ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დაკარგული პერესტროიკა"


უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ მიხაილ გორბაჩოვის სტატიით „დაკარგული პერესტროიკა,“

რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ 14 მარტის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის ლიდერებმა რეფორმის უფრო რადიკალური ვერსიის ჩატარება დააპირეს. როგორც აღმოჩნდა, ‘შოკურ თერაპიას’ სავავალო შედეგები მოჰყვა. ბევრი მოქალაქე სიღარიბის ზღვრის ქვემოთ აღმოჩნდა, შემოსავლებს შორის განსხვავება მნიშვნელოვნად გაიზარდა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, განათლებისა და კულტურის სფეროები საგრძნობლად დაზარალდა. რუსეთის სამრეწველო ბაზა მკვეთრად შემცირდა, ხოლო ეკონომიკა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტზე დამოკიდებული გახდა.

გასული საუკუნის მიწურულს ქვეყნის ნახევარი თითქმის განადგურებული იყო და ჩვენ ქაოსის მოლოდინში ვიყავით. დემოკრატია სულს ღაფავდა. 1996 წელს პრეზიდენტ ბორის ელცინის ხელმეორედ არჩევა და 2000 წელს ძალაუფლების გადაცემა მის მიერ არჩეული მემკვიდრესათვის ვლადიმირ პუტინისთვის შეიძლება დემოკრატიულად გამოიყურებოდა, მაგრამ შინაარსობრივად დემოკრატიული როდი იყო. სწორედ მაშინ დავფიქრდი მე რუსეთში დემოკრატიის მომავალზე.

ქვეყნის სტაბილიზაცია ერთადერთი ან საბოლოო მიზანი არ უნდა იყოს. რუსეთს განვითარება და მოდერნიზაცია სჭირდება, რათა მან ამ ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში ლიდერის პოზიცია დაიკავოს. გასული ათწლეულის მანძილზე ჩვენ ძირითად საექსპორტო ნედლეულზე - ნავთობსა და ბუნებრივ აირზე - მაღალი ფასების მიუხედავად ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანას ამ მიზნის მისაღწევად არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. გლობალური კრიზისის უარყოფითი გავლენა რუსეთში უფრო შესამჩნევია ვიდრე ბევრ სხვა სახელმწიფოში, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენივე ბრალია.

რუსეთი პროგრესს მიაღწევს მხოლოდ მაშინ თუ ის ჭეშმარიტი დემოკრატიის გზას დაადგა. ამ ბოლო დროს ამ მხრივ რამდენიმე დაბროკლება შეინიშნება.

მაგალითად, სამთავრობო გადაწყვეტილებების უმეტესობას აღმასრულებელი ხელისუფლება ღებულობს, მაშინ როცა პარლამენტის თანხმობა უბრალო ფორმალობად იქცა. სასამართლოების დამოუკიდებლობაც საეჭვოა. ჩვენ არ გაგვაჩნია პოლიტიკური პარტიების სისტემა, რომელიც ნამდვილ უმრავლესობას გამარჯვების შესაძლებლობას მისცემს და იმავდროულად უმცირესობის აზრს გაითვალისწინებს, რაც თავის მხრივ აქტიური ოპოზიციის არსბობას გულისხმობს. იქმნება შთაბეჭდილება რომ მთავრობას სამოქალაქო საზოგადოების ეშინია და ყველაფრის გაკონტროლება სურს.

რუსეთს აკავებს შიში. მოსახლეობასა და ხელისუფლებაში ბევრს ეშინია, რომ მოდერნიზაციის ახალი რაუნდი შეიძლება არეულობითა და ქაოსით დამთავრდეს. პოლიტიკაში შიში ცუდი მეგზურია და ჩვენ ის აუცილებლად უნდა გადავლახოთ.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ რობერტ კაგანის სარედაქციო წერილით სათაურით „მოკავშირეები პრეზიდენტ ობამათი განაწყენებულები არიან,“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ 17 მარტის ნომერში გამოქვეყნდა. წერილში ვკითხულობთ:

„აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მას შემდეგ რაც ადმინისტრაციამ გააუქმა პოლონეთსა და ჩეხეთში ანტი-სარაკეტო სისტემის განლაგება ბევრი შიშობს, რომ შეერთებული შტატები უსაფრთხოების სანდო თავდები დიდ ხანს აღარ დარჩება. მართალია ზოგადად ევროპელებს ობამა მოსწონთ, მათ გააკეთეს დასკვნა, რომ ის მათ მიმართ დიდი სიმპატიით გამსჭვალული როდია, მიუხედავად იმისა, რომ მან ევროპა უქვე ექვსჯერ მოინახულა, და რომ ის უფრო აზიის პრეზიდენტია ვიდე ევროპის.

რუსების მიმართ პრეზიდენტი ერთი შეხედვით უსაზღვრო მოთმინებას იჩენს მაშინ როცა ისინი შეიარაღებათა კონტროლის შეთანხმების გაფორმებას, რომელიც ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა გაფორმებულიყო, გამუდმებით აყოვნებენ. იგი ირანის მხრიდან შეურაცხყოფების ნაკადს და მოლაპარაკებებზე უარს ერთი წლის მანძილზე ითმენდა ვიდრე გაუბედავად სანქციების შემოღებას დაუჭერდა მხარს. ამის მსგავსად ადმინისტრაცია სირიისა და ბირმის მოთაფლვას ლამობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით დამასკოდან და რანგუნიდან რაიმე საპასუხო ნაბიჯი არ შეინიშნება.

ობამას ადმინისტრაცია საერთაშორისო ურთიერთოებების წარმართვის მიმართ ‘მრავალმხრივ’ მიდგომას მხოლოდ რიტორიკულ მხარდაჭერას უცხადებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ‘მრავალმხრივი’ მიდგომა ავტოკრატიულ მეტოქეებთან დათმობებს გულისხმობს, და არა ხანგრძლივ დემოკრატიულ მოკავშირეებთან ურთიერთობების გაღრმავებასა და განმტკიცებას. ახალი ‘საერთაშორისო არქიტეკტურის’ დემოკრატიული საფუძვლის გაძლიერების მაგივრად ობამას ადმინისტრაციის პოზიცია მოკავშირეებსა და მეტოქეებს შორის და დემოკრატებსა და ავტოკრატებს შორის უფრო ნეიტრალიტეტს წააგავს.“


XS
SM
MD
LG