ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში უცხოელი მუშებს ავიწროვებენ


საუკუნეების მანძილზე რუსეთი ცნობილი იყო როგორც ზედმეტად ბიუროკრატიული ქვეყანა, მაგრამ ამ ბოლო დროს ბიუროკრატიულმა ახირებულობამ უცხოელი მუშებისთვის ახალი მნიშვნლობა შეიძინა. ამის მიზეზი კი ის არის რომ მოულოდნელად რუსეთში ოთხი წლის წინ მიღებული კანონმდებლობის შესრულება დაიწყეს. მოსკოვის მიგრაციის სამსახურის ცენტრალურ ოფისთან დიდი რიგი დგას. რიგში მდგარ ხალხს სახეზე მღელვარება ეტყობა. უცხოელი მუშების უმეტესობამ კარგად იცის, რომ რუსეთში ვიზის შეძენა და კანონიერი სტატუსის შენარჩუნება საკმაოდ რთულია. მაგალითად, საჭირო ფორმები სამი ეგზემპლარით უნდა შეივსოს და თითო ფორმაზე შესაბამისი ხელმოწერაა საჭირო. ამას გარდა, ყოველგვარი გაფრთხილების ან შეტყობინების გარეშე ფორმები შეიძლება ყოველ კვირას შეიცვალოს. თუ შევსებულია ვადაგასული ფორმა, ვიზის გაცემა გამორიცხულია. რუსეთში ჩასვლიდან სამი დღის განმავლობაში ყოველი უცხოელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია მიგრაციის ცენტრალური სამსახურის ოფისში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ქვეყნიდან გასვლის ვიზას მისცემენ. იმ შემთხვევაში თუ სამუშაო ვიზის მქონე უცხოელ მუშებს იმ ქალაქის დატოვება სურთ სადაც ისინი მუშაობენ, მათ ამის შესახებ მიგრაციის ოფისს უნდა შეატყობინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ან ჯარიმა ან დაკავება ან ორივე ელით. ერთ-ერთი არსებული კანონმდებლობის ახლახან დაწყებული შესრულების გამო, ახლა უცხოელი მუშებისგან მათი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ნოტარიალურ დამოწმებას ითხოვენ იმ ქვეყნებში სადაც ეს დიპლომები გაიცა. ამგვარად დამოწმებულ დიპლომებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბეჭედიც უნდა ჰქონდეს. სხვადასხვა სახელმწიფოების მთავრობები ოფიციალურ ბეჭედს მნიშვნელოვანი დოკუმენტების ან ხელმოწერების დასამოწმებლად იყენებს. როგორც წესი ბევრი ქვეყანა ამგვარ ბეჭდებს ისეთი დოკუმენტებისთვის იყენებს როგორიც არის სამედიცინო მოწმობა ან იურიდიული დოკუმენტი, მაგრამ არა უმაღლესი განათლების დიპლომი. გერმანელი რობერტ ზელნერი მოსკოვში მდებარე საერთაშორისო სასტუმროების ქსელში სამი წლის მანძილზე მუშაობდა. მისი თქმით: „ახლა მოულოდნელად მე შეერთებულ შტატებში მიწევს ჩასვლა რადგან მე განათლება იქ მივიღე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემს დიპლომზე ბეჭედი უნდა დაისვას რათა მე ჩემი სამსახური შევინარჩუნო. ჩემი მგზავრობის ფულს ვინ გადაიხდის?“


მოსკოვის კარნეგის სახელობის ცენტრის პოლიტიკური მიმომხილველი მაშა ლიპმანი აღნიშნავს, რომ დავიწყებას მიცემული საემიგრაციო კანონმდებლობის მოულოდნელი შესრულება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ეს არის მთავრობის მიერ რუსეთში უცხოელი მუშების დარჩენის გართულება. ამასთან დაკავშირებით ლიპმანი აღნიშნავს: „ამ ახალი დაბრკოლებების შემოღება ისტორიულ და ტრადიციულ რუსულ ქსენოფობიას უკავშირდება. რუსეთში მიმავალი ან რუსეთში მოღვაწე უცხოელების მიმართ უნდობლობა საბჭოთა გამოცდილებით არის განპირობებული. ეს ხომ დახურული ქვეყანა იყო, სადაც ხალხის გადაადგილება მკაცრად იზღუდებოდა.“


XS
SM
MD
LG