ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგარიში სისტემური ნგრევის შესახებ


გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ვალტერ კელინი ქართულ–რუსული ომიდან 15 თვის შემდეგ ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა. რამდენიმე დღის წინ ჟენევაში, ინტერაქტიული დიალოგების ფარგლებში გამართულ სესიაზე მან საკუთარი ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მაშინვე ფართო განხილვის საგანი გახდა, პირველ რიგიში, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის მხრიდან.

ვალტერ კელინის ანგარიში ასახავს იმ მდგომარეობას, რაც ომიდან 15 თვის შემდეგაა შექმნილი ცხინვალის რეგიონში. კელინი დეტალურად მიმოიხილავს ყველა სოფელში არსებულ ვითარებას, რომელთა დათვალიერების საშუალება მას მიეცა, ასევე საუბრობს ცხინვალში არსებული მგომარეობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ომის დროს ცხინვალსა და მის შემოგარენში 680 სახლი დაინგრა და დაახლოებით 1000–მდე დაზიანდა. აქედან კი 15 თვის შემდეგ მხოლოდ 200 მათგანია აღდგენილი. კელინი აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათას ადამიანს მოუწია მეორე ზამთრის გატარება ღია ცის ქვეშ.

ანგარიშში საუბარია იმის საშესახებ, რომ ნგრევა და გადაწვა არა მხოლოდ ომის დროს ხდებოდა, არამედ, 2008 წლის შემოდგომაზეც, ომის შემდეგ, როდესაც უამრავი ქართული სოფლი, აქ იგი იყენებს სიტყვას: „სისტემურად“ დაინგრა და გადაიწვა.

ანგარიშში ასევე საუბარია დიდი ლიახვის ქართული სოფლების შესახებ, რომლებიც ვალტერ კელინმა თავად დაათვალიერა. იგი ამბობს, რომ წარმოსადგენადაც რთულია მათი აღდგენის შესაძლერბლობა. ისინი სრულად დანგრეულია და ფიზიკურად შეუძლებელიც კი იქნება ადგილობრივების აქ დაბრუნება. იგი საუბრობს, რომ ისინი გადამწვარია, ან საგანგებოდ აფეთქებული. კელინი ხაზს უსვამს ძარცვის ფაქტების არსებობას. იგი ამბობს, რომ ოსური მილიციის თანამშრომლებმა დაანგრიეს და გაძარცვეს ეს სოფლები მას შემდეგ, რაც ადგილობრივები იძულებულნი გახდნენ აქედან წასულიყვნენ. ანგარიშში ნათქვამია: „ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ეს ნგრევა უფრო ორმხრივი სიძულვილის შედეგი იყო, ვიდრე ბრძოლისო“.

კელინის მოხსენება ასახავს ახალგორში შექმნილ ვითარებასაც. აღნიშნულია, რომ იქ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეთნიკური ქართველები წარმოადგენდნენ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კელინის მოხსენებაში ასახული ომის შედეგად დაზარალებული ადამიანები მდგომარეობა რეალობასთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია.

ვალტერ კელინის მოხსენებას რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის მხრიდან მომენტალური რეაქცია მოჰყვა. მიხაილ ლებედევის განცხადებაში ნათქვამია, რომ კელინის მიერ მომზადებული ანგარიში პოლიტიზირებულია და ბევრ ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს. ლებედევი ყურადღებას ამახვილებს ანგარიშის სათაურზეც და გამოხატავს პროტესტს იმის გამო, რომ მომხსენებელი საუბრობს საქართველოში სტუმრობის შესახებ და არაა გამოყოფილი სამხრეთ ოსეთი, როგორც ცალკე, დამოუკიდებელი ქვეყანა. იგი ბატონ კელენს შეახსენებს იმ კითილი ნების შესახებ, რაც ოსურმა მხარემ გამოიჩინა, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელს შესაძლებლობა მისცა მათთან ერთად ყოფნისა და დაეხმარა ენახა სოფლები. ლებედევმა გაიხსენა ტალიავინის კომისიის დასკვნაც და განაცხადა, რომ ამ დასკვნის მიხედვით, სამხრეთ ოსეთში მომხდარ კონფლიქტზე პასუხისმგებლობა საქართველოს, კონკრეტულად კი მიხეილ სააკაშვილს აკისრია. ლებედევმა კელინის ანგარიშის ნაკლად ისიც ჩათვალა, რომ მასში არაა საუბარი იმ ზიანის შესახებ, რაც ომის შედეგად მიადგა ოსურ მხარეს.

სტრატეგიული ურთიერთობებისა და კვლევების ცენტრის ექსპერტი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ კელინის მოხსენება ასახავს ობიექტურ რეალობას.



XS
SM
MD
LG