ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხვალ ჯანდაცვის რეფორმის ბედი წყდება


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა კვირას ჯანდაცვის სფეროს რეფორმისთვის კენჭის საყრელად ემზადება. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავსტრალიასა და ინდონეზიაში დაგეგმილი ვიზიტი უკვე მეორედ გადადო. მისთვის ჯანდაცვის სფეროს გარდაქმნა ყველაზე აქტუალური შიდა პოლიტიკური პრიორიტეტია.
თეთრი სახლის პრეს მდივანმა რობერტ გიბსმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტი დარწმუნებულია იმაში, რომ ჯანდაცვის სფეროს გარდაქმნის კანონპროექტი უკვე მალე დამტკიცდება.

„ვფიქრობ, რომ კანონპროექტი კონგრესში კვირას დამტკიცდება. ამის შემდეგ ცოტა ხანში მას კონგრესიც დაამტკიცებს და ბოლოს მასზე პრეზიდენტი მოაწერს ხელს და ის კანონად ამოქმედდება.“


ჯანდაცვის კანონპროექტზე ერთწლიანი დებატები სრულდება და პრეზიდენტმა კენჭისყრის დღოს ვაშინგტონში დარჩენა გადაწყვიტა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ შეცვლილი კანონპროექტი წარმოუდგინა კონგრესს, რომელიც 940 მილიარდი დოლარი დაუჯდება ქვეყანას. დემოკრატები იმედოვნებენ, რომ ეს ტექსტის საბოლოო ვარიანტი იქნაბა. კანონპროექტი ჯანმრთელობის დაზღვევას იმ 32 მილიონ ამერიკელზეც გაავრცელებს, რომლებიც დღეს არ არიან დაზღვული.

კონგრესის საბიუჯეტო ოფისმა, რომელიც არაპარტიული უწყებაა ხუთშაბათს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც კანონის მიღების შემთხვევაში, პირველი 10 წლის განმავლობაში ის სახელმწიფო დეფიციტს 138 მილიარდი დოლარით შეამცირებს.

ქალბატონი პელოსი, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს მოაგროვოს კანონპროექტის დასამტკიცებლად საჭირო 216 ხმა, კმაყოფილია საბიუჯეტო ოფისის ანგარიშით. მისი აზრით, ეს ანგარიში იმ დემოკრატებს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, რომლებიც ნოემბერში კონგრესის არჩევნებში აპირებენ მონაწილოების მიღებას.

„ამერიკელი ხალხის კეთილდღეობისთვის, ამერიკის ბიუჯეტის სიჯანსაღისთვის, ხანდაზმული მოქალაქეებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მცირე ბიზნესებისა და ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციისთვის ჩვენ ისტორიას შევცვლით და კონგრესში ამ კანონპროექტს დავამტკიცებთ.“

თუ კანონპროექტი დამტკიცდა, ის ამერიკის ეკონომიკის ერთ მეექვსედს შეცვლის. რეფორმა ასევე გულისხმობს იმას, რომ ყველა ამერიკელს მიეცემა ჯანმრთელობის დაზღვევის საშუალება და ის კომპანიები , რომლებიც თანამშრომლებს ჯანმრთელობას არ უზღვევენ დაჯარიმდებიან.
რესპუბლიკელები კანონპროექტის კატეგორიული წინააღმდეგები არიან და ამბობენ, რომ ის არა მხოლოდ ძალიან ძვირი დაუჯდება ქვეყანას, არამედ ბიუროკრატიას გაზრდის და სახლმწიფოს ზედმეტ უფლებებს მისცემს ადამიანების ჯანდაცვასთან დაკავშირებით.


XS
SM
MD
LG