ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის შეფასება


სამშაბათს, 16 მარტს, ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე „ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის შეფასება." დისკუსიას უძღვებოდა ვეტერანი ჟურნალისტი და ტელეკომპანია სი-ბი-ეს-ის მთავარი კორესპონდენტი ვაშინგტონში ბატონი ბობ შიფერი. ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე საუბრობდნენ ანალიტიკური ორგანიზაცია „ახალი ამერიკის ფონდის" პრეზიდენტი სტივ კოლი, გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის" საგარეო ურთიერთობათა მიმომხილველი თომას ფრიდმანი და გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის" რედაქტორის მოადგილე და პოლიტიკური მიმომხილველი დეივიდ იგნატიუსი.

დისკუსია ძირითადად აქცენტირებული იყო ამერიკა-ისრაელის ურთიერთობებსა და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის განახლების პერსპექტივებზე. თავის გამოსვლაში თომას ფრიდმანმა აღნიშნა, რომ ის დაპირისპირება, რომელიც ამერიკასა და ისრაელს შორის გასულ კვირას წარმოიქმნა, მრავალი ფაქტორით იყო განპირობებული. ფრიდმანს მიაჩნია, რომ გარკვეული თვალსაზრისით შეერთებული შტატების მთავრობის მწვავე რეაქცია ისრაელის უდროო განცხადებაზე აღმოსავლეთ იერუსალიმში უკანონო ებრაული დასახლებების მშენებლობის შესახებ წარმოადგენს იმ იმედგაცრუების კულმინაციას, რომელიც ათწლეულების მანძილზე ამერიკის მთავრობაში დაგროვდა იმის გამო, რომ ისრაელის მოქმედება ამ სფეროში ამერიკის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება. შეერთებული შტატების შეშფოთება ისრაელის გამო აგრეთვე აისახა გენერალ დეივიდ პეტრეუსის მოხსენებაში, რომელიც იანვარში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავჯდომარისთვის ადმირალ მაიკლ მალენისთვის მომზადდა. ამასთან დაკავშირებით ფრიდმანმა აღნიშნა:

„ისრაელს მივმართავ: ჩვენთ თქვენთვის მოსფლიოში ბევრს ვაკეთებთ. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ გლობალური კოალიცია რათა ირანის ბირთვული საშიშროება გავანეიტრალოთ, რაც რასაკვირველია ჩვენ ინტერესებშიც შედის, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში მთავარი მსხვერპლი ისრაელი იქნება. ჩვენ სადამ ჰუსეინი დავამარცხეთ ჩვენი ინტერესების გამო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან ისრაელს სკადის ტიპის რაკეტები დაუშინა და 25 ათას დოლარს პირდებოდა ნებისმიერ პალესტინელს, ვინც თავს აიფეთქებდა. 2011 საბიუჯეტო წელს ჩვენ ისრაელისთვის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას ვგეგმავთ. ხოლო გაეროში ჩვენ ისრაელი გოლდსტოუნის მოხსენებისგან დავიცავით."

ფრიდმანის თქმით, იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უკანონო დასახლებების მშენებლობის შეჩერების მაგივრად ისრაელის მთავრობამ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო და შედეგად შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა დაიძაბა და პალესტინელებს კი იმის საბაბი მიეცა რომ შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ისრაელს დაეკისროს. ფრიდმანის თქმით:

„ჩემის აზრით პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მან წითელი ხაზი გაუსვა. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ამერიკული ინტერესებიდან გამომდინარე და მე პირადად მას მხარი დავუჭირე. ამ განტოლებაში ხუთი მთავარი მოთამაშეა - სალამ ფაიადის პალესტინური მთავრობა; ირანის, ჰამასისა და ჰეზბოლას წინააღმდეგობის ქსელი; ზომიერი არაბული სახელმწიფოები; ისრაელი და ამერიკა. ამ ხუთი მოთამაშისგან მხოლოდ ორს გააჩნია სტრატეგია. ფაიადს და წინააღმდეგობის ქსელს გააჩნიათ ურთიერთსაპირისპირო სტრატეგიები, მაგრამ შეერთებულ შტატებს, ზომიერ არაბულ სახელმწიფოებს, და ისრაელს ამ კონფლიქტის გადასაჭრელად თანამიმდევრული და გრძელვადიანი სტრატეგია არ აქვთ. და მე ვფიქრობ, რომ მართალია ის ნაბიჯი რომელიც ობამას ადმინისტრაციამ გადადგა სავსებით გამართლებული იყო, ის საკმარისი როდია. მე ვფიქრობ, რომ რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მიმართ პოლიტიკის შემუშავებას, ამ ადმინისტრაციას ყველაზე სუსტი გუნდი ჰყავს რაც მე მინახავს."

თავის გამოსვლაში დეივიდ იგნატიუსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირადად არის დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საკითხით. არაბულ სახელმწიფოთა ლიდერებთან პირადი სატელეფონო საუბრებიდან დაწყებული და ქაიროში ისტორიულად მნიშვნელოვანი გამოსვლით დამთავრებული, პრეზიდენტი ობამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ საკითხს. როცა ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ ახლახან ვაშინგტონს ეწვია, მან სწრაფად აღმოაჩინა, რომ რაც შეეხება უკანონო ებრაული დასახლებების მშენებლობის საკითხს თეთრ სახლსა და ამერიკის კონგრესს შორის ერთსულოვნება შეინიშნება. იგნატიუსის თქმით:

„გარკვეული თვალსაზრისით ნათანიაჰუმ ამ ადმინისტრაციას საჩუქარი მიართვა. მან მოკავშირე სახელმწიფოსთვის იმდენად შეურაცხმყოფელი და გამომწვევი ნაბიჯი გადადგა, როცა ვიცე პრეზიდენტი ისრაელში სტუმრობდა, რომ ადმინისტრაციამ როგორც იქნა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა."


XS
SM
MD
LG