნა, რომ ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმში უკანონო ებრაული დასახლებების მშენებლობას არ შეწყვეტს. უნდა აღინიშნოს, რომ პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს მომავალი პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად აღიქვამენ და იქ ებრაული დასახლებების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

კლინტონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ისრაელს აკრიტიკებს არა იერუსალიმის სტატუსის გამო არამედ იმიტომ, რომ ისრაელის მოქმედება მოახლოვებული მოლაპარაკებების ირგვლივ ნდობის ფაქტორს აქარწყლებს.

„აღმოსავლეთ იერუსალიმსა თუ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ახალი მშნებელობის დაწყება ორმხრივ ნდობას ძირს უთხრის და არაპირდაპირ მოლაპრაკებებს საფრთხეს უქმნის. როგორც მოგეხსენებათ, არაპირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება მოლაპრაკებების სრული ფორმატით წარმართვის წინაპირობაა. ამას გარდა ისრაელისა და შეერთებული შტატების პოზიციებს შორის არსებულ სხვაობას რეგიონში მოქმედი სხვა სახელმწიფოები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ,“ განაცხადა სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა.

კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასამხედროებულმა პალესტინურმა მოძრაობამ ჰამასმა, რომელიც ამჟამად ღაზას სექტორს აკონტროლებს, ძალადობა უნდა უარყოს და ისრაელის არსებობა უნდა აღიაროს, თუ მას სამშვიდობო პროცესში მონაწილეობა სურს.

სახელმწიფო მდივანმა აგრეთვე განაცხადა, რომ ბირთვული შეიარაღებით აჭურვილი ირანი ისრაელისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით კლინტონმა დასძინა:

„ბირთვული შეიარაღებით აღჭურვილი ირანი ტერორისტ მოკავშირეებს შეაგულიანებს და გამალებულ შეიარაღებას გამოიწვევს, რასაც შედეგად მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია მოჰყვება. ეს კი ყოვლად დაუშვებელია. ამდენად მე პირდაპირ გეტყვით: შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული შეიარაღება მოიპოვოს.“

კლინტონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ისეთი სანქციების შემოღებას გეგმავს, რომელიც ისლამურ რესპუბლიკას ნამდვილ ზიანს მიაყენებს. მისი თქმით საერთაშორისო თანამეგობრობაში მზარდი კონსენსუსი შეინიშნება რათა ირანმა შეცვალოს თავისი პოლიტიკის კურსი.

XS
SM
MD
LG