ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომის იმიტაცია


ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით რამდენიმე დღის წინ გასულმა სიუჟეტმა შიდა ქართლში პანიკა გამოიწვია. ეგრეთ წოდებულმა, „ომის იმიტაციამ“ მოსახლეობა შოკში ჩააგდო.

შიდა ქართლის გუბერნატონი ვლადიმერ ვარძელაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ცხინვალის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ. მისივე თქმით, ადამიანებმა, რომლებმაც ომი საკუთარ თავზე ერთი წლის წინ გადაიტანეს, ქუჩებში გამოვიდნენ და შიშისა და გაურკვევლობისგან რა უნდა მოემოქმედათ, ვერ არკვევდნენ.

ნათია ლაზარაშვილი ზემო ხვითში ცხოვრობს, სოფელში, რომელიც ცხინვალს 500 მეტრითაა დაშორებული და სადაც რამდენიმე ოჯახი საკუთარ სახლებში დაბრუნებას ჯერაც ვერ ახერხებს უსაფრთხოების არარსებობიდან გამომდინარე. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს, რომ მოსახლეობა სრულმა პანიკამ მოიცვა და მანამ ვერ გაარკვიეს ვერაფერი, სანამ ისევ ტელევიზიით არ გამოცხადდა, რომ ეს მხოლოდ იმიტაცია იყო.

შიდა ქართლის გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი აცხადებს, რომ მას ტელეფონით რამდენიმე ზარის განხორციელება დასჭირდა იმისთვის, რომ გარკვეულიყო, რა ხდებოდა სინამდვილეში. დაიწყო ომი, თუ არ დაიწყო. იგი ამბობს, რომ ტელევიზიით გადაცემული სიუჯეტი სინამდვილესთან ძალიან ახლოს იდგა. ვლადიმერ ვარძელაშვილის თქმით, მას საკუთარი თავი არ მიაჩნია საკმარისად კომპეტენტურად იმისთვის, რომ შეაფასოს, ადექვატურია თუ არა ის სანქცია, რაც ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ „იმედს“ დააკისრა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილიც იმას ამბობს, რომ თავდაპირველად თვითონაც გაუჭირდა გარკვევა ტყუილ–მართალში, შემდეგ კი აწყნარებდა ადამიანებს, რომლებიც მასთან გამუდმებით რეკავდნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც იმიტირებული „ქრონიკის“ შედეგად ზიანი მიადგათ, საგანგებო განცხადება გააკეთა და უფასო იურიდიული დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ ჩვენთან საიას გორის ოფისის ხელმძღვანელმა, ქეთევან ბებიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, „იმედმა“ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც ზუსტი და უტყუარი ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს მედია–საშუალებებს, უხეშად დაარღვია.


XS
SM
MD
LG