ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მისტრალის გარიგების მნიშვნელობა  ნატოს ალიანსისთვის


რუსეთის მიერ საფრანგეთისგან მისტრალის ტიპის ავიამზიდის შეძენის პერსპექტივამ ნატოს ალიანსის წევრ სახელწმიფოებს შორის დიდი დავა გამოიწვია. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით "ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ ინტერვიუ სთხოვა ნატოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს და ანალიტიკური ორგანიზაცია რენდის კორპორაციის უფროს მკვლევარს ბატონ რობერტ ჰანტერს.


კითხვაზე, თუ როგორ დაახასიათებდა იგი მისტრალის გარიგების მნიშვნელობას ნატოს ალიანსისთვის და ევროპის უსაფრთხოებისთვის რობერტ ჰანტერმა აღნიშნა:


„ნატოს ზოგიერთი ოფიციალური პირი ამ გარიგებას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს. ისინი ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ერთი გარიგებაა და წარსულში მომხდარ სხებთან შედარებით საკმაოდ უმნიშვნელოა, მაგრამ მათ ვერ დავეთანხმები. მე ვფიქრობ, რომ ეს გარიგება საფრანგეთმა თვითნებურად მოკავშირეებთან კონსულტაციების გარეშე გააფორმა. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთმა სხვა მოკავშირეებსაც მიმართა იგივე თხოვნით. მე მიმაჩნია, რომ მანამ ვიდრე დასავლეთსა და რუსეთს შორის და კერძოდ ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის კორექტირება არ მოხდა, მსგავსი გარიგებების გაფორმება ყოვლად დაუშვებელია. მე ეჭვი არ მეპარება რომ ამგვარი საბრძოლო სისტემა რუსეთს ძალიან გამოადგება საქართველოსთან დაპირისპირების შემთხვევაში. და მე მიმაჩნია, რომ ფრანგები ვალდებულები იყვნენ ეს გარიგება შესაბამის კონტექსტში შეესწავლათ.“

როგორც ცნობილია, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთ-საფრანგეთის მისტრალის გარიგება ორ ქვეყანას შორის განსახილველ საკითხად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ალიანსის განხილვის საგანი აღარ არის. ამასთან დაკავშირებით ბატონმა ჰანტერმა აღნიშნა:
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რამდენიმე წლის წინ ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე ნატომ განაცხადა, რომ მომავალში უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან, ცხადია, რომ რუსეთისთვის ამგვარი საბრძოლო სისტემის მიყიდვა, რომელიც რუსეთის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, ალიანსის განხილვის საგანი უნდა იყოს.“

რაც შეეხება რუსეთის დამოკიდებულებას გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესაძლო დაწესების მიმართ, ჰანტერმა აღნიშნა:
„რუსები შეერთებული შტატების ინიციატივას ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აშკარად აღიქვამენ როგორც ვაჭრობის ბრწყინვალე შესაძლებლობას. რუსებს ის რაც ირანში ხდება ნაკლებად აღელვებთ ვიდრე შეერთებულ შტატებს. იმავდროულად მათ არ გააჩნიათ ილუზიები, რომ სანქციები ირანის ქცევას შეცვლის, თუ რასაკვირველია თეირანს ნამდვილად ბირთვული შეიარაღების შეძენა სურს. მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსები სანქციებს მხარს დაუჭერენ, მაგრამ ამის სანაცვლოდ ისინი დასავლეთს გარკვეულ საფასურს მოსთხოვენ.“

ინტერვიუს ბოლოს ბატონმა ჰანტერმა ასე დაახასიათა უკრაინის დასავლეთთან ინტერგრაციის პერსპექტივა:

„მე მჯერა რომ როგორც დასავლეთის ისე უკრაინის ინტერესებში შედის ის, რომ უკრაინასა და დასავლეთის სტრუქტურებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობები განვითარდეს, განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებში ევროკავშირის ეგიდის ქვეშ. რუსებმა უნდა გაითვიცნობიერონ ის, რომ დასავლეთის ინიციატივები უკრაინის მიმართ მათ არანაირ საფრთხეს არ უქმნის. ამდენად მე ვფიქრობ რომ დროთა განმავლობაში უკრაინის ახალი პრეზიდენტი რუსეთს აგრძნობინებს, რომ უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა და ასეთად დარჩება კიდეც.“




XS
SM
MD
LG