ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შარშანდელი მიწისძვრა ლაკუილაში


დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც დამანგრეველმა მიწისძვრამ იტალიის ქალაქი ლაკუილა შესძრა. ქალაქის ცენტრი დღემდე დახურულ ზონად არის გამოცხადებული და მოსახლეობა საკუთარ სახლებში ჯერაც არ დაბრუნებულა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი საბინა კასტელფრანკო ლაკუილადან იუწყება, რომ ქალაქის ეკლესიები და ისტორიული ძეგლები კვლავინდებურად საშენი ხე-ტყით არის დაფარული.

ქალაქის ქუჩებში მხოლოდ ქარის ხმა ისმის იმ შენობებს შორის, რომლებსაც სიცოცხლე შეიძლება არც დაუბრუნდეს. ლაკუილას აღდგენითი სამუშაოები შეიძლება აუხდენელ ოცნებად გადაიქცეს. გასული წლის 6 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მიმოფანტული ქვები და ნაგავი ყველაგანაა.

ადგილობრივი მოსახლეობა ძალზედ განიცდის იმას, რომ მიწისძვრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა. ისინი ამბობენ, რომ მათ ქალაქში დაბრუნება სურთ და ამ მიზნით ისინი გარკვეული ზომების მიღებას აპირებენ.

ყოველ კვირა დღეს ნიჩბებით, მაზიდებითა და წერაქვებით შეიარაღებული ათასობით მოხალისე ქალაქის ცენტრში იკრიბება. საკუთარი შიშველი ხელებით ისინი ნანგრევებს ასუფთავებენ.

ეს რასაკვირველია სიმბოლური აქციაა, მაგრამ გზავნილი ერთია: სანამ აღდგენითი სამუშაოები დაიწყება ნანგრევები უნდა გასუფთავდეს.

ფედერიკო დორაციო აღნიშნავს, რომ ის ნანგრევები, რომელიც დღემდე გასუფთავდა ლაკუილას მაცხვორებელთა დამსახურებაა.

თითქმის ყველა ბიზნესი ქალაქის ცენტრში დღემდე დახურულია. ნატალია ნურცია კაფეს მეპატრონეა. მან კაფეს გახსნა ცოტა ხნის წინ შესძლო.

მისი თქმით, ამჟამად ქალაქის ცენტრში მხოლოდ ხუთი ბიზნესი მუშაობს. ნატალია გამოთქვამს იმედს, რომ ზაფხულის დასაწყისისთვის ეს რიცხვი შეიძლება ოცდაათამდე გაიზარდოს.

ლაკუილას მოსახლეობაში უმეტესობა ფიქრობს, რომ ქალაქის აღდეგენას წლები დასჭირდება. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ თუ ახლო მომავალში მდგომარეობა არ შეიცვალა ლაკუილა შეიძლება პომპეის დაემსგავსოს.

მიწისძვრის შედეგად გადაადგილებული პირები დაბინევებულები არიან და კარვების ქალაქი უკვე დიდი ხანია დაშალეს. იტალიის მთავრობამ მიწისძვრისგან დაზარალებულებს დროებითი სახლები მისცა და ქალაქის მკვიდრთა ერთი ნაწილი დღემდე ახლომდებარე სასტუმროებში ცხოვრობს.

მაგრამ მათ ქალაქში დაბრუნება სურთ და ახლა ისინი მიწისძვრის პირველი წლისთავისთვის ემზადებიან.

ერთ-ერთი მაცხოვრებელი აღნიშნავს, რომ ყველას 5 აპრილს ღამის გათევება ერთად სურს რათა ხალხმა ლაკუილაში მომხდარი მიწისძვრა ერთად გაიხსენოს. იმ საბედისწერო დილას, ოთხის ნახევარზე მომხდარმა მიწისძვრამ 300 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


XS
SM
MD
LG