ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მოდერნიზაცია


უცხოური პრესის მიმოხილვის დღევანდელი გამოშვება მთლიანად ეთმობა ჟურნალ „ეკონომისტის“ 11 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიას სათაურით „რუსეთის მოდერნიზაცია: მოსალოდნელია თუ არა კიდევ ერთი ნახტომი წინ?“ სტატიაში ვკითხულობთ: „მოდერნიზაცია რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის მთავარი მოწოდება იყო გასულ სექტემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით ‘რუსეთი წინ!’ რომელიც ერთ-ერთ ლიბერალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. ‘რატომ უნდა ვათრიოთ ჩვენ ეს ნედლეულ მასალებსა და ქრონიკულ კორუფციაზე დაფუძნებული პრიმიტიული ეკონომიკა?’ სვამს რიტორიკულ კითხვას ბატონი მედვედევი თავის სტატიაში. პრობლემების ფართო სპექტრის აღიარების გარდა, ეკონომიკური სისუსტით დაწყებული და ალკოჰოლიზმით დამთავრებული, მედვედევი რუსეთს როგორც ბირთვული კოსმოსური ხომალდებისა და სუპერკომპიუტერების მქონე სახელმწიფოდ მოიაზრებს. მოკლედ, რომ ვთქვათ, მას მიაჩნია, რომ თუ რუსეთმა მოდენრიზაცია განახორციელა, ის კიდევ ერთხელ მსოფლიოს ლიდერი გახდება. ლიბერალმა კრიტიკოსებმა მყისვე აღნიშნეს, რომ რუსეთის მოდერნიზაცია შეუძლებელია პოლიტიკური ლიბერალიზაციისა და ინსტიტუციონალური გარდაქმნის გარეშე. ქვეყანაში, სადაც საკუთრების უფლების დამცავი სუსტი კანონმდებლობა არსებობს, ხოლო ბიუროკრატია მხოლოდ საკუთარი ფინანსური ინტერესებით არის დაინტერესებული, ხელისუფლება ქრთამების ამოღებისა და კომერციული საქმიანობის შეზღუდვის ახალ მეთოდებს გამოიგონებს, მაგრამ ინტელექტუალური კაპიტალის შექმნას ვერ შესძლებს. საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერმა მიხაილ გორბაჩოვმა ახლახან აღნიშნა, რომ მოდერნიზაცია დემოკრატიული რეფორმების გატარების გარეშე შეუძლებელია. ანატოლი ჩუბაისი, რომელმაც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინის დავალებით ქვეყანაში პრივატიზაცია ჩაატარა და რომელიც ამჟამად ნანოტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო კორპორაციას ხელმძღვანელობს, აღნიშნავს, რომ რუსეთის მოდერნიზაციისთვის პოლიტიკური ლიბერალიზაცია რასაკვირველია სასურველია, მაგრამ მას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. მას მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის გარდაქმნა ან საბაჟო კანონმდებლობაში შესწორებების შეტანა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ავტოკრატიულმა რეჟიმებმა, მაგალითად, სინგაპურმა, სამხრეთ კორეამ, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩინეთმა მნიშვნელოვან ეკონომიკურ მიღწევებს ყოველგვარი პოლიტიკური ლიბერალიზაციის გარეშე მიაღწიეს. მაგრამ, როგორც ლიბერალი რუსი პოლიტიკოსი ვლადიმირ რიჟკოვი აღნიშნავს, სინგაპურის მოდელის მისაბაძად აუცილებელია, რომ ქვეყანაში დამკვიდრედს საკუთრების უფლების ძლიერი კანონმდებლობა, კანონის უზენაესობა, ჯანსაღი კონკურენცია და კორუფციის საწინააღმდეგო ეფექტური მექანიზმები. ამ მხრივ რუსეთს არაფერი გაუკეთებია. რუსეთის მმართველი ელიტა, რომელიც კორუმპირებული ბიუროკრატიისგან, უშიშროების სამსახურებისგან და რამდენიმე ოლიგარქისგან შედგება, დამოკიდებულია ბუნებრივი რესურსების ექსპორტსა და საბაზრო ეკონომიკაში ადმინისტრაციული ჩარევით მიღებულ შემოსავლებზე. კორუფცია არის სწორედ ის ფაქტორი, რომელიც ამ სისტემას აერთიანებს და ბიუროკრატიის ერთგულების გარანტს წარმოადგენს. რუსეთისთვის მთავარი კითხვა ის კი არ უნდა იყოს თუ როგორ უნდა მიაღწიოს ქვეყანამ მოდერნიზაციას. აქ პრობლემა ის არის, რომ მოდერნიზაციის ოცნება, რომელიც ემყარება იმ მოლოდინს, რომ ტექნოლოგიური მიღწევების საფუძველზე რუსეთი კიდევ ერთხელ მსოფლიოს ზესახელმწიფო გახდება, მცდარ პრიორიტეტს წარმოადგენს. რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს პოსტ-იმპერიულ რეალობასთან შერიგება, რაც უპირველეს ყოვლისა არსებული საშუალებების გამოყენებას და არა ამბიციების დაკმაყოფილებას ითვალისწინებს. რუსეთი უფრო დიდ ყურადღებას უნდა უთმობდეს ადამიანის სიცოცხლესა და მის ღირსებას. რუსეთის აღორძინების საწინდარი სწორედ ეს უნდა იყოს და არა გეოპოლიტიკურ შეჯიბრში გამარჯვება.


XS
SM
MD
LG